რომან გოცირიძე – “ქართუს” სესხების გამოსყიდვა 20-30 მილიონი დაუჯდება – მილიარდნახევარი ლარი დიდი ბლეფია”

რომან გოცირიძე - "ქართუს" სესხების გამოსყიდვა 20-30 მილიონი დაუჯდება - მილიარდნახევარი ლარი დიდი ბლეფია"“ახალი თაობის” კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს.
– ბატონო რომან, 600 ათას ადამიანს ვალი ჩამოეწერება. არასამთავრობოების და ოპოზიციის დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა მეორე ტურის წინ. რას იტყვით თქვენ?
– ეს ყველაფერი არის დიდი სიცრუე და წინასაარჩევნოდ ადამიანებზე პროპაგანდისტული ზემოქმედება. ეს უფრო მეტად გათვლილია არა იმ ხალხზე, ვისაც აქვს ვალი.
– აბა ვისზეა?
– გათვლილია იმაზე, ვისაც არა აქვს, რათა მათ ჩათვალონ, რომ რა უდიდესი ქველმოქმედება ჩაიდინა ივანიშვილმა. სინამდვილეში, ეს სესხები ისე არის შერჩეული, რომ მათი გამოსყიდვა მინიმალური თანხა დაუჯდება და მეორეც, ეს არ არის იმ კატეგორიის სესხები, რომლებიც რაიმე ფინანსურ განტვირთვას მოუტანს საბანკო სისტემას, ან ადამიანებს ჩართავს ეკონომიკურ ბრუნვაში.
– მაშინ რა არის ეს და რისთვის კეთდება?
– ეს არის დიდი სიცრუე და დავიწყოთ ამ სიცრუეთა ჩამონათვალი.
პირველი სიცრუე, რომ ეს შეეხება 600 ათას ადამიანს. ეს არის დიდი ტყუილი, რადგან საქართველოში ფიზიკურ პირების რაოდენობა, ვისაც სესხი აქვს აღებული, დაახლოებით 470 ათასია. თანაც ეს არის ყველა სესხი. არა მხოლოდ უიმედო სესხები, რომელთა ჩამოწერასაც ახლა აპირებენ და არა მხოლოდ 2 ათას ლარამდე.
როდესაც დამთავრდება არჩევნები და ჩამოწერის პროცესი დაიწყება, პირდაპირ აეხდება ფარდა ამ სიცრუეს.
მეორე ტყუილი: თურმე ჯამში უნდა ჩამოეწეროთ მილიარდნახევარი. ეს ძალიან დიდი სისულელეა.
– რატომ არის სისულელე?
– იმიტომ, რომ საქართველოში ყველა ვადაგადაცილებული, უიმედო და ყველა სახის სესხი, ერთად აღებული, არ აღემატება 400 მილიონს. ამაში შედის არა 2 ათას ლარამდე სესხი, არამედ ყველა, რაც კი რაიმე სესხი არსებობს ჩვენს ქვეყანაში და არამარტო ფიზიკურ, არამედ იურიდიულ პირებზეც. აქ ძირითადათ უიმედო სესხთა კატეგორიაა, მაგალითად, ადამიანმა აიღო მობილურის საყიდლად 1000 ლარი, ვერ დაფარა ეს ონლაინ სესხი და შემდეგ პროცენტები დაერიცხა და ეს 1000 ლარი გაუხდა 30 ათასი ლარი. ეს არის მხოლოდ ქაღალდზე არსებული ჩანაწერები, რომელსაც ვერასდროს დაიბრუნებს და არასდროს მოთხოვს ის ორგანიზაცია, ოღონდ ძირი დაფაროს კლიენტმა და იმაზეც კმაყოფილი იქნება.
– ანუ?
– ეს თანხა მილიარდნახევარი არ არის.
მესამე დიდი ტყუილი არის ის, რომ თურმე “ქართუმ” უკვე დაარეზერვა თუ გამოყო 100 მილიონი ლარი ამ სესხების შესაძენად. ანუ თუ არის მილიარდნახევარი და ქართუმ გამოყო 100 მილიონი, ეს იმას ნიშნავს, რომ 15-ჯერ იაფად ყიდულობს ამ ვალებს ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან. ანუ თავისთავად 15-ჯერ ნაკლებად თუ ყიდულობ რაღაცას, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის უიმედო სესხი. თუმცა ესეც აბსოლუტურად ბლეფია.
– რატომ არის ბლეფი, რატომ არ გჯერათ არაფრის?
– დავინახავთ, როდესაც წლის ბოლოს სტატისტიკა გამოქვეყნდება, რომ “ქართუს” არათუ 100 მილიონი, არამედ ყველა ამ კატეგორიის სესხების შესაძენად დაეხარჯება მაქსიმუმ 20-30 მილიონი ლარი.
სესხების ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელიწადი და თუ ამ 3 წლის განმავლობაში ვერ გადაიხადე, ბანკი იქნება თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ის დაისაკუთრებს ქონებას და იწყება ქონების დასაკუთრების პროცესი. თუ ქონება არ გაქვს და არავითარი უზრუნველყოფა, მაშინ ამ კატეგორიის სესხები არის ასე ჰაერზე ჩამოკიდებული წლების განმავლობაში. მათ არ აქვთ უზრუნველყოფა და მათი დაბრუნება შეუძლებელია.
– დადებითს ვერაფერს ხედავთ ამ პროცესში?
– ერთადერთი დადებითი მხარე მას შეიძლება ჰქონდეს ის, რომ ამ კრედიტინფოსგან ამ ადამიანების დავალიანება გაიწმინდება.
– შავი სიების შესახებ რას იტყვით?
– შავი სია არის ჟარგონი. არავითარი შავი სია არ არსებობს, არსებობს კრედიტინფოში ინფორმაცია ყველა სესხებისა, მათ შორის ვადაგადაცილებული სესხებისა და თუ კლიენტი დაფარავს ამ სესხს, მაშინ მას არ ექნება შეზღუდვა კომერციული საბანკო ინსტიტუტებიდან სესხის მიღებაზე.
შავი სია არასდროს ქრება, არავინ მას არ წაშლის, ეს არის სამუდამო, რომელიც იქ რჩება და ამ ისტორიის წაღების უფლება, როგორც პერსონალური მონაცემისა, “ქართუს” არ აქვს. ერთადერთი ეს არის, რომ როდესაც მომავალში სესხის ასაღებად მიმართავს ადამიანი, ეტყვიან, რომ მას არ ერიცხება დავალიანება, მაგრამ ბანკი თუ ძალიან მოინდომებს, მას შეუძლია გამოითხოვოს ისტორია და ამ ისტორიაში ყველაფერი ჩანს. ასე რომ, ესეც ბლეფია.
– რა არის ბლეფი, შესაძლოა ამ ადამიანებს მომავალში სესხი არ მისცენ ბანკებმა?
– შენი წარსულის გამო შენ სესხს მოგცემენ თუ არა, ეს უკვე ბანკის გადასაწყვეტია. ასე რომ, ტყუილად ნუ აიმედებენ ამ ადამიანებს, რომ მათი წარსული კუდები სადღაც გაქრება. მთლიანობაში, სესხების კატეგორია ისე იყო შერჩეული და მთელი ეს პროცესი, რომ ჰქონოდა მაქსიმალური საზოგადოებრივი რეზონანსი, მინიმალური დანახარჯებით.
– ანუ “ქართუს” გაცილებით ნაკლები დაუჯდება ამ სესხების დაფარვა, ვიდრე ითქვა?
– ასეა და 20-30 მილიონი არის ის ფული, რომელსაც დღეს “ქართული ოცნება” ხარჯავს, შავი ფულის სახით, სალომე ზურაბიშვილის მეორე ტურში. ოფიციალური ინფორმაცია ჩვენ გვაქვს, სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან რამდენი შემოვიდა ფული, მაგრამ არსად არ არის აღრიცხული ის შავი ფული, რომელიც იხარჯება უკვე პარტიის კოორდინატორებზე, რომლებიც ჩაერთვნენ და დღე და ღამე მუშაობენ რაიონებში, ასევე საწვავზე და სხვა სახის ხარჯებზე, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის ფინანსებში არ აღირიცხება, მაგრამ ეს გადის პარტიული ფინანსებიდან და არ ჩანს არსად.
– და რა გამოდის?
– “ქართული ოცნება” მონაწილეობს არჩევნებში ისე, რომ ის ხარჯების აფიშირებას არ აკეთებს. ამიტომ 20 თუ 30 მილიონი არის ივანიშვილის მიერ გადახდილი ფული სარეკლამო კამპანიაში, რომ ხალხმა იძახოს, ხედავთ, 600 ათას ადამიანს ჩამოაჭრა ვალიო.
საქართველოში არ არსებობს ამდენი კრედიტორი. რაც შეეხება ამ დასახელებულ 2 ათას ლარს და ეს ბევრია თუ ცოტაა? ზოგი იტყვის, რომ ღარიბი ადამიანისთვის 2 ათასი ლარი, რომელიც ისესხა და ის ჩამოეწერება, ძალიან კარგია. ეს 2 ათასი ლარიც ატყუებს თვალს და ყურს.
– რას ნიშნავს ატყუებს?
– იმას, რომ ამ 2 ათას ლარამდე სესხში შედის 20 ლარიც, 30-ც, 100-ც და 200-ც. ამაში შედის ისეთი სესხებიც, რომლებიც ადამიანმა აიღო ონლაინ სესხის სახით და წავიდა, კაზინოში ითამაშა და წააგო.
ასევე შედის ისეთი სესხებიც, როდესაც ვიღაცას ახალი მობილურის ყიდვა მოუნდა, იყიდა და მერე მიხვდა, რომ ამ ფულს ვერ გაისტუმრებდა.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა