ზვიად კუპრავა – “ივანიშვილზე მალე სკანდალურ ინფორმაციას გაიგებთ”

ზვიად კუპრავა - "ივანიშვილზე მალე სკანდალურ ინფორმაციას გაიგებთ"რა მითითება მისცა გახარიამ კრიმინალებს, დაიწყო თუ არა რეალურად ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, ვინ დგას სიგარეტის კონტრაბანდის უკან, როგორ გახდა ივანიშვილი ესკობარი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ესაუბრება.
– ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე დააკავეს, სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი პასუხისგებაში მისცეს. არის მოსაზრება, რომ “ოცნებამ” კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. თქვენ რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
– სანამ ამ თემას შევეხები, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა რაღაც. 21 დეკემბერს ის პარლამენტის წინაშე წარსდგა, სადაც სიამაყით განაცხადა, დათო კირკიტაძე ჩავაგდეთ და სხვებსაც ჩავაგდებთო. ამ განცხადების შემდეგ, მას დეპუტატმა თენგო გუნავამ ხვიჩა ცხაკაიასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.
ხვიჩა ცხაკაია სამეგრელოში ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტია. სამეგრელოში ბავშვებიც კი გეტყვიან, ვინ არის ცხაკაია.
სამაგიეროდ, მის შესახებ არაფერი იცოდა შს მინისტრმა. თენგო გუნავას კითხვაზე გახარიამ განაცხადა, რა ხვიჩა ცხაკაია, ეგეთი პიროვნება სამეგრელოში საერთოდ არ იძებნებაო. უარყო ცხაკაიას არსებობა.
ეს იყო სახელმწიფოს ძალიან მკვეთრი მესიჯი, ერთის მხრივ ოპოზიციისთვის და მეორეს მხრივ კრიმინალებისთვის – ოპოზიციონერზე ითქვა, რომ ჩავაყუდეთ და კიდევ ჩავაყუდებთო, კრიმინალურ ავტორიტეტ ცხაკაიაზე კი თქვეს, ეგეთი პიროვნება არ არსებობსო.
ამით გიორგი გახარიამ ხვიჩა ცხაკაიას პარლამენტის ტრიბუნიდან პირდაპირ უთხრა, მიდი, აკეთე, რაც გინდა, მე შენ არ გიცნობ და ყველაფერზე თვალს ვხუჭავ. ეს სამარცხვინოც კი აღარ არის, ეს დანაშაულია.
– იქნებ მართლა არ იცის გახარიამ, ვინ არის ხვიჩა ცხაკაია? რატომ გამორიცხავთ ამას?
– გახარია შინაგან საქმეთა მინისტრია და ის ვალდებულია, კრიმინალური ავტორიტეტების შესახებ ფლობდეს ინფორმაციას. დეტალურად უნდა იცოდეს, რას საქმიანობენ კანონიერი ქურდები და კრიმინალური ავტორიტეტები. ხვიჩა ცხაკაია კი ძალიან სერიოზული კრიმინალური ავტორიტეტია. გახარია ვალდებულია, ცხაკაიას ნებისმიერი გადაადგილების თუ აქტივობის შესახებ იყოს ინფორმირებული.
ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რას წარმოადგენს ცხაკაია, მაგრამ ის “ოცნებას” არჩევნებში დაეხმარა. ახლა მადლობას იმით უხდიან, რომ მის არსებობას არ იმჩნევენ და მოქმედების სრულ თავისუფლებას აძლევენ. აი, ეს არის ივანიშვილის მმართველობა.
ბოლო დროს რასაც ვუყურებთ. მთელი ძალაუფლება გახარიას ხელში აკუმულირდა. ძალოვანი სტრუქტურები და პროკურატურა მან დააკომპლექტა. ბიძინას მერე გახარიას აქვს დღეს ყველაზე მეტი გავლენა. აქამდე ასეთი გავლენები ფარცხალაძეს ჰქონდა.
– ივანიშვილმა ფარცხალაძე მოიშორა?
– მოშორებით არა, მაგრამ მის სახელს ბევრი სკანდალი უკავშირდება და გვერდზე გაწია. და, როგორც უკვე გითხარით, დღეს მთელი ხელისუფლება გახარიას ხელშია აკუმულირებული.
– პრემიერი მამუკა ბახტაძე რას აკეთებს?
– მართალი რომ გითხრათ, მაგ ბიჭს პრემიერად საერთოდ ვერ აღვიქვამ. ყველაფერს აკონტროლებს გახარია, რომელიც კრიმინალურ ავტორიტეტზე ამბობს, არ არსებობს ეგეთიო. ან ის თვალს უხუჭავს ცხაკაიას, ანდა, როგორც შს მინისტრყ, არაკომპეტენტურია.
– კორუფციასთან ბრძოლის თემას დავუბრუნდეთ. სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის პასუხისგებაში მიცემა ნიშნავს თუ არა იმას, რომ მართლა დაიწყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა?
– სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ჩვეულებრივი კორუმპირებულია ჩინოვნიკია. მას რეგიონში დათო შენგელიასთან ერთად კლანი ჰქონდა შექმნილი.
– პარტიზან დათო შენგელიაზეა საუბარი?
– დიახ, მაგ დათო შენგელიაზე ვსაუბრობ. ის ლევან შონიას ახლო მეგობარია. მათი კლანი აკონტროლებდა იმ კონტრაბანდას, რაც ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოდიოდა სამეგრელოს რეგიონში.
– რის კონტრაბანდაზეა საუბარი?
– სიგარეტის კონტრაბანდაზე. გაგახსენებთ ერთ საინტერესო ფაქტს.
რამდენიმე წლის წინ სამეგრელოში “ელიზის” კუთვნილი საწყობი დაწვეს. ამას საწყობის მენეჯერიც ბესიკ ჯგუშია ემსხვერპლა.
“ელიზის” საწყობი სიგარეტის კონტრაბანდისტებთან ბრძოლას შეეწირა. “ელიზის” მეპატრონე თამაზ ელიზბარაშვილმა მილიონობით ზარალი ნახა. საწყობში რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების სიგარეტი იყო. სრულიად განადგურდა შენობა. არ გაინტერესებთ, რას ამბობს გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით? ამტკიცებენ, საწყობი გაზის აფეთქების შედეგად დაიწვაო.
ამ საქმეს კარგად ვიცნობ და შემიძლია გითხრათ, რომ იქ გაზის აფეთქება იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ მოხდებოდა, რომ იქ გაზი შეყვანილი არ ყოფილა. შენობაში გაზის მილიც კი არ არსებობს.
საწყობში ხანძარი გვიან ღამით მოხდა, როცა იქ არავინ იყო. ბოროტმოქმედებს არც მენეჯერის მოკვლა უნდოდათ, მაგრამ ის თავის საქმეზე მივიდა გვიან საწყობში და აფეთქებას ემსხვერპლა. ამხელა შენობა დაინგრა და მეორე დღეს, შემთხვევის ადგილას, აგურიც კი არ იდო. აგურს ვინ ჩივის, მტვერიც კი არ იყო.
– რანაირად?
– ბულდოზერებით და ტრაქტორებით მოასუფთავეს იქაურობა. რათა შესაბამის ორგანოებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა არ ჰქონოდათ.
საწყობის დაწვა პირდაპირ უკავშირდება შენგელია-შონიას კლანის საქმიანობას. ეს კლანი პირდაპირ დაუპირისპირდა სახელმწიფოს, რომელიც ლეგალურად ყიდდა სიგარეტს. როცა კლანებზეა საუბარი, იქ დაწვა და აფეთქება მოსულა. ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს დაუწვეს საწყობი. ის ლეგალურად აწარმოებდა სიგარეტის ბიზნესს – იხდიდა გადასახადებს, აქციზურ მარკებს ყიდულობდა და ა.შ.
ეს კლანი აფხაზეთიდან კონტრაბანდული გზით შემოტანილ სიგარეტს ბევრად იაფად ყიდდა.
მას შემდეგ, რაც მურთაზ ზოდელავა ჩავიდა სამეგრელოში, “ოცნებას” ძალიან ბევრი ნაღმი აუფეთქდა. მათ შორის იყო კონტრაბანდული სიგარეტების საკონტროლო შესყიდვები. მურთაზმა ძალიან ბევრი რამე გაასაჯაროვა და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა.
ამ სკანდალებმა მოარყია შონია. ის, როგორც გუბერნატორი და როგორც ჩინოვნიკი, აღარ არსებობდა. სახელგატეხილი შონია ივანიშვილს აღარაფერში სჭირდებოდა და ყოფილი გუბერნატორი პასუხისგებაში მისცეს.
– თქვენ აშკარად არ გჯერათ, რომ ხელისუფლება კორუფციას ებრძვის.
– წინა ხელისუფლების დროს კორუფცია თითქმის დამარცხებული იყო. ახლა კი საპირისპირო სურათია. როდესაც გუბერნატორი კლანს ქმნის და კონტრაბანდის მფარველობას იწყებს, იქ რაზეა საუბარი.
– მომატებული კრიმინალზე რას ფიქრობთ? ამის წინააღმდეგ მაინც თუ დაიწყება ბრძოლა. ქვეყანაში ცხოვრება მართლა აუტანელი და საშიში გახდა.
– კრიმინალთან ბრძოლის დაწყების იმედი არ მაქვს. გახარიამ პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტს არ იცნობს და მას მოქმედების თავისუფლება მიანიჭა. ეს არის ის ხარკი, რაც “ოცნებამ” კრიმინალებს არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ გადაუხადა.
– მოქმედების თავისუფლება მარტო ხვიჩა ცხაკაიას მიენიჭა თუ მის სხვა კოლეგებზეც ვრცელდება ეს პოლიტიკა?
– დღეს სამეგრელოში მთავარია ცხაკაია. კრიმინალებს თუ მასთან დალაგებული აქვთ, ე.ი. ხელისუფლებასთანაც დალაგებული აქვთ.
შს მინისტრმა თქვა, ახლა კრიმინალი აქტიურ ფაზაში შევაო. აქტიურ ფაზაში ის ახალ წელს გულისხმობდა. ახალ წელს ნებისმიერ ადამიანს უფრო მეტი ფული სჭირდება. მეტი ფული უნდათ კრიმინალებსაც. ისინი ფულის საშოვნელად მუშაობას არ იკადრებენ და ყაჩაღობას დაიწყებენ.
მართლა შევა კრიმინალი აქტიურ ფაზაში, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ეს აქტიური ფაზა აღარ დასრულდება.
– გახარიას მათი დევნა ალბათ არ მოუწევს, როგორც ამბობენ, მას მთავრობის მეთაურობისთვის ამზადებენ.
– ბიძინა ივანიშვილი გახარიას პრემიერობისთვის გაზაფხულიდან ამზადებდა. ეს სამზადისი მას შემდეგ დაიწყო, რაც კვირიკაშვილს შეუდგა წყალი.
– რატომ ჩაიშალა მაშინ მისი გაპრემიერება?
– მაისის ბოლოს შს მინისტრს ძალიან მკვეთრად დავეჯახეთ. ხორავას ქუჩის საქმეზე გაყალბებები გახარიას უწყებამ დაიწყო. ივანიშვილმა მისი გაპრემიერება აღარ გარისკა და მთავრობის მეთაურად მამუკა ბახტაძე შემოგვთავაზა, რომელიც ძალიან გაუგებარი არსებაა, ვერაფრით გავიგე რა ფუნქციას ასრულებს ეს ბიჭი სახელმწიფოში.
“ოცნების” კულუარებიდან გამოსული ხმების თანახმად, ახლა აუცილებლად დაინიშნება გახარია პრემიერად. დამიჯერეთ, არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, თუ ვინ დაიკავებს პრემიერის სავარძელს. აქ მთელი სისტემა ბიძინა ივანიშვილზეა აწყობილი.
– გამოდის, რომ გაპრემიერება გახარიას დაასუსტებს.
– ასე გამოდის. აქ მთავარი არის ივანიშვილი და ამ ადამიანს თავისი სახელი უნდა დაერქვას.
ივანიშვილი ქართულმა საზოგადოებამ, როგორც მეცენატი, ისე გაიცნო. ფიზიკურად არავის ნანახი არ გვქონდა, მაგრამ ვიცოდით, რომ ქველმოქმედებას ეწეოდა.
მერე პოლიტიკაში მოვიდა, გახდა პრემიერი. ცოტა ხანში ჩრდილში წავიდა და არაფორმალურ მმართველად გადაიქცა. გახდა ერთპიროვნული მმართველიც, ახლა არის ოლიგარქი.
ყველა ეს სახელი მას სხვადასხვა დროს მიენიჭა. ახლა ის დროა, რომ მას სახელად ესკობარი დაერქვას.
– ესკობარი რატომ, კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის მიღებას რომ ითხოვს?
– მარტო ამიტომ არა. ივანიშვილთან დაკავშირებით ახლო მომავალში საზოგადოება შოკისმომგვრელ ინფორმაციას გაიგებს. მერე მას მთელი საქართველო ესკობარს დაუძახებს.
ბიძინა-ესკობარმა ნახა, რომ საქართველოში ბიზნესის ყველა სფერო მეტ-ნაკლებად ათვისებულია. ერთადერთი სფერო, რაც არაა ათვისებული, ნარკობაზარია. ამ შემთხვევაში ლეგალურ ათვისებას ვგულისხმობ, თორემ არალეგალურად ეს ბიზნესიც ათვისებულია.
ბიძინა-ესკობარი ცდილობს ამ ბაზრის ათვისებას და ამიტომ მოხდა კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის მომზადება. ნარკოტიკებში ძალიან დიდი ფული იშოვება. გახდის ამ ბიზნესს ლეგალურს და მას მარტო მოაჯდება.
– ხომ გაიწვიეს პარლამენტიდან კანონპროექტი კანაფის კულტივაციის შესახებ?
– მერე რა, რომ გაიწვიეს, ისევ მიიწვევენ. ეს კანონპროექტი დღის სინათლეზე ძალიან ცუდ დროს, არჩევნების წინ გამოიტანა. არჩევნები მორჩა და ახლა ამაზე სერიოზული მუშაობა დაიწყო. ძალიან მალე ძალიან სკანდალურ დეტალებს მოეფინება ნათელი.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა