მამუკა გამყრელიძე – “ნაცმოძრაობის რეალური ლიდერი გრიგოლ ვაშაძეა”

მამუკა გამყრელიძე - "ნაცმოძრაობის რეალური ლიდერი გრიგოლ ვაშაძეა”ოპოზიციაში სიახლეებია, ნაციონალური მოძრაობა ყრილობისთვის და ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ემზადება. რატომ გადაწყვიტა სააკაშვილმა განზე გადგომა, რას გეგმავს ოპოზიცია, გაერთიანდებიან თუ არა ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო? – “ახალი თაობის” ამ და სხვა კითხვებს “ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე პასუხობს.
– ბატონო მამუკა, ნაცმოძრაობას ახალი თავმჯდომარე ეყოლება და სააკაშვილმა თავად წამოაყენა ვაშაძის კანდიდატურა. რას იტყვით, რა პროცესები იწყება?
– რაც ახლა გაახმოვანა სააკაშვილმა, დიდი ხანია, ამაზე საუბარი მიდის. პრინციპში ყველა თანხმდება იმაზე და რეალურად ასეც არის, რომ ფაქტობრივი ლიდერი ნაციონალური მოძრაობის სწორედ გრიგოლ ვაშაძეა სხვადასხვა მიზეზების გამო.
– კერძოდ, რა მიზეზების?
– უპირველესად იმ მიზეზის გამო, რომ მისი საპრეზიდენტო კანდიდატურა ძალიან წარმატებული კამპანიით აღინიშნა და მოგეხსენებათ, როგორი შედეგიც იყო. რომ არა ხელისუფლების უსაზიზღრესი ზეწოლა, ალბათ ვიხილავდით მას პრეზიდენტის პოსტზე. ამიტომ, რეალურად ის არის ნაციონალური მოძრაობის გამოკვეთილი ლიდერი.
– სააკაშვილი უფუნქციოდ რჩება?
– სააკაშვილის როლი გამომდინარეობს იმ მდგომარეობიდან, რაც არის. ის გასულია ქვეყნის გარეთ, ვერ ახერხებს შემოსვლას სხვადასხვა მიზეზების გამო. შესაბამისად, მას არ აქვს საშუალება, ყოველდღიურ ცხოვრებაში მიიღოს მონაწილეობა. ამიტომ ეს აბსოლუტურად ნორმალური გადაწყვეტილებაა და ყველაზე პრაგმატული იმ არჩევნების წინ, რომელიც ჩვენ გველის და დიდი ალბათობით ეს იქნება ვადამდელი არჩევნები, რომელსაც ოქტომბერში დანიშნავენ. დღეს ყველაფერი აქეთკენ მიდის.
– ოპოზიციამაც ამისთვის დაიწყო ასე აქტიური სამზადისი? საუბარია, რომ ნაციონალებიც და ევროპელებიც ერთიანდებიან, რომ მათ შუალედურ არჩევნებში ერთიანი კანდიდიატი ეყოლებათ. ამაზე რას იტყვით?
– მე ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ იმ ინფორმაციას, რომ ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო გაერთიანდებიან. ეს მათი პირადი საქმეა, თუმცა არა მგონია. გაერთიანებულ ოპოზიციასთან ჯერ ეს საკითხი შეთანხმებული არ არის.
– ამ ორი პარტიის შესაძლო გაერთიანებაზე რას იტყვით?
– მე ამას ვუშვებ 0,01%-ით. თუ ევროპელები შემოუერთდებიან გაერთიანებულ ოპოზიციას, ესეც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ამ პარტიის ლიდერის, ბოკერიას დამოკიდებულება, რომ ის ყოველთვის მომხრეა, ცალკე მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. მე იმაშიც ეჭვი მეპარება, რომ საბოლოოდ ერთიან კანდიდატურაზე შეთანხმდნენ.
გაერთიანებულ ოპოზიციაში კი შემიძლია დავიფიცო, რომ საუბარი მათი შემოერთების შესახებ და ასე შემდეგ არ ყოფილა. ნაცმოძრაობაც ამ გაერთიანებული ოპოზიციის წევრია, ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი შიგნით თანხმდება.
– გაერთიანებული ოპოზიცია ძალიან გააქტიურდა, “ახალი საქართველოს” ლიდერ გიორგი ვაშაძეს ჰქონდა პარტიის ყრილობა. რა სიახლეები გაქვთ?
– გაერთიანებულ ოპოზიციას კიდევ ერთი პარტია შემოუერთდება და 12-ნი გავხდებით. ყრილობაზე ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. მიდის საუბარი, რომ გაერთიანებული ოპოზიცია რიცხობრივად გაიზრდება.
– ვადამდელი არჩევნები ახსენეთ, ოქტომბერში ჩატარდებაო და რა ინფორმაციებს ფლობთ? კულისებში დაიწყო უკვე ამაზე საუბარი?
– ჯერ ღიად არ საუბრობენ, მაგრამ უკვე გამოდის ხმები სახელისუფლო წრეებიდან, მათი გუნდიდან, რომ ერთ-ერთ ვარიანტად აქტიურად განიხილება ვადამდელი არჩევნები. ამის თაობაზე უფრო და უფრო დადასტურებული ხმები მოდის ჩვენამდე.
– ამ ყველაფერს საეჭვოდ დაემთხვა ოპოზიციის გააქტიურებაც. ნაციონალური მოძრაობა ფიქრობს, რომ ვაშაძის თავმჯდომარეობა მეტ წარმატებას მოუტანს არჩევნებზე?
– გააქტიურება ისედაც ამ დროისთვის იგეგმებოდა. ჩვენ ზამთარში ავიღეთ ტაიმაუტი. გვეგონა, ვიგებდით, დარწმუნებული ვიყავით, რომ შევძლებდით ამას, მაგრამ ხელისუფლებამ ისეთი საზიზღრობები გააკეთა, რომ დავმარცხდით. ამიტომ გვჭირდებოდა ტაიმაუტი აზრზე მოსასვლელად. ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ გაზაფხულს დავლოდებოდით.
– რატომ გაზაფხულს?
– ყოველთვის კარგი პერიოდია ცვლილებებისთვის. თანაც ტარდება რამდენიმე ყრილობა. ნაციონალების ყრილობაც დაგეგმილია 24-ში. გიორგი ვაშაძის – “ახალი საქართველოს” ყრილობაც ძალიან წარმატებული იყო. ეს პარტია თავისი ფორმით დასავლური ტიპის პარტიაა. ძალიან კარგი ყრილობა ჩატარდა, შინაარსითაც შესანიშნავი იყო.
ველოდებით ნაციონალური მოძრაობის ყრილობასაც და შეიქმნება სტრუქტურა გაერთიანებულ ოპოზიციაში, რასაც აუცილებლად მოგახსენებთ. თვის ბოლომდე გვინდა ამ ყველაფრის ჩამოყალიბება. ჩვენ გვინდა, რომ სიმძიმის ცენტრი პარტიებიდან გადმოვიდეს სწორედ გაერთიანებულ ოპოზიციაში.
– გაჩნდა ვერსია, რომ ნაცმოძრაობას გამიჯვნა უნდა წინასაარჩევნოდ სააკაშვილის სახელისგან. მიშა მოდის – ეს თემა კვლავ აქტიურად მუშაობს და ამისგან თავის არიდება უნდათ?
– როგორ უნდა გაემიჯნონ? ფარდას ხომ არ ჩამოაფარებენ ამ ადამიანს. ის ძალიან მძიმე წონის პოლიტიკოსია. მართალია, ის არ არის ამ ქვეყანაში, მაგრამ მის არსებობს ხომ ვერ გაექცევიან, მითუმეტეს ტელევიზიებისთვის ძალიან სასურველი რესპონდენტია. ის არსებობს და როგორ უნდა გაემიჯნონ?!
ეს იგივეა, რომ “ოცნება” გაემიჯნოს ბიძინა ივანიშვილს. როგორ გაემიჯნება? ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს ასეა.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა