თამაზ მეჭიაური – “ოცნების” მძიმე მდგომარეობა ბიძინას ბრალიც არის”

თამაზ მეჭიაური - "ოცნების" მძიმე მდგომარეობა ბიძინას ბრალიც არის"საპრეზიდენტო არჩევნებში გამწარებული “ქართული ოცნების” სცენაზე ის მეოცნებეები დაბრუნდნენ, რომლებიც პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გვერდზე გასწია. მათი ჩაჩოჩების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ისინი განსაკუთრებულ აგრესიას ამჟავნებდნენ ნაციონალების მიმართ.
ამ მიზეზით იქნა ჩაჩოჩებული “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი თამაზ მეჭიაური. პრადვინუტი ქოცების გამოისობით, ივანიშვილის კურსელმა “ოცნება” დატოვა.
ის ამის გამო ძალიან გაბრაზებულია, მაგრამ მზადაა, ბიძინა ივანიშვილს დაუდგეს გვერდით, რომელმაც ცოტა ხნის წინ ძველ გვარდიას დაბრუნებისკენ მოუწოდა.
აიძულებს თუ არა თიანელებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას, როგორ აპირებს “ოცნებასთან” თანამშრომლობას, შეურიგდება თუ არა ზაქარია ქუცნაშვილს? – ამის შესახებ თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური “ახალ თაობას” ესაუბრება.
– ბიძინა ივანიშვილმა ძველ გვარდიას მხარდაჭერისკენ მოგიწოდათ. აპირებთ თანაკურსელის და ყოფილი თანაპარტიელის მხარდაჭერას?
– მე ბიძინა ივანიშვილის მოწოდებამდეც დავუჭირე “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატს მხარი პირველ ტურში. შემეძლო, უფრო აქტიურადაც მემუშავა ამ კანდიდატზე. და რაკი ახლა ბიძინამ მოგვიწოდა მხარდაჭერისკენ, მეორე ტურისთვის უფრო აქტიურად ჩავერთვები.
– აქტიურად ჩართვაში რას გულისხმობთ?
– შვებულებას ავიღებ და ჩვენს რეგიონში ვიმუშავებ. ვთხოვ მოსახლეობას, მხარი დაუჭირონ “ოცნების” კანდიდატს. უავტორიტეტო კაცი არ ვარ და რაღაც შედეგს მოვიტან.
– დეპუტატი ემზარ კვიციანი ამტკიცებს, რომ ძალიან მაღალი ავტორიტეტი გაქვთ. მისი თქმით, ივანიშვილს თქვენი კანდიდატურა რომ წამოეყენებინა საპრეზიდენტო არჩევნებში, “ოცნება” პირველივე ტურში გაიმარჯვებდა.
– ემზარი ჩემი ძმაკაცია და, ეტყობა, ჩემზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს. რაღაცაში მართალია ჩემი ძმობილი, ზოგიერთებზე მეტ ხმას ნამდვილად მოვაგროვებდი.
– თქვენ მზად ხართ, დაეხმაროთ “ოცნებას”, მაგრამ, ჟარგონზე რომ ვთქვათ, არ გაგიტყდათ, მხოლოდ მას შემდეგ რომ დაგიძახეს, როცა გაუჭირდათ?
– აქ გასატეხი არაფერი არ არის. ადამიანს გაჭირვებაში უნდა დაუდგე გვერდზე. მეც მზად ვარ დასახმარებლად.
– 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თქვენ დიდი ომი გქონდათ “ოცნების” კანდიდატთან. ბევრი ცუდი რამ მოხდა იმ დღეებში თქვენ გარშემო, ეს დაივიწყეთ?
– გეთანხმებით, ბევრი ცუდი რამე მოხდა არჩევნების დღეს. ყველაზე ცუდი იყო ის, რომ სპეცდანიშნულების რაზმი შემოიყვანეს. ეს, რა თქმა უნდა, ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივა იყო.
– მარტო ქუცნაშვილი სპეცრაზმის შეყვანის საკითხხ ვერ გადაწყვეტდა.
– ინიციატივა ნამდვილად მისი იყო. სპეცრაზმის შემოყვანის საკითხი მაღლა გადაწყდა.
– რამდენად მაღლა?
– მთლად მაღლა არა, სადმე ქუცნაშვილთან ახლოს.
– გამორიცხავთ, რომ ამაში ივანიშვილიც იყო გარეული?
– გამოვრიცხავ, ივანიშვილი ამაში არ ჩაერეოდა. მე უფრო პირიქით მგონია.
– რა გგონიათ პირიქით?
– როდესაც მან დაინახა, რომ ჩემ წინააღმდეგ უსამართლო ბრძოლა გაჩაღდა, მან “ოცნებას” სამართლიანობის დაცვისკენ მოუწოდა.
– ამის შესახებ ვინმე გითხრათ რამე?
– არა, მაგრამ მგონია, რომ ეს ასე იქნებოდა. არჩევნების შემდეგ ჩემი საქმე 5 სხვადასხვა ინსტანციაში გაირჩა და ყველამ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.
დღეს ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ეს რაღაცნაირად ბიძინას ბრალიც არის.
– რატომ არის მისი ბრალი?
– თვითიზოლაციაში მოიქცევს ხოლმე თავს და ამით მერე ვიღაცები ცუდად სარგებლობენ.
შექმნილ მძიმე სურათზე მთელი პასუხისმგებლობა კი მის გარემოცვას ეკისრება. ბედის ირონიით, მის გვერდზე საეჭვო ხალხი მოხდა, ეს ყველას არ ეხება. ამ საეჭვო ადამიანებმა ბიძინას ნდობით ბოროტად ისარგებლეს.
არჩევნების მოგებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში ის გაემიჯნა ხელისუფლებას და ქვეყნის მართვა სხვებს გადააბარა. მას პარტიაშიც კი აღარ ჰქონდა არანაირი თანამდებობა.
ამის შემდეგ “ოცნებაში” ბევრი რამე შეიცვალა. მასთან შეხვედრა ფაქტიურად შეუძლებელი იყო. ივანიშვილთან წვდომა ძალიან ვიწრო წრეს ჰქონდა მხოლოდ. გამომდინარე აქედან მისი ინფორმირებულობა ამ ვიწრო წრის კეთილსინდისიერებაზე იყო დამოკიდებული. ეს ადამიანები, სამწუხაროდ, ბოლომდე კეთილსინდისიერები არ აღმოჩნდნენ.
– ვიწრო წრე ივანიშვილს არასწორ ინფორმაციებს აწვდიდა?
– პირველ ტურამდე მას ორი გამოსვლა ჰქონდა. იქ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ის არასწორად იყო ინფორმირებული.
– რაში გამოიხატა მისი არასწორად ინფორმირებულობა?
– ზოგ საკითხებთან მიმართებაში ზედმეტად თავდაჯერებული იყო. ზოგ საკითხთან მიმართებაში არაპოპულარული ხედვა ჰქონდა.
28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მეორე უკიდურესობაში გადავვარდით. მან ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად გაიაზრა. მას შეცდომების აღიარების ვაჟკაცობაც ეყო.
– ეს გულწრფელი აღიარება იყო თუ მეორე ტურისთვის სჭირდებოდა?
– დარწმუნებული ვარ, რომ გულწრფელი იყო. მან ფაქტიურად მთელ საქართველოს ბოდიში მოუხადა. მან ძველ გვარდიასაც მოგვიწოდა დაბრუნებისკენ. ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც მერკანტილური რაღაცებისგან შორს არის.
ჩვენ რომ ყოველგვარი ცუდისგან შორს ვართ, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ძალიან იოლად ჩამოგვიშორა იმ ხალხმა, ვინც მერკანტილური ინტერესებით მოხვდა მის გარემოცვაში.
– ისე, რატომ ჩამოგიშორეს? თქვენ, ომარ ნიშნიანიძე და სოსო ჯაჭვლიანი ხალხს უყვარდით, უყვარდით იმიტომ, რომ სულ ნაციონალებს უპირისპირებოდით.
– ნაციონალების გარდა, ჩვენ რესპუბლიკელებთანაც გვქონდა უთანხმოება. პირადად მე რესპუბლიკელების მსოფლმხედველობა არ მომწონდა.
ჩამოგვიშორეს და ჩამოგვიშორეს, რა ვუყოთ. გამოჩნდა, თუ ვინ იყო მართალი. ახლა ჩვენ გუნდმა დაგვიძახა. პირველი ტურის მერე მე ისედაც ვაპირებდი “ოცნებისთვის” მხარის დაჭერას.
– ივანიშვილს მოწოდება რომ არ გაეკეთებინა, მაინც?
– რა თქმა უნდა. ხომ გითხარით, პირველ ტურშიც სალომე ზურაბიშვილს მივეცი ხმა.
– “ოცნებაში” თქვენი ნათესავი და ამავე დროს დაუძინებელი მტერი ზაქარია ქუცნაშვილია. ბიძინას დაძახილის შემდეგ, თქვენი და ზაქარიას შერიგებაც ხომ არ მოხდება?
– ვინ არის “ოცნებაში”, ზაქარია ქუცნაშვილი? რანაირად არის “ოცნებაში”. მან საჯაროდ და ღიად განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას არ უჭერს მხარს.
– როდის და სად თქვა ასეთი რამე?
– ასეთი განცხადება პირველი ტურის წინ გააკეთა. ასე რომ, მას მეოცნებედ არ მივიჩნევ.
– არჩევნების შემდეგ გაკეთებული განცხადებებით, თითქოს ზურაბიშვილს უჭერს მხარს.
– შეიძლება ისევ შეიცვალა აზრი. პირველი ტურის წინ ღიად ამბობდა, რომ სალომეს მხარს არ დაუჭერდა. ასე რომ, ქალბატონმა სალომემ გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა მას თავის გუნდში.
– აშკარაა, რომ ქუცნაშვილს “ოცნების” წევრად არ თვლით და არც მასთან შერიგებას უნდა აპირებდეთ.
– მაგასთან ან გასაბუტი რა მაქვს, ან შესარიგებელი – სხვადასხვა განზომილებებში ვართ.
– ბევრი ძველი გვარდიის დაბრუნებას სკეპტიკურად უყურებს. თქვენი აზრით, ძველების დაბრუნების შემდეგ “ოცნებაში” რა შეიცვლება?
– ბევრი რამე. მგონია, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ჩვენ, ძველ გვარდიას, გვჯერა, რომ ივანიშვილი თავის დაპირებას ერთ წელიწადში შეასრულებს. თუ ეს დაპირება არ შესრულდა, ჩვენ ღიად ჩავერთვებით საპარლამენტო არჩევნებში,  ახლა კი ანგარიშსწორების დრო არ არის.
ერთის მხრივ შეიძლება კარგიც კი არის, მეორე ტურიც რომ ჩატარდება. ამან პარტია გამოაფხიზლა. ბიძინამ თვითკრიტიკულად შეხედა სიტუაციას და პირადად დაინტერესდა, რა ხდება მის ირგვლივ.
სალომე ზურაბიშვილს პირველივე ტურში რომ მოეგო არჩევნები, მაშინ ბიძინას შეიძლება არც კი გამოეჩინა ინტერესი, რა ხდებოდა მის პარტიაში. ახლა ის უფრო ფხიზლად იქნება. უფრო ფხიზლად იქნება თავად ხელისუფლებაც.
ეს სიფხიზლე შეიძლება ვიღაცებს ძვირად დაუჯდეს, მაგრამ ვისაც ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთება უნდოდა, მისთვის უკეთესი იქნება.
– ძველი გვარდია სულ დაბრუნდით “ოცნებაში” თუ დროებით, არჩევნებამდე?
– სხვებისა რა მოგახსენოთ, არჩევნების მერე მე ჩემს გზას ვიპოვი. ჩემი პარტია მაქვს და ამ მიმართულებით ვიმუშავებ. მინდა იცოდეთ, რომ არც “ოცნებაში” არ ვბრუნდები. ჩემი ნაბიჯი არის გვერდში დგომა. დღეს ქვეყანა სერიოზული არჩევანის წინაშე დგას. მიმაჩნია, რომ ხალხმა “ოცნებას” უნდა დაუჭიროს მხარი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათ წარმატებას მიაღწიონ.
“ოცნების” გამარჯვება ჩემთვის არ მინდა. სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება იქნება.
დანარჩენი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწორად იმუშავებს ხელისუფლება. მალევე ვნახავთ, არჩევნების მოგების შემთხვევაში თვითკმაყოფილებას მიეცემიან თუ რეალურ დასკვნებს გამოიტანენ.
ბიძინას დიდ პატივს ვცემ, ჩვენ თანამებრძოლები ვიყავით. კურსელობაც ბევრ რამეს ნიშნავს ჩემთვის, მაგრამ მთავარი მაინც სახელმწიფო ინტერესებია. ამ ინტერესებიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა გაიმარჯვოს.
– თქვენ ხართ თიანეთის მერი და ამბობთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა გაიმარჯვოს. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ამ კანდიდატის სასარგებლოდ ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებთ?
– არავითარ შემთხვევაში, ეს გამორიცხულია. ჩემს ცხოვრებაში მსგავსი არაფერი მიკადრია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ წინააღმდეგ სულ ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.
თიანეთის მერია არის ძალიან ჭრელი. აქ არიან “ოცნება”, ბურჯანაძის პარტია, ნაციონალები, პატრიოტთა ალიანსი. მე არავის არაფერს არ ვაიძულებ. პირველ ტურშიც ღიად ვუჭერდი მხარს სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ არავისთვის მომითხოვია, ასე და ასე მოიქეცით-თქო.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა