მარგველაშვილმა დღეს შეწყალების კომისიის სხდომა მოულოდნელად ჩაშალა

მარგველაშვილმა დღეს შეწყალების კომისიის სხდომა მოულოდნელად ჩაშალაპრეზიდენტმა მარგველაშვილმა შესაძლოა, შეწყალების ბოლო აქტი არ მიიღოს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს მოულოდნელად გაუქმდა შეწყალების კომისიის სხდომა, რომელსაც გიორგი მარგველაშვილისთვის ვადის ამოწურვის წინ შესაწყალებელ პატიმართა ბოლო სია უნდა მოემზადებინა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არც უარყვეს და არც დაადასტურეს ეს ინფორმაცია.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ, რომელიც აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, შედგება თუ არა პრეზიდენტის შეწყალების აქტი.

ქორიძის თქმით, დღეს დილიდან კომისია შეიკრიბა, თუმცა პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილებით ის შეწყდა. კომისიის სხდომის შეწყვეტის მიზეზებზე კი მას საუბარი არ სურს.

„ჩვენ 16 დეკემბრამდე ვართ უფლებამოსილი, ვიმუშაოთ, იმის გათვალისწინებით, პრეზიდენტი როდის და როგორ გადაწყვეტს შეწყალების აქტის გამოცემას. ჩვენ მზად ვართ, რომ მივცეთ რეკომენდაციები. ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი,“ – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

ქორიძემ დღევანდელი სამუშაო შეხვედრის ჩაშლის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

„ეს სამუშაო პროცესია. მე მიმაჩნია, რომ კომისიის საქმიანობის სამუშაო დეტალების საჯარო განხილვა არ არის მართებული. პრეზიდენტი თუ გადაწყვეტს, რომ აღარ გამოსცეს, მაშინ ბუნებრივია ჩვენ რეკომენდაციებს აღარ მივცემთ,“ – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

კომისიის სხდომის გაუქმებას, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური. მისი თქმით, მისთვის უცნობია, რატომ აღარ შედგა დღეს კომისიის სხდომა.

„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ იქამდე, სანამ ყველა საქმეს განიხილავს საქართველოს პრეზიდენტი, შეწყალების კომისიის მოსამზადებელი სხდომები ტარდება ხოლმე, რა დროსაც ჩვენ ვიხილავთ კონკრეტული პატიმრების განცხადებას და დღეს ეს სხდომა არ ჩატარებულა, გადაიდო და აღარ შედგა და მიზეზი ნამდვილად არ ვიცი. ალბათ, იმ წევრებს უნდა ჰკითხოთ, ვინც მივიდა ადგილზე და ესწრებოდა ამ ფაქტს,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

კომისიის სხდომის შეკრების გადადების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს საქართველოს სახალხო დამცველიც.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და გიორგი მარგველაშვილმა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა კიდევ ერთი შეწყალება საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე.

„გუშინ იყო სხდომა, თუმცა, დღეს აღარ გამართულა და ნამდვილად არ ვიცი, საბოლოო პასუხი რა არის. ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებას. თუ იქნება სურვილი, რა თქმა უნდა, მზად ვართ, განვიხილოთ შემოსული განცხადებები,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეწყალების საკითხთა კომისიის წევრი, არინა თავაქარაშვილი, ამბობს, რომ მოქმედი პრეზიდენტი შეწყალების კომისიის შეკრებას დღეს ნამდვილად აპირებდა.

რუსთავი 2