“დღეს ჩემი ესმა ერთი წლის გახდა, ძლიერი გოგო ჩანს…“ – ზურაბ შევარდნაძე შვილის ფოტოს აქვეყნებს და საოცარ ისტორიას ყვება

"დღეს ჩემი ესმა ერთი წლის გახდა, ძლიერი გოგო ჩანს...“ - ზურაბ შევარდნაძე შვილის ფოტოს აქვეყნებს და საოცარ ისტორიას ყვებაცნობილი მებაღე, ბოტანიკოსი ზურაბ შევარდნაძე ბებიაზე ემოციურ პოსტს წერს და ორი ესმას, ბებიის და შვილის ფოტოებს აქვეყნებს:

„ესმა ბებია ასკანელი თალაკვაძის ქალი იყო, ლადიმე ბაბუასთან ერთად წულაძეების ოჯახში, ბახვში 80 წელი იცხოვრა. ერთი ქალი, ქეთო და 4 ვაჟი, შალვა, შოთა, შაქრო და გაბილა გაზარდა. შაქრო და გაბილა ტყუპები იყვნენ. ახოვანი და კარგი შესახედები, ლაღები ყოფილან, მხიარულები და უსაშველოდ შრომისმოყვარე, დიდი ოჯახი ჰქონდათ. მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან ძალიან მალე ისე, როგორც თითქმის ყველა ოჯახში მოსულა წერილი, ორ უფროს ვაჟს, შალვას და შოთას ომში იწვევდნენ. მშვიდად შეხვედრია ბებია ამ ამბავს.

ვახშამზე, შუაცეცხლთან ტყუპ ძმებს უთქვამთ, როგორ დავრჩებით შინ, როცა ჩვენი ორი ძმა ომში წავა, ჩვენც წავალთ და მათთან ერთად ვიომებთო. არ შეეწინააღმდეგა შვილებს მამა და ყვებიან, რომ ესმა ბებიამ მოუწონაო კიდეც გადაწყვეტილება ბიჭებს. ოზურგეთის რკინიგზის სადგურიდან გააცილეს ბახვიდან ბევრი ახალგაზრდა და ესმამ და ლადიმემ 4 ვაჟიშვილი ერთად ომში. ესმას კურცხალი არ გვინახავსო, ამასაც ყვებიან, იდგა გამეხებული და გულში ლოცულობდაო, თავისთვის…

სადგურიდან სოფელში ფეხით დაბრუნებულა ლამის მთელი სოფელი. დუაბზუში ესმა თანასოფლელებს გამოეყო და ასე ისურვა, ბჟუჯის რიყეს გაუყვა თურმე მარტო. რიყეზუ უპოვია ნახვრეტიანი კარგად მოზრდილი ქვა, ცახოცისთვის ნაპირი ჩამოუხევია და გულზე დაუკიდებია.

ზუსტად ეს ამბავი არავინ იცოდა, ქვას საგულდაგულოდ მალავდა თავსაფრებისა და ხილაბანდების ქვეშ. ის კი ყველამ იცოდა, რომ სახლში დაბრუნებულს ლეიბი დაბლა ჩამოუგდია და ექვს წელიწადზე მეტი კაბაგაუხდელს ძელის ტახტზე ფარდაგზე ეძინა.

ომში წასული ბიჭების უმრავლესობა ქერჩში დაიხოცა, არ დარჩა ბახვში ოჯახი, ვინც არ გლოვობდა, დაობლდნენ შვილები, დაქვრივდნენ ქალები, კვირაში ორჯერ, სამჯერ შეიცხადებდნენ თურმე ხან რომელ და ხან რომელ მეზობელს, მოყვარეს, ნათესავს.

ჩვენი სოფლიდან წასული 128 ჯარისკაცი არ დაბრუნებულა შინ. ესმა ბებიამ ყველა იგლოვა, ყველაზე შავი ატარა, ყველა შეიცხადა და საკურთხი უკეთა. თითონ კი რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ მისი ოთხივე შვილი დაბრუნდებოდა, ვერავინ ვერ უბედავდა შეკითხვას, ცხოვრობდა, შრომობდა, ელოდა..

"დღეს ჩემი ესმა ერთი წლის გახდა, ძლიერი გოგო ჩანს...“ - ზურაბ შევარდნაძე შვილის ფოტოს აქვეყნებს და საოცარ ისტორიას ყვებაგათავდა ომი, დაბრუნდა შალვა, დაბრუნდა ტყუპისცალი გაბილა, დაბრუნდა შოთა, არ ჩანდა შაქრო.. ესმა ბებიამ ზუსტად იცოდა, რომ ისიც დაბრუნდებოდა. ომის დაწყებიდან ექვსი წლის თავზე, ტყვედ ნამყოფი, ნატანჯი, მაგრამ უვნებელი დაბრუნდა ისიც. მთელი სოფელი მიყოლია შინ. შაქრო ბაბუას, ესმას და შაქროს შეხვედრის ამბავს ბევრი ყვება დღესაც. ესმას თვალზე მაშინაც არავის დაუნახავს კურცხალი, მიიღო შვილი, ჩაიკრა, შუბლზე აკოცა, წაღმა დაატრიალა, ხელები ცაში ააპყრო, ღმერთს მადლობა უთხრა, ყველას თანდასწრებით ცახოცი მოიხადა, გულისპირი შეიხსნა, გულიდან გაპრიალებული, ტარებისაგან კიდეებდაბლაგვებული ქვა მოიხსნა და ღობეზე დაკიდა, ვითომ და აქ არაფერიო, მეზობლებს თხოვა, მომეხმარეთ, მეზობლებო, დღეს ჩემს ოჯახში ლხინია და სუფრა გამაშლევინეთო.

შარშანდლამდე ეკიდა ეს ქვა ესმა ბებიას ღობეზე, ვერავინ გაბედა, ამდენი წელი მას შეხებოდა. დიდი ნაგრამი დარჩა ბებიას, ვერავინ გაბედა შვილისთვის მისი სახელის დარქმევა.

შარშან 11 დეკემბერს ჩემი შვილი დაიბადა, ჩავედი გურიაში, ვამცნე ოჯახს და ნათესავებს ჩემთვის უსაშველოდ სასიხარულო ამბავი და მათგან ვითხოვე უფლება, მისთვის ესმა დამერქმია იმის იმედით, რომ ჩემი ესმა ცოტა მაინც დაემსგავსებოდა დიდ წინაპარს.

ქვა კი თან წამოვიღე, ავწონე, კილოგრამს 50 გრამი აკლია…

ზუსტად ასი წელი იცხოვრა ბებიამ, თავიც არ წამოტკივებია.. დღეს ჩემი ესმა ერთი წლის გახდა, ძლიერი გოგო ჩანს…“