კარლო კოპალიანი – “ვენეციის კომისიას არ აქვს უფლება, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების წესში ჩაერიოს”

კარლო კოპალიანი - "ვენეციის კომისიას არ აქვს უფლება, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების წესში ჩაერიოს"ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით “ქართულ ოცნებაში” აზრთა სხვადასხვაობაა. ამ წუთებში უმრავლესობა “ქართული ოცნების” ოფისში ბიძინა ივანიშვილს ხვდება, სადაც განხილვის თემა სწორედ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებია, რომელიც ევროპელმა ექსპერტებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით, უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე დაკავშირებით შეიმუშავეს. როგორც შეხვედრის მონაწილეების ნაწილი აცხადებს, სავარაუდოდ მმართველი გუნდი შენიშვნების ნაწილს გაითვალისწინებს, თუმცა დოკუმენტში მოხვდა ისეთი რეკომენდაციებიც, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

„სამართლებრივი შენიშვნების უდიდესი ნაწილი ვფიქრობ გასათვალისწინებელია. პოლიტიკური ალბათ ანგარიშგასაწევი, მაგრამ არის საკითხები შენიშვნებისა რომელიც ელემენტარულად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. რა თქმა უნდა ასეთი ტიპის შენიშვნები უბრალოდ ვერ იქნება გათვალისწინებული.  ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ იმდაგვარი დოკუმენტი, რომელიც იქნება გრძელვადიანი და არ იქნება მხოლოდ დღევანდელობას მორგებული და რაც მთავარია, მივიღოთ მოსამართლეების ის სია, რაც იქნება ობიექტურად წარმოდგენილი და შემდეგ მხარდაჭერილი პარლამენტის მხრიდან,“-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ვენეციის კომისიის დასკვნას და რეკომენდაციებს არ აღიარებს კარლო კოპალიანი. მმართველი გუნდის წევრი აცხადებს, რომ  საპარლამენტო უმრავლესობა არ არის ვალდებული ვინმეს მითითებები შეასრულოს და გადაწყვეტილებას საკუთარი პოლიციის გათვალისწინებით მიიღებს.

„არც ვენეციის კომისიას, არც არავის არ აქვს მაგის უფლება ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების წესში ჩაერიოს. ეს ერთი და მერე მეორე, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვისაც წარმოგვიდგენენ აბსოლუტურად სუყველა გავიდეს ეს მოსამართლეები. თავის თავად ასე იქნება ეს, თუმცა ის, რომ ჩვენ ეს ვიღაცამ გვითხრას, ეს ნამდვილად მიუღებელია ჩვენთვის,“-განაცხადა კარლო კოპალიანი.

რუსთავი 2