იაგო ნებიერიძის მობილურში ვიდეოში გამოსახულია ნანა ბერიაშვილი – შსს-მ გამოძიების მასალები გაასაჯაროვა

იაგო ნებიერიძის მობილურში ვიდეოში გამოსახულია ნანა ბერიაშვილი - შსს-მ გამოძიების მასალები გაასაჯაროვაშსს 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის ადვოკატის განცხადებას სიცრუეს უწოდებს.

შსს-მ “პირველთან” საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით ბრალდებულის მიმართ გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებზე ისაუბრა.

“გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოსდა ბრალდებულის მიმართ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის შესახებ, არის მცდარი.

საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით ვასაჯაროვებთ ბრალდებულის მიმართ გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და დადგენილ გარემოებებს:

1. ბრალდებულის ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე აღმოჩენილი სისხლის კვალი ეკუთვნის გარდაცვლილ არასრულწლოვანს;

2. შემთხვევის ადგილზე – სახლის სარდაფიდან ამოღებული სისხლის ლაქა ასევე ეკუთვნის გარდაცვლილს;

3. ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან ამოღებულია ვიდეომასალა, რომელზე ჩატარებული ექსპერტიზითაც დგინდება, რომ ვიდეოში გამოსახული გოგონა არის გარდაცვლილი არასრულწლოვანი, ხოლო ვიდეოში არსებული მამაკაცის ხმა ეკუთვნის ბრალდებულს.

რაც შეეხება ადვოკატის მიერ დასახელებულ “ურიკას” და სარეცხი საშუალების ბოთლიდან ანაბეჭდების კვალს, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ “თითის კვლები ფრაგმენტების სახით უვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის. “ეს დასკვნა არ მიუთითებს, რომ ის ეკუთვნის სხვა პირს და არც უარყოფს, რომ ეკუთვნის ბრალდებულს.

გამოძიება ამ ეტაპზე ელოდება გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნებს. ასევე დგინდება შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ სხვადასხვა ნივთებზე (სულ არის 82 კვლევის ობიექტი) არის თუ არა გარდაცვლილის და ბრალდებულის გენეტიკური პროფილები. რამდენიმე დღეში გამოძიებისთვის ასევე ცნობილი გახდება სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა”, – განუცხადეს “პირველს” უწყებაში.

იაგო ნებიერიძეს გორში მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს გაუჩინარებული 8 წლის ნანა ბერიაშვილის გატაცებასა და მკვლელობაში ედება ბრალი. ბავშვის ცხედარი იმავე დღეს საღამოს მდინარე ლიახვის ნაპირზე იპოვეს. ახლობლები ყვებიან, რომ გოგო ხელ-ფეხშეკრული იპოვეს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. გარდა ამისა, ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაუმძიმდა, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

ამასთანავე გამოძიება გრძელდება 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის მოზარდის საქმეზეც.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, 8 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული შეწყალებული იყო.