ომარ ნიშნიანიძე – “ივანიშვილი თვალებით გვეუბნება, მეც გადამარჩინეთ და თქვენი თავებიცო”

ომარ ნიშნიანიძე - "ივანიშვილი თვალებით გვეუბნება, მეც გადამარჩინეთ და თქვენი თავებიცო"რატომ გაუშვეს მმართველი პარტიიდან ძველი სახეები, რა შეცდომები იქნა დაშვებული, ვინ უნდა აგოს “ოცნების” წარუმატებლობაზე პასუხი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ყოფილი დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე ესაუბრება.
– “ოცნების” ძველი გვარდიის სხვა წევრების მსგავსად, თქვენც დაბრუნდით გუნდში და იმ გუნდს ეხმარებით, რომელმაც 2 წლის წინ გვერდზე გაგწიათ. ეს ნორმალურია?
– ნორმალურია, ეს ჩვენი მოვალეობაა. ჩვენ, ძველი გვარდია, “ოცნებიდან” არ წავსულვართ. დაუფასებლობამ გული კი გვატკინა, მაგრამ ეს არის და ეს. პირადად მე განაწყენებული არ ვარ. რაზე უნდა გავნაწყენდე? გინახიათ კაცი, რომელიც შეიძლება სამშობლოზე განაწყენდეს?
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, გვერდში დავუდგეთ “ქართულ ოცნებას”, მაგრამ აქ საკითხავი ისაა, რატომ მივიდა გუნდი ამ მდგომარეობამდე. სანამ ამ კატასტროფულ სურათს მიიღებდნენ, მანამდე რატომ არაფერი იღონეს? ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.
– “ოცნებაში” რომ პრობლემები იყო, ამაზე თქვენ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, პარლამენტის ტრიბუნიდან საუბრობდით, მაგრამ მაშინ ამის გამო კინაღამ ჩაგქოლეს.
– თვითკრიტიკა არავის მოსწონს. არ მესმის, რატომ არ უნდა გინდოდეს გუნდში სიმართლის მთქმელი კაცი. პრობლემებზე იმიტომ ვსაუბრობდი, რომ გული შემტკიოდა “ოცნებაზე” და არა იმიტომ, რომ მტერი ვიყავი.
– პრობლემებზე მართალია საუბრობდით, მაგრამ გეგონათ, რომ საქმე აქამდე მივიდოდა?
– სიმართლე გითხრათ, ბოლო დროს ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ ცუდი შედეგი დადგებოდა. ვიღაცებმა ისე გააჭენეს, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. ამას შეცდომების კასკადი მოჰყვა.
ეს სპეციალურად კეთდება, როგორც ხალხი ეჭვობს თუ უნებური შეცდომებია, ეს ცალკე საუბრის საგანია. ამის გარჩევა არჩევნების შემდეგ მოხდება.
– არჩევნების შემდეგ რატომ?
– არჩევნებამდე ეს ვერ მოესწრება და არც ამის დროა ახლა, არჩევნების შემდეგ აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, ეს იყო უნებურად დაშვებული შეცდომები თუ სპეციალურად მოიქცა ვინმე ასე.
– საკითხის გარჩევამდე “ოცნების” მხარდამჭერები ქვეყნის მასშტაბით აქციებს აწყობთ. თქვენც დააანონსეთ ერთი ასეთი აქცია.
– ეს აქცია 17 ნოემბერს ქუთაისში გაიმართება. სახალხო მოძრაობა “არა მიშას” დაიწყო თბილისში და მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდა. სახალხო მოძრაობამ ქუთაისში უკვე გახსნა რამდენიმე ოფისი. ყველა თავისებურად ცდილობს, რომ ამომრჩევლებს მობილიზება გაუკეთოს.
საუბარია იმ ამომრჩეველზე, რომელიც შეიძლება განაწყენებულია ან ობიექტურად დარჩა სახლში. ძალიან დიდი რესურსია ხალხში, რომელსაც ძალიან კარგად ახსოვს, თუ რა გადაიტანა ქვეყანამ ნაციონალების მმართველობის დროს. ამ ხალხს გააჩნია მაღალი სახელმწიფოებრივი შეგნება და მათთან ერთად კიდევ ერთხელ დავაქუხებთ ქუთაისში არა მიშას, არა ძალადობას.
ჩვენ კიდევ ერთხელ დავუდგებით მმართველ გუნდს გვერდში. მე “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ. მე რომ გამინაპირებენ, იქ რაზე უნდა ვილაპარაკო. ჩემ უკან ხომ უამრავი ადამიანი დგას.
– ისე, მართლა უცნაური იყო, როცა თქვენ, თამაზ მეჭიაური, სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტის მიღმა დაგტოვეს. რატომ მოხდა ასე?
– ახლა ამაზე საუბარი არ მინდა. ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ პოლიტიკაში ის ხალხი უნდა იყოს, ვისაც სიტყვა ეთქმის და დებატები შეუძლია.
“ქართული ოცნება” უამრავ კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ ეს ხალხამდე არ მიდის. სად არის პიარი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური? მათ ძალიან მაღალი ხელფასები აქვთ, მაგრამ თავის საქმეს არ აკეთებენ. დღევანდელ პარლამენტში “ოცნების” გუნდიდან მხოლოდ 10-15 კაცი იბრძვის.
– დანარჩენები რას აკეთებენ?
– დანარჩენები რას აკეთებენ, არ ვიცი. არ შეიძლება გუნდში მხოლოდ რამდენიმე იბრძოდეს და სხვა ბალასტი იყოს. პოლიტიკა უპირველესად ხალხთან მიტანილ სიტყვას და ხალხთან მჭიდრო ურთიერთობას ნიშნავს. ამას რომ ვერ გაითვალისწინებ, მერე დაგიდგება ის შედეგი, რაც დადგა.
ახლა ისეთი შედეგი დადგა, რომ უკანდასახევი გზა არ არის. უკან არის საშინელება. ჩვენ მხოლოდ წინ უნდა გავიხედოთ. კიდევ კარგი. რომ ხალხი წამოგვყვა. მე მგონია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება.
– თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ გუნდზე ცოტათი მაინც ხართ ნაწყენი.
– ნაწყენი რა, პატარა ბავშვი ხომ არა ვარ, რომ გავიბუტო. გული იმაზე მტკივა, რომ აქამდე მივედით, არადა შეიძლებოდა, რომ ეს არ მომხდარიყო.
– რა შემთხვევაში არ დადგებოდა ეს შედეგი?
– საქმეში გამოცდილი ადამიანები თუ იქნებოდნენ ჩართული. თანამდებობას ხომ არ გთხოვ, გამომიყენე რა, შე დალოცვილო, რჩევა მაინც იკითხე. ყველაფრის მიუხედავად, მწამს, რომ კარგად დასრულდება ყველაფერი.
– პირველი ტური ვაშაძემ ქუთაისში მოიგო. მეორე ტურში შეძლებთ სურათის შეცვლას?
– რამდენიმე უბანში ჰქონდა მხოლოდ სალომეს უპირატესობა. დანარჩენი უბნები, სამწუხაროდ, სულ ვაშაძემ მოიგო. როცა ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნებს უყალბებს, ეს ნიშნავს, რომ ცოტა უნიათო ხარ.
მეორე ტურში საარჩევნო კომისიის ჩვენს წევრებს აუცილებლად შევაფხიზლებთ. იმათშიც რომ ღალატი იყო, ესეც აშკარაა.
– კომისიის წევრებმა უღალატეს “ოცნებას”?
– დიახ, კომისიებში ვიღაცებმა გვიღალატეს. ამას დაამატეთ გამოუცდელობა კიდევ. ჩაეტარებინათ ნორმალური კვლევები, განათლებული ხალხის მეტი რა არის. მაგრამ ვინც იყო, ისინი გარეთ გაყარეს, ასე არჩევნებს ვერ მოიგებ.
ახლა გვიწევს სირბილი და ტრიალი. უნდა გადავტეხოთ ნაცმოძრაობა და გადავტეხავთ კიდევაც ალბათ.
– ბიძინა ივანიშვილთან ხომ არ გქონიათ შეხვედრა?
– სამწუხაროდ არა. მქონდა მცდელობა, მაგრამ ვერ მოხერხდა.
– რატომ ვერ მოხერხდა?
– ისიც ორომტრიალშია, არ სცალია და ვერ შედგა ჩვვნი შეხვედრა, მაგრამ ადრე იქნება თუ გვიან მას აუცილებლად შევხვდები და ვეტყვი ჩემს გულისტკივილს. ვეტყვი ჩემს მოსაზრებას, თუ რამ გამოიწვია წარუმატებლობა. გაითვალისწინებს თუ არა, ეს მისი საქმეა.
მასთან შეხვედრა ჩემთან ერთად ძველი გვარდიის სხვა წევრებსაც უნდათ, ივანიშვილი გულწრფელი ადამიანია და ჩვენც ასევე გულწრფელად ვეტყვით მას სათქმელს. ამის გარდა, ის უნდა გავამხნევოთ.
– ივანიშვილს გამხნევება სჭირდება?
– რა თქმა უნდა, სჭირდება. ისიც ადამიანია. კაცი თვალებით გვეუბნება, გადაირჩინეთ თქვენი თავი და გადამარჩინეთ მეცო. ხმამაღლა ამას ვერ იტყვის.
– რატომ ვერ იტყვის?
– ხმამაღლა ყველაფრის თქმა არ შეიძლება, მას შეიძლება მეტის თქმის უფლება არცა აქვს.
– “ოცნების” წარუმატებლობის მიზეზად თქვენ რა მიგაჩნიათ?
– მიზეზი რამდენიმეა. პირველი მიზეზი არის კოაბიტაცია. ამან, ბოდიში გამოთქმაზე და პირდაპირ დედა გვიტირა და მოგვანიორწყლა. მეორე მიზეზი იყო საკადრო პოლიტიკა. მესამე მიზეზი ისაა, რომ ხალხთან ახლოს არ ვიყავით.
არის კიდევ რაღაც მიზეზები, რომელთაც აღარ ჩამოვთვლი. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვიღაცებმა შეგნებულად დაუშვეს რაღაც შეცდომები. არჩევნების წინ იმის თქმა შეიძლებოდა, პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში უნდა გადავიდესო? ისედაც თბილისშია საპარლამენტო ცხოვრება. ქუთაისში ისედაც თვეში ორჯერ, საჭმელად და თითის მისაჭერად ჩამოდიან და ესეც დაენანათ?
ჩამოდი რა, შე დალოცვილო, რა გეზარება, გეფერები, ხომ არ გცემ. ქუთაისს არა აქვს იმხელა დამსახურება, აქაც რომ იყოს პარლამენტი?! ან თუ მაინც გადაგქონდათ თბილისში, არჩევნების წინ რას ამბობდით და რატომ აღიზიანებდით ხალხს.
ნაწყენი არ ვარ “ოცნებაზე”, მაგრამ ჩვენ რომ ჩაგვწიეს, ჩვენ ნაცვლად ჩვენს ადგილზე ჩვენზე უკეთესი ხომ უნდა მიეყვანათ? არ მიიყვანეს და შედეგიც მიიღეს.
რატომ მოხდა ეს, მომავალში გაირკვევა. ახლა მთავარი ამოცანაა, უკეთური და ბნელი ძალის დაბრუნება არ მოხდეს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა