თორნიკე შარაშენიძე – “ბესელიასთვის მიუღებელია, რომ თავზე აჯდეს ირაკლი კობახიძე”

თორნიკე შარაშენიძე - "ბესელიასთვის მიუღებელია, რომ თავზე აჯდეს ირაკლი კობახიძე"“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს.

– ბატონო თორნიკე, ხმაურით დაიწყო მმართველ გუნდში ახალი 2019 წელი. როგორია თქვენი შეფასებები, რა პროცესები მიმდინარეობს დღეს “ქართულ ოცნებაში”?

– აქ ორი ახსნა აქვს ამ საკითხს.

ერთი – შეიძლება ბესელია მართლა გახვეული იყო კორუფციაში და ივანიშვილს არ უყვარს, როცა მის დაუკითხავად მის ზურგს უკან აკეთებს ვიღაცა ფულს და რეალურად ყველაფერი მხოლოდ ამითი აიხსნება.

მეორე – გაღრმავდა დაპირისპირება ძველ გვარდიასა და ახალ გვარდიას შორის და ამ ეტაპზე ახალგაზრდა გვარდიამ რაღაც გამარჯვება მოიპოვა.

ან ორივეს კომბინაცია ერთად – გაიმარჯვა ახალგაზრდა გვარდიამ იმიტომ, რომ ივანიშვილმა გაიგო ცუდი ამბები ბესელიაზე. ალბათ ეს არის სიმართლე.

– ანუ თქვენც იზიარებთ იმ ჭორებს, რაც ბესელიასთან დაკავშირებით გავრცელდა?

– კი, ამის დაჯერება შეიძლება.

– ფიქრობთ, რომ მას პარტიიდან გარიცხავენ?

– არა მგონია, ეს ასე მარტივად მოხდეს, იმიტომ, რომ ეს დააფრთხობს ძალიან ბევრს. ამისთვის მზად არც ივანიშვილია, მას არ სჭირდება დაპირისპირება თვითონ “ქართული ოცნების” შიგნით და არც სკანდალები აწყობს. ამიტომ არ მგონია, ბესელიასგან და ძველი გვარდიის სხვა წევრებისგან დაფერთხონ პარტია. თუნდაც ამიტომ არ მოხდება ეს დაფერთხვა, რომ ძალიან არ გაძლიერდეს ეს ე.წ. ახალგაზრდა გვარდია.

– არის ასეთი მოსაზრებაც, რომ ივანიშვილმა ახალი სტრატეგია შეიმუშავა, რომ ის საკუთარ გუნდში შექმნის ახალ ოპოზიციურ ძალას და პარლამენტშიც მართული ოპოზიციით შევა. ამ ვერსიას რამდენად იზიარებთ?

– რა შანსი ექნება მსგავს ოპოზიციას? რა ხმები უნდა მოიპოვოს?! ვინ დაიჯერებს და ვინ ჭამს იმას, რომ ეს ხალხი არის რეალურად დამოუკიდებელი და რაღაცის გამკეთებელი. თუნდაც ამიტომ მე არა მგონია, რომ ეს მოხდეს. ეს ერთი და მეორეც, არ მგონია, იმდენად ენდობოდეს ვინმეს ბიძინა ივანიშვილი, რომ ის გაუშვას, ფული მისცეს და ოპოზიციის შექმნა დაავალოს. ამიტომ ძალიან შორსმიმავალი ხმები მგონია ეს ყველფერი.

– მაშინ რა ხდება, ეს არის მხოლოდ დაპირისპირება ორ ფრთას შორის?

– ორ ფრთას შორის დაპირისპირება შიგნით ყოველთვის იყო. ეს დაპირისპირება გამწვავდა რაღაც საკითხის გამო. ამის რეალური მიზეზი მოსამართლეები იყო თუ სხვა რამ, ეს მე არ ვიცი. რაღაცა საბაბი იყო დაპირისპირების და ეს არის ტიპიური შიდა გარჩევა და მეტი არაფერი. დიდი ხანია, ეს ორი ფრაქცია ერთმანეთს ვერ იტანს. იქ მესამე ფრაქციაც არის, ოღონდ არც მაინცდამაინც გავლენიანი და მოხდა დაპირისპირება.

– ეკა ბესელია ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ამ მოსამართლეების უვადოდ გამწესება და ნაცმოძრაობასთან ასოცირებული პირები ყოველთვის მებრძოდნენო. ამაზე რას იტყვით?

– 6 წლის განმავლობაში იმდენ მორალურ კომპრომისზე წავიდა ეკა ბესელია, რომ მაინცდამაინც დღეს გაახსენდა პრინციპები? ჩემი აზრით, ეს ძალაუფლებისთვის ბრძოლაა და მეტი არაფერი!

– რა ვერ გაიყვეს?

– ბესელიასთვის მიუღებელია, მას თავზე აჯდეს ირაკლი კობახიძე, რომელიც სულ რაღაც 3 წელია, გამოჩნდა “ოცნებაში” და ზოგადად პოლიტიკაშიც. ეკა ბესელიას ვერ დავუკარგავთ იმას, რომ დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა სააკაშვილს და ჩანდა პოლიტიკაში.

მისთვის და მისნაირებისთვის მიუღებელია, რომ მათ აზიან თავზე კობახიძე და მისი გუნდი. მითუმეტეს რომ კობახიძის გუნდში არიან ისეთებიც, ვინც მართლა იყო ჩახუტებული ნაციონალებთან. პრინციპებზე კი არ არის საუბარი, ისინი ბრაზდებიან იმაზე, რატომ გვანაცვალა ბიძინამ ყოფილი ნაციონალები?!

– რატომ ანაცვალა ივანიშვილმა ძველებს ახლები? რატომ დადგა კობახიძის გუნდის მხარეს? და რატომ გაწირა ძველები, ვინც რეალურად ებრძოდნენ ნაციონალებს?

– ივანიშვილისთვის გადამწყვეტი არ არის, ამ ხნის განმავლობაში ვინ სად იყო. მისთვის გადამწყვეტია, ვინ უფრო გამოადგება საკუთარი მიზნებისთვის და მორჩა! თორემ გავიხსენოთ, საკმაოდ დიდხანს თვითონ ივანიშვილის მოკავშირე იყო სააკაშვილიც. ეს ხომ ყველამ ვიცით. ბესელია კი გაბრაზდა იმაზე, რომ ივანიშვილმა პოლიტიკაში ახალმოსულები დაასვა თავზე.

– და რა მიზნები აქვს ივანიშვილს?

– მას უნდა ხელისუფლებაში დარჩენა. მე ვერ ვხედავ ვერანაირ ნიშანს, რომ მან ხელისუფლებას ხელი გაუშვას. იმიტომ, რომ ის საქართველოში გრძნობს თავს ყველაზე კომფორტულად. ამაზე უფრო კომფორტულად ვერსად ვერ იქმება.

მას ძალიან ბევრი აქვს დასაკარგი. ეს არის მისი ბიზნესები, მისი პირადი ოჯახი, რომელიც უნდა, რომ ჰყავდეს უსაფრთხოდ. მას ძალიან ბევრზე აქვს საფიქრალი და ასე კარგად, როგორც საქართველოშია, ვერსად ვერ იქნება. საქართველოში რომ კარგად იყოს, ამისთვის საჭიროა, ამ ქვეყანაში აკონტროლოს ყველაფერი. ამიტომ მას სჭირდება ხელისუფლების კონტროლი.

– რამდენად წარმატებული იქნება მისთვის 2020 წლის არჩევნები?

– მივადექით ყველაზე საინტერესო საკითხს. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ხედავს, რომ საქართველოში ორ ვადაზე მეტხანს ვერ რჩება ვერავინ ხელისუფლებაში.

წესით, ივანიშვილი ამას უნდა ხედავდეს და ფიქრობდეს რაღაცა გამოსავალზე. თუ უნდა, რომ უვადოდ დარჩეს ხელისუფლებაში, ეს შეუძლებელია! ჩვენ არ ვართ თურქმენეთი. არ შეიძლება ჩვენთან მსგავსი რამ მოინდომო და განახორციელო. ვერ განახორციელებ და იმიტომ.

– რამდენად ხმაურიანად წარიმართება “ოცნების” შიდა პროცესები? ელით კიდევ ხმაურიან განცხადებებს?

– მე მგონი, იქნება, იმიტომ, რომ “ოცნება” დაცლილია რეალურად სერიოზული პოლიტიკური ფიგურებისგან. ვინ არის შიგნით ისეთი, ვისაც აქვს მოსახლეობაში ნდობა, ვისაც აქვს პოლიტიკური წონა და ვინც სარგებლობს ასე თუ ისე რაღაც სიმპატიებით. ან გამორჩეული პროფესიონალი თავის საქმის?!

ამ პოლიტიკურ გუნდში, სამწუხაროდ, ასეთი არავინ არ არის! უბრალოდ გააგრძელებენ ერთმანეთის დაჭმას და მეტი არაფერი არ იქნება. ივანიშვილზე იქნება დამოკიდებული, ვის ვის შეაჭმევინებს. ხოლო რაც შეეხება გამოსავალს, თუ რა უნდა ქნას ივანიშვილმა 2020 წელს, მე მგონი, ჯერ ამაზე ფიქრი არ დაუწყია.

– საუბარია, რომ “ოცნების” ყველაზე აქტიური მხარდამჭერებიც კი არ პატიობენ მათ სასამართლოში განვითარებულ პროცესებს და მურუსიძე-ჩინჩალაძის თემას. რამდენად მკვეთრი იქნება საზოგადოების პროტესტი ამ საკითხზე?

– “ოცნების” პოლიტიკოსები ამას აპროტესტებენ იმიტომ, რომ ხვდებიან, რომ ეს საკითხი საბოლოოდ დაასამარებს “ოცნების” რეპუტაციას ხალხში. აპროტესტებენ. საკუთარი რეპუტაციის გადასარჩენად.

დაველოდოთ სესიას და თუ დაამტკიცებენ ამ ოდიოზურ ვითომ მოსამართლეებს, ეს იქნება ძალიან სახიფათო ნიშანი. ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ივანიშვილი 2020 წელს არანაირ გამოსავალზე არ ფიქრობს და მისი სურვილია, ჩვეულებრივად დარჩეს ხელისუფლებაში, ჩვეულებრივი კონტროლით.

– ეს საკითხი გადაიყოლებს მათ?

– ყველა ხელისუფლება მეორე ვადაში ცდილობდა, ჩაფრენოდა სკამს და ყველა ხელისუფლება ქმნიდა პოლიციურ სახელმწიფოს. ამ სიტუაციაში ან რკინის კაცი ჰყავდათ, ან ხერხემალი. აქაც, სამწუხაროდ, იგივე ნიშნები ჩანს, რომ შეიქმნას პოლიციური სახელმწიფო.

– გახარია რამდენად გამოადგებათ ამ საქმეში?

– ფაქტია, რომ მასზე დიდი იმედები მყარდება და პარლამენტში მისი გამოსვლაც ამის ნიშანი იყო, რომ მას ამ როლში შესვლა უნდა.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა