სიმონ ნოზაძე – “ვინც ხმა პირველ ტურში ნაციონალებს მისცა, მეორე ტურში მათ მხარს აღარ დაუჭერს”

სიმონ ნოზაძე - "ვინც ხმა პირველ ტურში ნაციონალებს მისცა, მეორე ტურში მათ მხარს აღარ დაუჭერს"ვინ წარმოადგენს რუსულ გარემოცვას საქართველოში, ვინ არის კგბ-ს ნომენკლატურა იმ კანდიდატებიდან, ვინც 2018 წლის არჩევნებში მონაწილეობს? საქართველოს პარლამენტის წევრი, უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე სიმონ ნოზაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამ საკითხებზე საუბრობს.
– ბატონო სიმონ, წინასაარჩევნო პერიოდიდან დამამახსოვრდა აუდიოჩანაწერში სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას განცხადებებზე ფეისბუქით თქვენი გამოხმაურება. რატომ განაწყენდით ალასანიაზე?
– შეუძლებელია, ქართველმა კაცმა მოისმინოს ალასანიას განცხადება და არ გაბრაზდეს. რატომ გვაგინებს ალასანია დედას? ვინმემ რამე აწყენინა? იმდენი ფული წაიღე, ზიხარ იქ მშვიდად და იქიდან დედას გვაგინებ. ამან გამანაწყენა ყველაზე მეტად, თორემ მისი პოლიტიკური მრწამსი ჩემთვის გასაგებია. იქიდან იმუქრებიან, უნდა მოვკლათო და საზოგადოების რადიკალიზაცია სურთ, ჩემთვის ესეც გასაგებია, ეს მაგათი ტაქტიკაა. გამოდიხარ და მთელს ერს დედას აგინებ, აბა, რა უნდა ვქნა, არ უნდა გავნაწყენდე?
– აუდიოჩანაწერის ნამდვილობაში ეჭვი არ შეგიტანიათ? ზოგმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს არ იყო ნამდვილი. თვითონ ალასანიამაც უარყო.
– არა, ეჭვი არ შემიტანია. ექსპრეზიდენტმა აღიარა, რომ აუდიოჩანაწერში მისი საუბარი იყო ასახული, ოღონდ სხვადასხვა ჩანაწერებიდან არის ამოღებულიო. რაკიღა ეს აღიარა, ე.ი. ვიღაცას ელაპარაკება, სავარაუდოდ, თავის ბიძას. ალასანიას ხმას მაინცდამაინც ვერ ვცნობ, მაგრამ მეორე მიშა რომ იყო, ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ.
მე პოლიტიკოსი ვარ და ჩემთვის ეს დღესავით ნათელია, ისინი იყვნენ. ეს მათი ტაქტიკა და მათი დამოკიდებულებაა ქართველი ერის მიმართ. მე ამან აღმაშფოთა, თორემ პიროვნულად მე არც ალასანიას მიმართ მაქვს რაიმე გართულება და არც თვითონ სააკაშვილის მიმართაც.
– მაშინ რა არ მოგწონთ?
– არ მომწონს ის, რომ მას სურს, უკან დააბრუნოს საზოგადოება და ჩაითრიოს დაპირისპირებასა და ვითარების რადიკალიზაციაში.
– რას მიაწერთ დღეს შექმნილ ვითარებას?
– ყველაზე მეტი ბრალი საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებულ შედეგში მიუძღვის იმას, რომ „ოცნებამ“ ირწმუნა, რომ ის მაგარია, რომ ბევრ რამეში შეუძლია აღარ მოუსმინოს ხალხს. ამ დამოკიდებულებიდან დადგა შედეგი. ამიტომ „ოცნებას“ ხალხი გაებუტა კიდევაც, გაუნაწყენდა კიდევაც – წავიდა და ჯინაზე სხვასაც მისცა ხმა.
ასე მგონია, ბევრნი დაფიქრდებიან და მეორე ტურში სხვას მისცემენ ხმას. ეტყობა, არავინ ელოდა ასეთი დიდი პროცენტის აღებას ნაცმოძრაობის მიერ. მეორე ტურში, დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ახლა უკვე სხვანაირად მოიქცევა.
– რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
– მე იმედი მომეცა, რადგან სამოქალაქო სექტორი დამოუკიდებლად აქტიურდება. რასაც სოციალურ ქსელებში ვუყურებ, რასაც ისინი წერენ იქიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მეორე ტურში სხვა რეალობა შეიქმნება.
– სოციალურ ქსელში არჩევნების მეორე დღეს პანიკა იყო და შემდეგ წერდნენ, რომ თვითონ უნდა გააქტიურდნენ.
– შეიძლება სამოქალაქო საზოგადოებამ პოლიტიკოსების გარეშე ისეთი აქციები ჩაატაროს, რომ ჭკუის სასწავლებელი გახდეს. ამ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოება შეშფოთებულია შესაძლო შედეგებით,
– ანუ?
– საზოგადოება შეშფოთებულია იმით, რომ შეიქმნა ალბათობა ნაციონალების ხელისუფლებაში მობრუნებისა. ბევრი მათგანი, ვინც ნაცმოძრაობას ხმა მისცა, სამოქალაქო მოძრაობას გვერდში დაუდგება და მათ აღარ მისცემს ხმას.
– წინასაარჩევნოდ კანდიდატებს შორის გაჩნდა ბრალდებები რუსული აგენტურის თაობაზე თუ ვინ არის რუსული აგენტურა საქართველოში. ნაცმოძრაობის შტაბიდან ისმოდა ბრალდება, რომ საფრანგეთის მოქალაქე ზურაბიშვილი იყო რუსეთის კანდიდატი.
– გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო. ეს არის ჩვეულებრივი მეთოდი, რომ დააბრალო მოწინააღმდეგეს ის, რაც შენ თვითონ ხარ. მე საფრანგეთში ვიყავი 15 სექტემბერს, ლევილში 24 წლის აჯანყების მსხვერპლთა ხსოვნის დღის აღნიშვნას დავესწარი. იქ ისეთი განწყობაა, როგორ შეიძლება იმ გარემოში გაზრდილ ადამიანს დააბრალო, რომ ის რუსეთს როდესმე მხარს დაუჭერს.
ისინი იმიტომ დაიბადნენ ლევილში, სამშობლოსგან მოშორებით, რომ რუსეთმა შეუწყვიტა დამოუკიდებელი და დემოკრატიული განვითარების პირობები, თავისუფლება წაართვა. მათ ამის თქმა აღარ სჭირდებათ.
მეორე მხრივ, გადახედეთ ნაციონალების ძირითადი კანდიდატისა და ახლანდელი ძირითადი კანდიდატის ბიოგრაფიასაც და ნახავთ, ვინ ვინ არის.
– გრიგოლ ვაშაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ განყოფილების თანამშრომელი იყო, რომელსაც ერქვა კოსმოსური შეიარაღებისა და ბირთვული პროგრამების განყოფილება.
– გრიგოლ ვაშაძე იყო კოსმოსური შეიარაღებისა და ბირთვული პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი. მანამდეც არანაკლები პოსტი ეჭირა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში. გრიგოლ ვაშაძე მანამდე საგარეო ურთიერთობების განყოფილებაში მუშაობდა. ეს იყო კომინტერნის ჩამნაცვლებელი.
საგარეო ურთიერთობები ჰქონდათ სოციალისტურ ქვეყნებთან და იმ ხალხთან კაპიტალისტურ ქვეყნებში, რომლებიც კომუნისტები იყვნენ. როგორ შეიძლება გრიგოლ ვაშაძე არ იყოს კგბ-ს ნომენკლატურა? ისე ვინ დანიშნავდა მსგავს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე?
– საზოგადოებას დოკუმენტები თუ არ დაუდე, ისე ძნელად იჯერებს.
– პირად ანკეტებს საზოგადოებას წინ ვერავინ დაუდებს. საქართველოში ახლა რომ გამოდის ინფორმაცია რიხინ-რიხინით ყველა მხრიდან, რუსული სპეცსამსახურებიდან ასე იოლად არ ჟონავს ინფორმაცია. ამიტომაა, რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელს რომ გადაიბირებენ, მათთვის კატასტროფაა.
– ამბობენ, რომ გრიგოლ ვაშაძე არის პირადად სააკაშვილისა და თემურ ალასანიას (რომელიც ასევე საბჭოთა კავშირის და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა) კანდიდატურა. თუ ალასანიას კანდიდატურაა, ე.ი. რუსეთის შემოთავაზებაა?
– სწორედ ეგ ლოგიკური დასკვნა უნდა გავაკეთოთ. ქართველები ლოგიკურ აზროვნებასთან ძალიან ახლოს ვართ. მით უმეტეს, ჩვენი საზოგადოება პოლიტიკურად ძალიან გაზრდილია. ჩემს სოფელში რომ ვიყავი ჩასული, იქ მეკითხებოდნენ მაგ თემაზე, რაც თქვენ მკითხეთ. დიდ ქალაქებში და იქ, სადაც სამეცნიერო ცენტრებია, გაცილებით იოლად ხდება ამის ანალიზი და პროგნოზირება.
რა გითხრათ? მეც მგონია, რომ რუსეთმა დაგვიწყო ოპერატიული თამაში. მეც ასეთი განცდა მაქვს. მე რუსეთთან ურთიერთობის მომხრე ვარ, მაგრამ თანასწორუფლებიანად. დეპუტატი დეპუტატს შეხვდეს, მინისტრი – მინისტრს და პრეზიდენტი პრეზიდენტს. ამის მომხრე ვარ, მაგრამ ოპერატიული ურთიერთობების მომხრე არ ვარ, რადგან იქ ცალსახად რუსეთი გვაჯობებს, რადგან ძალიან ძლიერია.
– მომავალში რას ელოდებით?
– ბევრმა, ვინც ხმა ნაცმოძრაობას მისცა, ისინი მხარს აღარ დაუჭერენ, რადგან დაინახეს, რომ დიდი პროცენტი მიიღო. ალბათ, ფიქრობდნენ, თქვენ განახებთ სეირსო. ახლა რომ დაინახეს, შეიძლება რაღაც არასასურველი შედეგი დადგეს, ბევრი გონს მოეგება.
ყველამ დაუდევრობა გამოვიჩინეთ. ჩვენი მომხრეები არჩევნებზე არ მივიდნენ. უნდა ვაღიაროთ, რომ ნაციონალები ორგანიზებული ძალაა, მერწმუნეთ, მათ შეძლეს ყველა მათი მომხრის მიყვანა საარჩევნო ყუთთან. “ოცნებამ” დაუდევრობა გამოიჩინა, მაინც მოვიგებთო. ჩემს რაიონში, სადაც მე ვიყავი და სადაც გავიარე, ძალიან სუსტი ნამუშევარია. ვიღაცები ცხოვრებამ გაათამამა, ვიღაცეები თანამდებობაზე მოსვლამ გაათამამა და ცუდი შედეგი დადგა.
ახლა ყველანი გონს მოვეგებით. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩვენი მომხრე მივა არჩევნებზე, რომ ქვეყნის განვითარების ვექტორს, მის განვითარებას საფრთხე არ შეექმნას. ახლა შექმნილი ვითარება კი “ოცნებამ” ჭკუის სასწავლებლად უნდა გამოიყენოს.
ალბათ მოსახლეობა დატოვებს შანსს, რომ გონს მოეგონ, შეცვალონ რაღაცა, თორემ 2020 წლის არჩევნები ახლანდელ არჩევნებთან მონაგონი იქნება.
– სულ გვესმის, რომ არჩევანი არის ცუდსა და უარესს შორის. ამაზე რას იტყვით?
– გასაგებია. მერაბ კოსტავა რომ გვყავდეს, მას ავირჩევდით და მალამოსავით იქნებოდა ქართული სიტუაციისთვის. პარტიამ ქალბატონ სალომესთვის მხარდაჭერა გადაწყვიტა. იცით, ამით ჩემთვის რის ასოცირება მოხდა? ქართველებმა, საქართველოს სახელმწიფომ, ემიგრაციასთან კავშირის აღდგენა გადაწყვიტა. ამიტომ გადაწყვიტეს, ემიგრაციაში მოღვაწე ქართველი, ევროპელი ჩამოეყვანათ ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობაზე.
აბსოლუტურად არ ვეთანხმები იმ იმიჯს, რაც სალომე ზურაბიშვილს შეუქმნეს. გაცილებით მაღალი დონის ქალბატონია, საქართველოს პატრიოტია. რა საბჭოთა აზროვნება, რა რუსეთთან თანამშრომლობა. დაიბადა და გაიზარდა იმ ოჯახში, რომელიც სწორედ რუსეთმა დააზარალა. იმ იდეოლოგიითაა გაზრდილი, რომელსაც ბატონი ლევან ზურაბიშვილი ატარებდა, კაცი, რომელმაც თავისი მოქალაქეობა არ დათმო და ბოლომდე ქართველ დევნილად დარჩა.
მე და ქალბატონი სალომე თანატოლები ვართ. სალომე ფრანგული დიპლომატიური სკოლის აღზრდილია. მე საბჭოთა პერიოდში გავიზარდე. ტრიბუნაზე რომ ვიდექი, სხვა რამ უნდა მეთქვა, მეგობრებში კიდევ სულ სხვა რამ უნდა მელაპარაკა. მაშინ ასეთი სიტუაცია იყო.
სალომე თავისუფალ გარემოში გაიზარდა, რასაც ფიქრობდა, ყოველთვის იმას ამბობდა. ამიტომ ნუ მოვთხოვთ, ყველა დეტალში მას ისეთი დამოკიდებულება ჰქონდეს, როგორიც აქ საბჭოთა კავშირის დროს დაბადებულ და საბჭოთა სისტემაში გაზრდილ ქართველებს გვაქვს.
გულიკო ბალაძე, ახალი თაობა