ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს კიდევ ერთი ახალი მოთხოვნა დაუწესა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს კომერციული ბანკების ზედამხედველობის კიდევ ერთი ახალი მექანიზმი შემოიღო.

“წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის” შესახებ დებულება საერთაშორისო საბანკო რეგულირების ბაზელ III-ის პაკეტის ნაწილია. მისი ამოქმედება 2020 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება და მის შედეგად კოერციულ ბანკებს მოკლევადიან ვალდებულებებთან მიმართებით ლიკვიდური აქტივების მოცულობის სტანდარტები განახლებული წესებით დაუდგინდებათ.

ეროვნული ბანკის განცხადება:

“საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის (Net Stable Funding Ratio (NSFR)) შესახებ დებულება დაამტკიცა, რომლის მიზანს საბანკო სექტორის მიერ მოზიდული დაფინანსების სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ახალი პრუდენციული კოეფიციენტის მოთხოვნის მიხედვით, ბანკის ვალდებულებების სტრუქტურა მისივე საბალანსო და გარესაბალანსო აქტივობების ადეკვატური უნდა იყოს. ამასთანავე, რეგულაცია ხელს შეუწყობს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ვადიანობის ტრანსფორმაციით (როდესაც ბანკი იზიდავს მოკლევადიან სახსრებს და აბანდებს გრძელვადიან აქტივებში) წარმოშობილი რისკების შემცირებას, რაც მათ დაფინანსების გრძელვადიან, სტაბილურ წყაროებზე მეტი აქცენტის გაკეთების საშუალებას მისცემს.

NSFR-ის სტანდარტი საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის მიერ გლობალური ფინანსური კრიზისის გამოცდილების გათვალიწინებით შემუშავდა და ბაზელ III-ის ჩარჩოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. NSFR-ის დებულება აღნიშნული სტანდარტის პრინციპებთან შესაბამისობაშია და, ამასთანავე, ითვალისწინებს ევროკავშირში მოქმედი დირექტივების (CRD IV – CRR ) მოთხოვნებსა და ევროპის საბანკო უწყების (EBA – European Banking Authority) რეკომენდაციებს.

ბანკების NSFR-ის ანგარიშგება 2018 ივნისიდან რეგულარულად იწარმოება. მასზე დაყრდნობით, მიმდინარე პერიოდში ყველა კომერციულ ბანკს საზედამხედველო მოთხოვნასთან მიმართებაში კომფორტული ბუფერი აქვს, რამაც ახალი რეგულაციის დანერგვა გააადვილა. გამჭვირვალობის ზრდის მიზნით, აღნიშნული ანგარიშგებები დაემატება პილარ 3-ის ფორმებს, რომლებიც კვარტალურად ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ქვეყნდება.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლიკვიდობისა და ფონდირების რისკების რეგულირებისთვის მინიმალური მოთხოვნა 1998 წლიდან დააწესა (ლიკვიდური აქტივები შეფარდებული მოკლევადიან ვალდებულებებთან ≥30% ). 2017 წელს ასევე დაინერგა ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის (LCR) სტანდარტი. NSFR-ის ამოქმედების შემდეგ, 2020 წლის 1-ლი იავრიდან, გაუქმდება არსებული 30%-ის მოთხოვნა და ის რისკების მონიტორინგის ინსტრუმენტად გადაიქცევა. შედეგად, ლიკვიდობისა და ფონდირების რისკთან მიმართებაში, სებ-ის მიდგომები სრულ თანხვედრაში მოვა ბაზელ III-ის პრინციპებთან.”

ბიემჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019