„სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის შემდეგ სხვანაირ ხასიათს გამოავლენს”

„სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის შემდეგ სხვანაირ ხასიათს გამოავლენს”საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. 28 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ქვეყნის პრეზიდენტი ქალი იქნება. ოპოზიციის ნაწილი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, თუმცა ეს ფაქტს არ ცვლის.

სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში „ქართულ ოცნებას“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს ლომის წვლილი აქვს შეტანილი და სავარაუდოა, რომ მმართველ გუნდს რიგ საკითხებთან დაკავშირებით ანგარიში გაუწიოს არჩეულმა პრეზიდენტმა ან სულაც მისი ნების გამომხატველი იყოს, ხოლო მეორე მხრივ ცნობილია ისიც, რომ საკმაოდ ხისტ და პრინციპულ პოლიტიკოსად ითვლება სალომე ზურაბიშვილი.

როგორი პრეზიდენტი შესაძლოა იყოს სალომე ზურაბიშვილი? ამ თემაზე „ახალ თაობასთან“ პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე საუბრობს.

ნიკა ჩიტაძე:

_ ორი ვარიანტი არსებობს, ერთი მხრივ შესაძლებელია ქალბატონმა სალომემ გამოავლინოს თავისი ხასიათი. შესაძლებელია ეს იყო მისი გათვლა, რომ „ქართული ოცნება“ გამოეყენებინა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რადგან სალომე ზურაბიშვილის და ბიძინა ივანიშვილის ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა და ისარგებლა ამით, თუნდაც ფინანსური რესურსით, როცა მან მთლიანობაში შემოწირულობათა 75% მიიღო, ხოლო როდესაც ის გახდებოდა პრეზიდენტი, ის გაატარებდა დამოუკიდებელ პოლიტიკას.

მეორე მხრივ საინტერესოა, რომ ქალბატონი სალომე ხასიათდება დაუმორჩილებლობით. ინაუგურაციის შემდეგ, როდესაც ის გაინაღდებს პრეზიდენტის პოსტს, შესაძლოა თავისი ხასიათი სხვანაირად გამოავლინოს, ვინაიდან არსებობს მისი არაპროგნოზირებადობის პრაქტიკა.

როცა ქალბატონი სალომე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დაინიშნა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ჟაკ შირაკის რეკომენდაციით. მაშინ მას მხარს უჭერდა მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი, მაგრამ რამდენჯერმე მან დაუმორჩილებლობა გამოიჩინა როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ისე პრემიერ ზურაბ ჟვანიას მიმართ. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება უხერხულ ვითარებაში ჩააყენა.

_ რა შემთხვევები იყო?

_ მაგალითად, სტამბოლში ვიზიტის დროს თქვა, ვიმყოფები ისტორიულ კონსტანტინოპოლშიო, რამაც თურქეთის გაღიზიანება გამოიწვია. იყო შემთხვევები, როდესაც თავის კადრებს ნიშნავდა სამინისტროში, სადაც ბევრი მაინცდამაინც კომპეტენტურობით არ გამოირჩეოდა. იყო რამდენიმე შემთხვევა, რამაც დაძაბა ურთიერთობა პრეზიდენტსა და მას შორის. შემდეგ მოხდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება და, შესაძლოა, ამას არ მოელოდა, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტის მფარველობით სარგებლობდა.

_ მაშინ ისიც ცნობილი იყო, რომ მწვავე დაპირისპირება ჰქონდა ნინო ბურჯანაძესთან.

_ ბურჯანაძესთანაც ჰქონდა და არა მარტო მასთან. ხშირად იჩენდა დაუმორჩილებლობას. როდესაც თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მაშინ დააფუძნა პარტია, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნების დროს მხოლოდ 3% მიიღო.

მისი არაპროგნოზირებადობის კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან. გახსოვთ, 2009 წელს მიტინგები რომ იყო და კარვები იყო გაშლილი პარლამენტთან. როდესაც სააკაშვილის თანამდებობიდან გადაყენება ვერ მოხერხდა, 2 თვის შემდეგ სააკაშვილმა თქვა, ეს ხალხი რომ მაკრიტიკებს, მოვიდნენ მთავრობაში და მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას დავუთმობო. მეორე დღესვე ზურაბიშვილი გამოვიდა და თქვა, მზად ვარ, დავიკავო შს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაო. ანუ მეორე დღესვე შესთავაზა სააკაშვილს გარიგება.

დღეს ერთმანეთს ემთხვევა ივანიშვილის და ზურაბიშვილის ინტერესები. შესაძლოა, ივანიშვილს უცხოელმა პარტნიორებმა შესთავაზეს, რომ უკეთესია, დამოუკიდებელ კანდიდატს მისცეთ შესაძლებლობაო და შესაძლოა ივანიშვილის აზრით, „ქართული ოცნების“ მიმართ ყველაზე ლოიალური სალომე ზურაბიშვილი იყო.

ზურაბიშვილისთვისაც მომგებიანია ეს პოზიცია, ხოლო როცა გაინაღდებს პოსტს , შეიძლება დაუმორჩილებლობა გამოიჩინოს და თქვას, ხალხის მიერ ვარ არჩეული, ქვეყნის მეთაური, მთავარსარდალი ვარო და ა. შ. შესაძლოა, მარგველაშვილის გზით წავიდეს, როდესაც ის თავიდან ლოიალურად იყო განწყობილი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ შემდეგ გამოიჩინა დაუმორჩილებლობა რიგ საკითხებში.

არის მეორე ვარიანტიც და მან კვლავ გააგრძელოს „ოცნების“ მიმართ ლოიალურობა და ჩათვალოს, რომ კონსტიტუციის ფარგლებში დიდი ძალაუფლება არ გააჩნია და ჩათვალოს, რომ მმართველი ძალის მიმართ დავალებულია.

_ ახსენეთ საკადრო პოლიტიკა ზურაბიშვილის მოქმედებებში. მან უკვე თქვა, რომ ადმინისტრაციის უფროსად თავის ყოფილ მოადგილეს ლაშა ჟვანიას დანიშნავს. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ უკვე მიდის ამ მიმართულებით?

_ შესაძლებელია. კი, ჟვანია იყო მისი მოადგილე, მაგრამ ზურაბიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც დარჩა ჟვანია სააკაშვილის გუნდში. შემდეგ იყო ისრაელში საქართველოს ელჩი, ბოლოს კი ეკონომიკის მინისტრი გახდა. გვახსოვს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო კახა ბენდუქიძემ სააკაშვილი გააკრიტიკა.

დღეს ლაშა ჟვანია პატრიარქთან დაახლოებული პირია და შესაძლებელია, რომ ამ ფაქტორმაც იმოქმედა. გაიმართა სალომე ზურაბიშვილსა და პატრიარქს შორის შეხვედრა, მათ შორის არჩევნების წინა დღეს, როდესაც პატრიარქმა დალოცა ის. ესეც კითხვებს ბადებს, როცა ილია მეორემ პირდაპირ მხარდაჭერა გამოავლინა ზურაბიშვილის მიმართ. არ არის გამორიცხული, რომ პატრიარქის ფაქტორის გამო გადაწყდა ეს.

_ კარასინმა არ გამორიცხა საქართველოსთან პირდაპირი დიალოგი, შემდეგ აბაშიძემაც არ გამორიცხა ეს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამის გამოც შეირჩა პრეზიდენტობის კანდიდატად ზურაბიშვილი. „ბი-ბი-სი“-თან ინტერვიუში კი თქვა, ამის დრო არააო, მაგრამ რაღაც ძვრებს ხომ არ უნდა ველოდოთ?

_ არა მგონია, რაღაც ძვრები იყოს მოსალოდნელი, რადგან არ არსებობს შეხების წერტილები საქართველოსა და რუსეთს შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გარდა. 2017 წლის მონაცემებით ამ მიმართულებით სწორედ რუსეთია საქართველოს ნომერ პირველი პარტნიორი და ეკონომიკური ბრუნვის მაჩვენებელმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა. სხვა მიმართულებით არ არსებობს შეხების წერტილები.

_ კი, რეალობა ასეთია, მაგრამ ვგულისხმობ იმას, რომ მცდელობა ხომ არ იქნება?

_ მე პირადად მგონია, რომ არა. მე მგონი, „ქართული ოცნება“ რუსეთთან დიალოგზე იმდენად არ ფიქრობდა, რამდენადაც იმაზე, რომ ოპოზიციური კანდიდატი არ გამხდარიყო პრეზიდენტი.

_ მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ რუსეთისთვის ზურაბიშვილი ყველაზე მისაღები კანდიდატი იქნებოდა, თუნდაც იმ განცხადებების გამო, რაც მისგან გვესმოდა?

_ კი, შესაძლოა რუსეთისთვის მისაღები ყოფილიყო, რა განცხადებასაც ის აკეთებდა ომის დაწყებასთან დაკავშირებით და ნაცმოძრაობის კანდიდატზე მეტად მისაღებიც იქნებოდა. თუმცა, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ზურაბიშვილიც არ არის მათთვის მისაღები, რადგან არც ის არის პრორუსი, მაგრამ შეიძლება შენი შეცდომების გამო ქართული სახელმწიფო დაასუსტო და რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი.

_ ამ მხრივაც ხომ არ არის საფრთხე, რომ ქართული სახელმწიფო დააზიანოს?

_ შესაძლებელია, სახელმწიფოს ინტერესები დაზიანდეს. „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთთან მიმართებაში გაირთულა საქმე.

მაგალითად, როცა ჰააგის სასამართლოს ფარგლებში განიხილება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, რუსეთი გამოიყენებს კოზირებს, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი და ახლანდელი პრეზიდენტი აცხადებდა, რომ საქართველომ დაიწყო ომი. მაგრამ არა მარტო ზურაბიშვილის განცხადებებს მოიშველიებს, არამედ დაეყრდნობა ქართველი ხალხის ნებას. იტყვის, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა ეთანხმება ზურაბიშვილს, რომ საქართველომ დაიწყო ომი. მიდი და ამტკიცე, რომ მოსახლეობას კარტოფილი დაურიგეს და 600.000 ადამიანს დაპირდნენ, რომ ვალებს ჩამოაწერდნენ.

აქედან გამომდინარე რუსეთი იტყვის, რომ საქართველოს არ გაჩნია მორალური უფლება რომ რაღაც გზით იურისდიქცია გაავრცელოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონზე. ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობამ თქვა, რომ სერბეთს არ გააჩნდა მორალური უფლება, გაევრცელებინა იურისდიქცია კოსოვოზე.

_ შესაძლოა, სერბეთისა და კოსოვოს ურთიერთობის მსგავსად წარიმართოს ჩვენთან ვითარება?

_ ღმერთმა დაიფაროს საქართველო ამისგან. რა თქმა უნდა, ევროკავშირის ქვეყნები და აშშ არ ცნობენ აფხაზეთის და ე.წ. ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობას, მაგრამ რაც შეეხება მესამე სამყაროს ქვეყნებს, ნიკარაგუის, სირიის და ვენესუალის მსგავსად შესაძლოა სცნონ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა. ეს რისკი არსებობს, რადგან რუსეთს ექნება დამატებითი არგუმენტები. მოგეხსენებათ, რუსებს ძლიერი დიპლომატები ჰყავთ.

რა თქმა უნდა, კოსოვოს სცენარის მსგავსად არ წარიმართება ვითარება. კოსოვო 100-ზე მეტმა სახელმწიფომ სცნო. რუსეთი ეცდება ამ ვითარების გამოყენებას.

_ ხომ არ ექნება საქართველოს კომფორტი იმის გამო, რომ გამოცდილი პოლიტიკოსი ეყოლება პრეზიდენტად, ვთქვათ, პარტნიორებთან პირდაპირი დიალოგის წარმოების მხრივ?

_ შესაძლებელია, დიალოგი აწარმოოს, მაგრამ ყველა ქვეყანას გააჩნია თავისი ინტერესი. არა მგონია, ზურაბიშვილის ფაქტორის გამო საფრანგეთმა ან გერმანიამ პოზიცია შეიცვალოს და განაცხადოს, რომ მივანიჭოთ საქართველოს ნატოს სამოქმედო გეგმა მაპ-ი და შევუწყოთ ხელი საქართველოს ნატოში ინტეგრაციასო. კი, დიალოგს ალბათ აწარმოებს, მაგრამ დიალოგს დღევანდელი და წინა ხელისუფლებაც ხომ აწარმოებდა.

_ „ოცნების“ გუნდის რეალობაში ასეთი გამოცდილების მქონე დიპლომატების ნაკლებობაა ბოლო წლებში განსაკუთრებით.

_ დიახ, მაგრამ დიალოგს აწარმოებდნენ, მაგალითად, პრემიერ კვირიკაშვილის პირობებში, რომელიც უშუალოდ შეხვდა ტრამპს. საფრანგეთის ექსპრეზდენტი ოლანდი და გერმანიის კანცლერი იყვნენ ჩამოსულები. დიალოგის პროცესში გადამწყვეტ როლს პრემიერი თამაშობდა და არა მარგველაშვილი, მაგრამ პრემიერი ხომ სახელმწიფოს წარმოადგენდა?!

თუ სალომე ზურაბიშვილის განცხადება რამეს შემატებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, მივესალმები. ვეთანხმები მის განცხადებებს, რომლებიც „ბი-ბი-სი“-სთან გააკეთა, რომ როდესაც რუსეთი ადამიანებს იტაცებს ,მასთან დიალოგს აზრი არ აქვს.

ის, რომ მაპ-ის ვერმიღება ხელისუფლებას დავაბრალო, ეს ასე არაა, მე მაქვს კრიტიკული შენიშვნები ჩვენი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენს ხელისუფლებაზე არ იყო დამოკიდებული. მე არ ვუჭერ მხარს სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ თუ დიალოგის პროცესში რაიმე წარმატებას მიაღწევს ჩვენს ევროატლანტიკური სტრუქტურების ინტეგრაციის გზაზე, ერთ-ერთი პირველი ვიქნები, ვინც ამ ნაბიჯებს შეაქებს.

იმას, რაც მან „ბი-ბი-სი“-სთან თქვა, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა