ვახტანგ ძაბირაძე – “სალომე ზურაბიშვილი ეს 6 წელი თავისთვის იქნება”

ვახტანგ ძაბირაძე - "სალომე ზურაბიშვილი ეს 6 წელი თავისთვის იქნება"პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს, თუ როგორი პრეზიდენტი შეიძლება იყოს სალომე ზურაბიშვილი.
– ბატონო ვახტანგ, ელოდით მეორე ტურში ასეთ პროცენტულ განსხვავებას ზურაბიშვილსა და ვაშაძეს შორის?
– ასეთ პროცენტულ სხვაობას არ ველოდი. თუმცა, ველოდი, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატი გაიმარჯვებდა.
– ასეთი შედეგი რამ განაპირობა?
– მიზეზი რამდენიმეა: პირველი, ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის, რომელიც არჩევნების პირველ ტურში არ მივიდა, ძალიან თვალნათელი გახდა, რომ თუ “ქართული ოცნება” არ გაიმარჯვებდა, ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა მობრუნდებოდა. მოსახლეობა ასე აღიქვამდა, რომ ეს გამარჯვება იქნებოდა უკან მობრუნების დასაწყისი. ამიტომაც გააქტიურდა.
მეორე, საკმაოდ წარმატებული კამპანია აწარმოა მეორე ტურის წინ “ქართულმა ოცნებამ”. ის ყველაფერი გაითვალისწინა, რაც პირველ ტურში აკლდა.
მესამე, ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ შეძლო, მეორე ტურის წინ თავისი სტრატეგია შეეცვალა, იგივე შინაარსით გააგრძელა კამპანია, რაც შეცდომა იყო. ტონი უნდა შეეცვალა და სხვაგვარად ემოქმედა.
რაც მთავარია, ნაციონალური მოძრაობა ვერ იაზრებს, თუ რატომ არის მისი საწინააღმდეგო განწყობა ამომრჩეველში. ამ კომპონენტებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ სალომე ზურაბიშვილმა მეორე ტურში 20%-იანი სხვაობით გაიმარჯვა.
ამდენად, ყოველგვარ მოწოდებას დაუმორჩილებლობისკენ რეალური საფუძველი საზოგადოებაში არ ექნება. ეს რომ ყოფილიყო ერთ ან ორ პროცენტიანი სხვაობით გამარჯვება, მაშინ ხალხს ოპოზიციის მოწოდებაც კი არ დასჭირდებოდა. მაშინ ნაციონალური მოძრაობაც შეეცდებოდა, რომ პროტესტი ქუჩაში გადაეტანა, მაგრამ ახლა არ მგონია, ეს გააკეთონ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ეს კიდევ ერთი დიდი შეცდომა იქნება, რასაც ალბათ კარგად ხვდებიან.
– როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი? სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, რომ ის მარგველაშვილზე უფრო ჯიუტი პრეზიდენტი იქნება, რომ “ოცნება” მას კარგად არ იცნობს და შეიძლება ბევრად უფრო მეტი წინაღობა შეხვდეს მისგან, ვიდრე პრეზიდენტ მარგველაშვილისგან ჰქონდათ.
– ვერ გეტყვით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ გიორგი მარგველაშვილი ნამდვილად არ იყო ცუდი პრეზიდენტი იმ უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რაც მას ჰქონდა. ზოგადად ამ ტიპის პრეზიდენტი უნდა შეფასდეს იმით, თუ რამდენად მოქმედებს ის თავის უფლებამოსილების ფარგლებში.
ერთი, რაც ცხადი და ნათელია, არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ პოსტს პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად არ გამოიყენებს.
– რატომ ფიქრობთ ასე?
– თუნდაც მისი ასაკიდან გამომდინარე. ის 6 წელი უნდა იყოს პრეზიდენტი, მერე არ მგონია, რომ კიდევ რამე პოლიტიკური ამბიცია გაუჩნდეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის კონსტიტუციის ფარგლებში დარჩება და რაიმე განსაკუთრებულს მე მისგან არ ველოდები პოლიტიკური მანევრის მიმართულებით.
ერთი, რაც შემიძლია ვურჩიო, ცოტა მოზომილი უნდა იყოს თავის გამონათქვამებში, ეს უკეთესი იქნება მისთვისაც, თორემ რამე შარს აიტეხს.
– ზურაბიშვილი უკვე ამბობს, რომ მას ორბელიანების სასახლე უფრო შეეფერება, ვიდრე ავლაბრის რეზიდენცია. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ივანიშვილისადმი ერთგვარი ხარკია?
– არა, როგორც ჩანს, ამ საკითხზე შეთანხმებულები არიან. ბიძინა ივანიშვილისთვის თავიდანვე მიუღებელი იყო, რომ გიორგი მარგველაშვილი ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის სასახლეში შესულიყო. ამ საკითხის გამო მოხდა პირველი კონფლიქტი ივანიშვილსა და მარგველაშვილს შორის, რაც მერე გაღრმავდა.
ივანიშვილი ფიქრობს, რომ იქ რაღაცა სხვა უნდა გაკეთდეს, რაც მე სწორი არ მგონია. პრეზიდენტის სასახლეს თავისი დანიშნულება და ფუნქცია აქვს, ამიტომ უკეთესია, რომ მე-5 პრეზიდენტი შევიდეს იქ, სადაც არის პრეზიდენტის რეზიდენცია. ინსტიტუტისთვის ასე ჯობია. თუმცა, რა თქმა უნდა სალომე ზურაბიშვილისთვის, როგორც ჩანს, ახლა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ სად შევა ის, როგორც პრეზიდენტი.
ამიტომ, შენობის გამო ივანიშვილის წინააღმდეგ ზურაბიშვილი ნამდვილად არ წავა. მისთვის ეს არის შენობა და არა – პრეზიდენტის სასახლე.
– რის გამო შეიძლება ის ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდეს?
– რთული სათქმელია. პრეზიდენტის უფლებამოსილებები კონსტიტუციით შეზღუდულია. ვეტოს პრეზიდენტი არ ვიქნებიო, ამბობს, არადა მთელი ძალაუფლება პრეზიდენტის სწორედ ვეტოშია. ვერ გეტყვით, როგორი პრეზიდენტი იქნება. მე ვფიქრობ, რომ ალბათ უფრო თავისთვის იქნება ეს 6 წელი.
– და პოლიტიკურ კარიერასაც დასრულებს?
– რა თქმა უნდა. ერთადერთი დადებითი, რაც შეიძლება ჰქონდეს და რაც უკვე ჩანს, არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სავარძელს პოლიტიკური ნიშნით, პოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლად არ გამოიყენებს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა