“ვ.მ. კირკიტაძესთან ერთად პოლიციელს თავს დაესხა” – კახეთში 16 დეკემბრის ინციდენტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

"ვ.მ. კირკიტაძესთან ერთად პოლიციელს თავს დაესხა" - კახეთში 16 დეკემბრის ინციდენტზე კიდევ ერთი პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტრომ, 16 დეკემბერს კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე კიდევ 1 პირი დააკავა. ამასთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პოლიციელზე თავდასხმისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1986 წელს დაბადებული ვ.მ. გარდაბნის რაიონში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დგინდება, რომ ვ.მ. 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარი ინციდენტების დროს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთან – დავით კირკიტაძესთან ერთად თავს დაესხა სამინისტროს ავტობუსში მყოფ პოლიციელს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, გრძელდება ინციდენტების ამსახველი ვიდეომასალის შესწავლა”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.