პროკურატურა ვალების ჩამოწერის საკითხს შეისწავლის

საქართველოს მთავარი პროკურატურა ე.წ. შავ სიაში შესული მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას, კერძო ხასიათის შეთანხმებას უწოდებს. თუმცა უწყება აცხადებს, რომ საკითხს შეისწავლის და დანაშაულის არსებობის შემთხვევაში, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

“ნეტგაზეთმა” მთავარ პროკურატურას მიმართა კითხვით, აპირებს თუ არა უწყება მოკვლევის დაწყებას ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის საკითხზე.

“ეს არის კერძო ხასიათის შეთანხმება, რომელიც ეხება მოსახლეობის დიდ ნაწილს, შევისწავლით და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას”, – აცხადებენ პროკურატურაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.

არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ე.წ. შავ სიაში შესული ადამიანებისთვის ვალების ჩამოწერის შესახებ ცალსახად ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებენ. როგორც სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018