ვახტანგ ხმალაძე: „პრეზიდენტი პარლამენტს ვერ დაითხოვს” – რა უფლებამოსილებები ექნება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს

ვახტანგ ხმალაძე: „პრეზიდენტი პარლამენტს ვერ დაითხოვს" - რა უფლებამოსილებები ექნება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტსრა უფლებები ექნება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს და რა შეიძლება გააკეთოს პოტენციურმა პრეზიდენტმა ? – ამ თემაზე „ახალი თაობა“ კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა.

_ ბატონო ვახტანგ, მეხუთე პრეზიდენტი იქნება ნომინალური ფიგურა თუ პირველი პირი იერარქიაში?

_ კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ამიტომ ეს ნიშნავს იმას, რომ ის არის სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირი. იერარქიულად ის არის სახელმწიფოს მეთაური. ოღონდ უფლებამოსილებების მხრივ და რეალური ძალაუფლების მხრივ, ყველგან უფლებამოსილებები არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში.

_ თუმცა, პრეზიდენტს რჩება გარკვეული უფლებამოსილებები.

_ დიახ. პრეზიდენტს არ აქვს აღმასრულებელი ხელისუფლება, მაგრამ აქვს მთელი რიგი უფლებამოსილებები. რიგი გადაწყვეტილებების მიღება პრეზიდენტის თანამონაწილეობის ან მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებების გარეშე შეუძლებელია.

მაგალითისთვის, პრეზიდენტს აქვს სრული დისკრეციული უფლებასილება, ანუ ერთპიროვნულად წყვეტს, მაგალითად, შეწყალების საკითხებს.

_ ვაშაძეს აქვს ნათქვამი, რომ შეიწყალებს სააკაშვილს, მერაბიშვილს, ახალაიებს. თუ არსებობს გარკვეული შეზღუდვები და რა შემთხვევაში?

_ ის, რაც ვაშაძის მიერ არის გაცხადებული, თავისთავად არასწორია. რადგან, შეწყალება არის აქტი, რომელიც ხორციელდება სახელმწიფოს სახელით. შეწყალება არ უნდა იყოს სუბიექტურ გარემოებებზე დამოკიდებული.

გარკვეული ტიპის დანაშაულის შემთხვევაში პირზე ვერ გავრცელდება შეწყალება. ბევრგან არის ასეთი ნორმა, რომელიც ამბობს, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის პირი არ შეიძლება იყოს შეწყალებული. არის სხვა მითითებებიც.

_ ამავე დროს, პირი უნდა იყოს მსჯავრდებული. ანუ ახლა, როცა პროკურატურამ დაიწყო პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაზე ძიება, სააკაშვილის რაღაცა ბრალეულობა რომ გამოკვეთონ, მას ვეღარ შეიწყალებს პრეზიდენტი?

_ შეწყალება შეიძლება მხოლოდ იმ პირის, ვის მიმართაც არსებობს სასამართლოს განაჩენი.

_ რა შემთხვევაში შეუძლია პრეზიდენტს, დაითხოვოს პარლამენტი?

_ მხოლოდ ერთ შემთხვევაში და ამ დროს არა მხოლოდ შეუძლია, არამედ ის ვალდებული იქნება, ეს გააკეთოს. ეს არის შემთხვევა, როდესაც მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში თუ პარლამენტმა არ გამოუცხადა ნდობა მთავრობის ახალ შემადგენლობას, მაშინ პრეზიდენტი ვალდებულია, დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები და დაითხოვოს ამ მოწვევის პარლამენტი.

_ ანუ ხელოვნურად ვერ შექმნის პრეზიდენტი კრიზისს?

პრეზიდენტი ვერ შექმნის. ხელოვნურად ასეთი ვითარება შეიძლება შექმნას თავად პარლამენტმა. ასეთი რამე ახლა მოხდა ჩვენს მეზობელ სომხეთში, როდესაც პრემიერ-მინისტრი გადადგა, რათა რიგგარეშე არჩევნები დაენიშნათ.

ანუ თუ გვინდა, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები გაიმართოს, პრემიერი უნდა გადადგეს, შემდეგ პარლამენტის შემადგენლობის ნახევარზე მეტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას შეგნებულად არ უნდა გამოუცხადოს ნდობა და ამას შედეგად მოჰყვება ის, რომ პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს. დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, რომელიც 2 თვეში უნდა გაიმართოს და მივიღებთ ახალ პარლამენტს და ის შექმნის მთავრობას.

იქამდე კი მოქმედი მთავრობა მოვალეობის შემსრულებელი იქნება და მოვალეობას ახალი პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის შექმნამდე გააგრძელებს.

_ პრეზიდენტი რჩება მთავარსარდლად, თუმცა აღარ ეყოლება უშიშროების საბჭო. 1 ნოემბერს გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა ხელისუფლებას, უშიშროების საბჭოს შემცვლელი ორგანო სასწრაფოდ შეიქმნას ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

_ დღეს მოქმედი უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებაში შედის მხოლოდ თავდაცვის საკითხებზე მუშაობა. სხვა საკითხების განხილვა, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხების, თუ ისინი ქვეყნის თავდაცვის საკითხებს არ ეხება, არ შედის უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებაში.

როგორც კი პრეზიდენტი ფიცს დადებს, უკვე მზად უნდა იყოს კანონი, რომლის შესაბამისადაც შეიქმნება ისეთი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ამ საკითხებზე იმსჯელებს. ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფა არის პარლამენტისა და მთავრობის საქმე. პარლამენტმა საკანონმდებლო დონეზე უნდა მოამზადოს ის ბაზა, რომელსაც მთავრობა დაეყრდნობა და რომლის შესაბამისადაც განხორციელდება თავდაცვის საკითხების ორგანიზებულად გადაწყვეტა.

_ პრეზიდენტის როლი რა არის ამ ვითარებაში?

_ პრეზიდენტის როლი უმაღლესი მთავარსარდლის როლია. საპარლამენტო რესპუბლიკებში რეალურად ის არსად არ ახორციელებს სამხედრო ძალების უშუალო მართვას. უშუალო მართვა ხორციელდება ხოლმე ან მთავრობის მეთაურის მიერ, ან ამ მიზნით საგანგებოდ დანიშნული მთავარსარდლის მიერ.

_ საომარი მოქმედებების დროს რა ხდება?

_ საომარი მდგომარეობა ცხადდება ქვეყანაზე უშუალო თავდასხმის, ან თავდასხმის მაღალი ალბათობის მოსალოდნელობის შემთხვევაში. საომარი მდგომარეობის გამოცხადება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა. მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია ამის გამოცხადება, მაგრამ ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ მის ნებაზე. ეს წინადადება პრეზიდენტს მთავრობამ უნდა წარუდგინოს.

ეს ლოგიკურიცაა, რადგან სრულ ინფორმაციას, თუ რა ხდება ქვეყნის საზღვრებთან ან ქვეყანაში, მხოლოდ მთავრობა ფლობს. ის უნდა აანალიზებდეს მოსალოდნელ საფრთხეებს და ამაზე დაყრდნობით პრეზიდენტს უნდა შესთავაზოს საომარი მდგომარეობის გამოცხადება. თუმცა, წინადადება ცხადია პრეზიდენტმა უნდა გაანალიზოს და თუ მიიჩნევს რომ საკმარისი არგუმენტებია, მაშინ უნდა გამოაცხადოს. თუ არგუმენტებს საკმარისად არ ჩათვლის, ის უარს იტყვის ამაზე.

როგორც კი პრეზიდენტი გამოაცხადებს საომარ მდგომარეობას, ეს გადაწყვეტილება შედის ძალაში და მაშინვე ამოქმედდება. ოღონდ გადაწყვეტილება უნდა წარედგინოს პარლამენტს და თუ პარლამენტმა არ დაამტკიცა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მაშინ საომარი მდგომარეობა გაუქმებულად ჩაითვლება. ანუ 3 სუბიექტის გადაწყვეტილებით ხდება საომარი მდგომარეობის გამოცხადება და თუ ერთ-ერთი მაინც უარს იტყვის ამაზე, საომარი მდგომარეობა ვერ გამოცხადდება, ან გამოცხადებული საომარი მდგომარეობა გაუქმდება.

ეს იმიტომაც, რომ ამ დროს ხდება ადამიანის უფლებების შეზღუდვები. პრეზიდენტს შეუძლია დეკრეტების გამოცემით შეზღუდოს ამ დროს ადამიანის მთელი რიგი უფლებები. ეს შეიცავს რისკს, რომ ხელისუფლებამ ბოროტად არ გამოიყენოს მისი ეს უფლებამოსილება. ამიტომ არის მოწყობილი ასე, რომ საომარი მდგომარეობის გამოცხადება რთულია.

ასეთივე მდგომარეობაა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, რომელიც ცხადდება არა ქვეყანაზე თავდასხმისას, არამედ გლობალური კატასტროფების დროს. რამე ეპიდემია თუ არის ქვეყანაში, ეკოლოგიური კატასტროფა და ა. აშ.

_ პრეზიდენტს რჩება უფლებამოსილება, იყოს უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებშიც.

_ პრეზიდენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში, მაგრამ მას არ აქვს დამოუკიდებლად მოქმედების უფლება. მისი ყველა გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების ჩარჩო, რა ფარგლებშიც უნდა იმოქმედოს, მთავრობასთან უნდა იყოს შეთანხმებული.

_ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს გაცხადებული ოფიციალურად, რას გააკეთებს ამ მიმართულებით, თუმცა გაკეთდა ზურაბ აბაშიძის მხრიდან განცხადება რუსეთთან მოლაპარაკებაზე, იქამდე კი რუსულმა მხარემაც გააკეთა განცხადება. ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამისთვის ემზადებიან და ამის გამოც ხომ არ შეარჩიეს ზურაბიშვილი, როგორც გამოცდილი დიპლომატი?

_ მარჩიელობას ვერ დავიწყებ, მაგრამ მსგავსი რამ გამორიცხული არ არის. თავად მოლაპარაკების დაწყება კი არ არის სახიფათო, ხიფათი შეიძლება იყოს იმაში, რა წინაპირობით მიდიან მოლაპარაკებაზე. სად არის გავლებული ის წითელი ხაზები, რომლებიც მოლაპარაკების პროცესში საქართველოს მხარემ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაკვეთოს. აქ არის რისკი.

_ რისკი სალომე ზურაბიშვილის იმ ცნობილი განცხადებებიდანაც ხომ არ იზრდება, რაც მან აგვისტოს ომის დაწყების ეპიზოდზე გააკეთა?

_ განცხადებები სხვა ტიპის რისკია. ეს იმ ტიპის რისკია, რომ ის შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა თავისი პოზიციების გასამაგრებლად საერთაშორისო ამა თუ იმ   ფორუმზე თუ სასამართლოზე.

გაცილებით უფრო მაღალი რისკი არის ხელისუფლების უფლებამოსილებებში. ხელისუფლება მიდის ვიღაცასთან მოსალაპარაკებლად. თუ გვინდა. რომ შედეგის მომტანი იყოს, იქ ყოველთვის განისაზღვრება რაღაცა ჩარჩო _ რას მოვითხოვთ ჩვენ და რას მოითხოვს მეორე მხარე.

ასევე წინასწარ განსაზღვრა იმისა, სადამდე შეიძლება დათმობაზე წასვლა. ანუ, რა შეიძლება დაითმოს და რისი დათმობა არ შეიძლება.

მთავრობა განსაზღვრავს ფარგლებს. თუ პრეზიდენტმა აწარმოა მოლაპარაკება. პრეზიდენტმა უნდა დაიცვას ეს ფარგლები. წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტი აღმოჩნდება კონსტიტუციის დამრღვევი. კონსტიტუცია ამბობს, რომ საერთაშორისო მოლაპარაკებას თუ საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერას პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს.

ასე რომ, რისკი არის არა პრეზიდენტის შეხედულებებში, არამედ მთავრობის და პარლამენტის ქმედებში. პარლამენტის იმიტომ, რომ პარლამენტის მიერ არის შექმნილი მთავრობა. პრეზიდენტის გამონათქვამების რისკი სხვა ტიპის რისკია და არა _ ქვეყნის პოლიტიკისა.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა