სოსო ცინცაძე – “დღეს ვაშაძეს დამარცხება უფრო აძლევს ხელს”

სოსო ცინცაძე - "დღეს ვაშაძეს დამარცხება უფრო აძლევს ხელს"პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, მეორე ტურის წინ მოვლენების ასეთ დაძაბვას ელოდით?
– რასაკვირველია. ამ დღეებში კიდევ უფრო დაიძაბება. გამსახურდია რომ მოვიდა ხელისუფლების სათავეში, კომუნისტებმა არჩევნები რომ წააგეს, მაშინაც კი არ ყოფილა ასეთი ვითარება. ეს უპრეცედენტოა. გარდა იმისა, რომ დაძაბულია, სკანდალურიცაა.
– მეორე ტურის შედეგები გადაწყვეტილია თუ კიდევ შეიძლება რამე მოხდეს?
– მე მაინც ვფიქრობ, რომ ვალების განულებით ბიძინა ივანიშვილმა შედეგებში გარკვეული კორექტივები შეიტანა. ეს უდაოდ ასეა. ცხადია, ეს ღონისძიება ხანმოკლე ეფექტზე იყო გათვლილი, წინასაარჩევნო დატვირთვა ჰქონდა და აქვს. ევროპარლამენტარებშიც კი გამოიწვია ეჭვი, ეს ხომ არ არის ამომრჩევლის მოსყიდვა?!
ეს ღონისძიება იმუშავებს, მაგრამ ხანმოკლე ეფექტი ექნება და 5-6 თვის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ამ განულებას არავითარი ეფექტი ეკონომიკური კუთხით არ ექნება. ღატაკ მოსახლეობას კარგი ცხოვრების გამო არ აუღია ეს ვალები. ამ ადამიანებს რა ალტერნატივა რჩებათ?! კი ჩამოაწერეს ვალები, მაგრამ ამით მათ ჯიბეში ფული ხომ არ გაუჩნდათ. სადილის დრო ხომ ყოველდღე მოდის.
კუთხეში მიმწყვდეულ მშიერ ადამიანზე უფრო საშიში არაფერია. რატომღაც, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სიღატაკე და შიმშილი ჭარბვალიანობის შედეგი არის, ამ დროს პირიქითაა! ჭარბვალიანობა არის სიღატაკის შედეგი. ესენი შედეგს მკურნალობენ და არა – მიზეზს. მძიმე ტკივილის დროს ტკივილგამაყუჩებელი რომ მიიღოს ადამიანმა, რომელიც მხოლოდ ერთი საათით გააყუჩებს ტკივილს, მერე ისევ დაიწყება.
მე ვშიშობ, რომ სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდება და კრიმინალი, დანაშაული კიდევ უფრო გაიზრდება.
– სოციალურ აფეთქებაზე საუბრობთ?
– აფეთქებას კიდევ სხვა ბევრი კომპონენტი სჭირდება, პირველ რიგში ქარიზმატული ლიდერი, რომელსაც ხალხი ენდობა. ასეთი ლიდერი დღეს საქართველოში არ არის. უკანასკნელი ასეთი ლიდერი იყო 2012-2015 წლებში ბიძინა ივანიშვილი.
– მიხეილ სააკაშვილი საახალწლოდ ხელისუფლების ცვლილებას აანონსებს. ეს რა გზავნილია?
– ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. ეს ხდება ცივილიზებულ ევროპაშიც. კანდიდატი, რომელსაც ნული აქვს შანსი, ამბობს, რომ გავიმარჯვებ, ამას ვიზამ და იმას ვიზამ. საფრანგეთში მარინ ლე პენის შანსი ეფემერული იყო, მაგრამ უკვე როგორც პრეზიდენტი, ისე გამოდიოდა. სააკაშვილი პოლიტიკოსია, მან კარგად იცის სიტყვის ძალა, მისი ფასი. სხვა საკითხია, მაგის სიტყვას აქვს კი ის ძალა?!
– გამორიცხავთ, რომ რევოლუციურ სცენარებს განიხილავდნენ?
– გააჩნია, რა შედეგებით დასრულდება მეორე ტური. ძალიან რთული იქნება, ვაშაძის მომხრეებმა მკაცრად კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაიწყონ პროტესტის გამოხატვა, მაგრამ მათ კარგად უნდა ესმოდეთ, ერთი ნაბიჯის გადაცდენა და ეს უკვე იქნება ხელისუფლებისთვის საჩუქარი. იმ წუთში ხელისუფლებას ხელ-ფეხი გაეხსნება.
ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ყველას ეტყვიან, რომ მათ აი, რა ჰქონდათ ჩაფიქრებული. რაც შეეხება მშვიდობიან პროტესტს, ეს ჯერ არავის აუკრძალავს დემოკარტიულ სახელმწიფოებში.
მე მაინც მგონია, რომ დღეს ვაშაძეს დამარცხება უფრო აძლევს ხელს.
– რატომ?
– იმიტომ, რომ 3-4 თვეში ვაშაძეს ის რეიტინგი, რაც დღეს აქვს, გაუნახევრდება. ეს ნებისმიერ შემთხვევაში ასეა, მით უფრო პრეზიდენტს, რომელსაც არაფრის ძალაუფლება არ აქვს და ვერაფერს გააკეთებს ხალხისთვის, რეიტინგა დაუვარდება.
პრეზიდენტს კონსტიტუციის ბორკილები ედება ხელ-ფეხზე, დამარცხებული კი იქნება როგორც უსამართლოდ დაჩაგრული. საქართველოში უსამართლოდ დაჩაგრულის მიმართ, მოგეხსენებათ, როგორია საზოგადოების განწყობა. მთელი საზოგადოება ვაშაძისკენ იქნება. თანაც, ვაშაძე სააკაშვილი არ არის. მას ეტყობა, რომ დიპლომატია.
– ბევრი საუბარია იმაზე, რომ შედეგების მანიპულირება ძალიან ძვირად დაუჯდება არა მხოლოდ ხელისუფლებას, ზოგადად ქვეყანას. ევროპელი პარლამენტარების შეფასებებზე რას იტყვით?
– მე არ მახსოვს, ასე მკაცრად კრიტიკულები ყოფილიყვნენ ევროპარლამენტარები რომელიმე არჩევნების წინ. ეს ძალიან საყურადღებოა ხელისუფლებისთვის. ეს პირდაპირ სიგნალია, რომ ბევრის უფლება არ უნდა მისცენ საკუთარ თავს.
პოლიტიკური ევროპა უკვე დამფრთხალია და ეჭვის თვალით უყურებს არჩევნებს. ეს მართლაც ბეწვის ხიდია, უკან არ უნდა დავბრუნდეთ!
ჩემთვის მაინც გამოცანად რჩება, რატომ აიტკივა აუტკივარი თავი ბიძინა ივანიშვილმა.
– კანდიდატთან დაკავშირებით საუბრობათ?
– დიახ, დიახ! რაში სჭირდებოდა. დაეყენებინა ზურაბ აბაშიძის კანდიდატურა და ისე მოიგებდა ამ არჩევნებს, რომ საერთოდ გარეთ ვერც ვერავინ გაიგებდა, რა ხდება ჩვენთან და არც ამდენის დახარჯვა არ მოუწევდა. უღირს კი ეს არჩევნები ამდენ მილიონად თუ უკვე მილიარდნახევარზეა საუბარი?!
ბევრს საუბრობენ სალომე ზურაბიშვილის ქართულ ენაზე, აქ მთავარი არის ის, რომ ის ვერ იქცა ქართველ პოლიტიკოსად.
მე მყავდა მეგობარი ლევან ხაინდრავა (ივლიანე და გოგა ხაინდრავების მამა), ბრწყინვალე მწერალი, მწერალთა კავშირის წევრი, ერთი სიტყვა არ იცოდა ქართული, ჩინეთში წასული ემიგრანტების შვილი იყო, ჩინეთიდან ჩამოვიდნენ, მაგრამ ქართველი იყო სულით ხორცამდე. ისტორიას ახსოვს მაგალითები, თუნდაც ნაპოლეონი, რომელმაც ფრანგული კარგად არ იცოდა, მაგრამ ფრანგები აღმერთებდნენ, რადგან ის პოლიტიკურად ფრანგი გახდა და საფრანგეთისთვის სისხლს ღვრიდა.
სალომე ზურაბიშვილს ხელში კოზირი ჰქონდა. მას საქართველოში ხალხი არც კარგად იცნობდა და არც ცუდად. შანსი ჰქონდა, საუკეთესო თვისებებით და მხარით გაეცნო საკუთარი თავი მთელი ქვეყნისთვის. მეტი მეგობარი შეეძინა, მაგრამ მან პირიქით მოახერხა, მეტი მტერი შეიძინა. სწორედ ამაშია მისი პრობლემა. როგორ უნდა იყოს ის გამაერთიანებელი პრეზიდენტი, მე არ ვიცი.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა