ბასა ფოცხიშვილი – “ერეკლე მეფემ გადაარჩინა საქართველო, მისი დამსახურებაა, დღეს ქართულად რომ ვლაპარაკობთ და სარწმუნოება შევინარჩუნეთ”

ბასა ფოცხიშვილი - "ერეკლე მეფემ გადაარჩინა საქართველო, მისი დამსახურებაა, დღეს ქართულად რომ ვლაპარაკობთ და სარწმუნოება შევინარჩუნეთ"არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ღონისძიების რეჟისორის, ბასა ფოცხიშვილის განცხადებით, საქართველოს ჰიმნს სამების მგალობელთა გუნდი შეასრულებს. მისივე თქმით, ასევე შესრულდება მრავალჟამიერი, რომელსაც ერთობლივად ანსამბლები – “ქართული ხმები”, “რუსთავი”, “ერისიონი” და “შვიდკაცა” შეასრულებენ.

„დღეს გამთენიისას დასრულდა სამუშაოები. ყველაფერი წესრიგშია. საქართველოს ჰიმნს შეასრულებს სამების გუნდი, ხოლო მრავალჟამიერს ერთობლივად “ქართული ხმები”, “რუსთავი”, “ერისიონი” და “შვიდკაცა”. ჩემთვის ბედნიერებაა მათთან მუშაობა. იმედი მაქვს, რომ ხარვეზების გარეშე ჩაივლის. ყველა ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და ვლოცულობთ, რომ კარგად ჩატარდეს. ინაუგურაცია არიქნება პომპეზური, რადგან არ ახასიათებს ქართულ კულტურას. იქნება ზომიერი და თავშეკავებული”,- განაცხადა ფოცხიშვილმა.

მანვე ერეკლე მეფის როლზეც ისაუბრა. მისი თქმით, იგი რთული არჩევანის წინაშე იდგა და გადაარჩინა საქართველო.

„ყველაზე რთული იყო ინაუგურაციის მომზადებისას, მოვრგებოდით ამ ადგილს. აქ ყოველი ზედმეტობა არის მიუღებელი. დიდებული არქიტექტურაა, საოცარი ლანდშაფტია და საოცარია კავკასიონი. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ჯგუფის თითოეული წევრი ღონისძიებას, რადგან ტარდება დიდი ერეკლე მეფის სასახლეში. მრავალი წლის შემდეგ აქ უკვე დამოუკიდებელი პრეზიდენტის ინაუგურაციაა. ერეკლე მეფემ გადაარჩინა საქართველო. ის რომ დღეს ჩვენ ქართულად ვლაპარაკობთ, სარწმუნოება გვაქვს შენარჩუნებული, ევროპული აზროვნება გვაქვს, ეს მისი დამსახურებაა”,- განაცხადა ფოცხიშვილმა.

ინტერპრესნიუსი