თბილისის აეროპორტში ირანის 6 მოქალაქე დააკავეს

თბილისის აეროპორტში ირანის 6 მოქალაქე დააკავესშსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ირანის 6 მოქალაქე – 1983 წელს დაბადებული თ. ჯ., 1990 წელს დაბადებული ფ.რ., 1969 წელს დაბადებული ჰ.ხ., 1969 წელს დაბადებული მ.ხ., 1978 წელს დაბადებული ზ.ხ. და 1967 წელს დაბადებული ფ.დ. დააკავეს. მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში შემოტანაში ედებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 6-ვე ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში დააკავეს. მათგან 3 პირის დაკავება შემოსავლების სამსახურის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო სამსახურიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა.

“პოლიციამ დაკავებულებისგან ნივთმტკიცებად ამოიღო 21 შეკვრად დაფასოებული 1 კილო და 530 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები,” – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.