სოსო ცინცაძე – “ზალკალიანი სუსტი მინისტრია, თურნავა ქრონიკული მოადგილეა, ციხელაშვილის სამინისტრო გასაუქმებელია”

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში განხორციელებულ და მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს.
– პრემიერმა ბახტაძემ გიორგი ქობულიაზე განაცხადა, რომ ის ძლიერი ეკონომისტია, მაგრამ მაინც გაუშვეს. თქვენ რას ფიქრობთ, რა შეიძლება რეალური მიზეზი ყოფილიყო?
– თავის დროზე ბატონი ქობულიას მოსკოვიდან ჩამოყვანა შეცდომა იყო. ის არ იცნობდა ქართულ რეალობას. ის ვერ გრძნობდა ამ ქვეყნის სოციალურ ვითარებას. ის ვერ გახდა ამ ქვეყნის რეალური მინისტრი. მისი ცნობილი განცხადება ყველას ახსოვს. როდესაც მოვისმინე ეს განცხადება, მაშინვე ვთქვი, რომ ის აქ არ არის და რომ თავისი აპარტამენტებიდან უყურებს რეალობას.
თქვენ მკითხეთ გადაყენების რეალურ მიზეზზე. მეც ძალიან ბევრი მოვისმინე ამ დღეებში, რომ ის რაღაცას ცდილობდა, რომ მას ივანიშვილისგან განსხვავებული ხედვა ჰქონდა და ა.შ. თუ ასეა, მაშინ ყველაზე მთავარი მოკავშირე რა შეიძლება იყოს შენი?! რასაკვირველია. გახსნილობა, ღიად საუბარი ამ ყველაფერზე საზოგადოებასთან, ცხადია, მედიის მეშვეობით. მაგრამ ჩვენთან ეს კულტურა არ არსებობს.
– ბატონო სოსო, რამდენიმე კვირის წინ სწორედ ქობულიას წასვლა-არწასვლაზე მითხარით, ეკონომიკის დარგში ნობელიანტებიც რომ ჩამოიყვანოს ივანიშვილმა, ვერაფერს ვერ უშველისო. რას შეძლებს თურნავა?
– ვინ არის ნათია თურნავა?! ყველა მთავრობაში, გარდა ზვიად გამსახურდიას მთავრობისა, მინისტრის მოადგილე იყო. ის ქრონიკული მოადგილეა. მინისტრი ვერასდროს გახდება, მერე რა, რომ დაინიშნა. მე მეეჭვება, რომ თურნავა დამოუკიდებელი, რეალური პოლიტიკოსი გახდეს. პოლიტიკაში ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ეკონომიკურ პოლიტიკას, იდეებთან ჭიდილს და ა.შ. ამას ის ვერ შეძლებს.
თურნავამ რატომ არ დააფიქსირა თავისი პროტესტი, როდესაც ქობულიამ პირველი მარგალიტი გადმოაგდო თავისი ცნობილი განცხადების სახით?! თუ ისიც ასე ფიქრობს?! ეს უნდა ჰკითხოთ ჟურნალისტებმა თურნავას, რატომ არ გააპროტესტა მან ეს განცხადება.
– საუბარია, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები ციხელაშვილისა და ზალკალიანის გაშვებით გაგრძელდება.
– ტალეირანი, რიშელიე, ბისმარკი რომ გააცოცხლოთ და ერთად დანიშნოთ, შედეგი იგივე იქნება, რაც დღეს არის საგარეო მიმართულებით. აქ კონტექსტი არის მნიშვნელოვანი. თუმცა, რასაკვირველია, მე პროფესიონალიზმს არ უარვყოფ, პირიქით, ლამის ქადაგად დავვარდე, რომ მაღალი დონის დიპლომატები გვჭირდება, რომ პროფესიონალები არიან საჭირო, რადგან ჩვენ ისედაც ცუდ დღეში ვართ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე.
რაც შეეხება ციხელაშვილის სამინისტროს, მე ვურჩევდი პრემიერს, რომ ეს სამინისტრო გააუქმოს და საგარეო საქმეთა სამინისტროში შექმნას დეპარტამენტი, როგორც დიასპორასთან დაკავშირებით მოხდა.
რა გააკეთა ციხელაშვილმა?! ვიღაცეები მეტყვიან, ციხელაშვილი ხომ ვერ დაიბრუნებდა ტერიტორიებსო. ერთი ხმაურიანი კონფერენცია მაინც მოეწყო ბრიუსელში, ევროსაბჭოში, ეთქვა საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის, საოკუპაციო ხაზზე ამ დამკვირვებლების დაკვირვების ფონზე რომ იტაცებენ ჩვენს ხალხს, რომ ცხოვრება გამწარებული აქვთ ადამიანებს, ყანა ვერ მოუთოხნიათ და ძროხა ვერ გაუშვიათ საძოვრებზე. ამისთვის გვჭირდება ციხელაშვილი და არა იმისთვის, რომ მინისტრი ერქვას და მანქანა ემსახურებოდეს.
ზაქარეიშვილი უფრო აქტიურობდა, კონტაქტები ჰქონდა. ინიციატივებით გამოდიოდა, მართალია ზოგი მისაღები ზოგიც – ნაკლებად. ეს სამინისტრო საერთოდ გასაუქმებელია, მაინც არაფერს აკეთებს.
– ზალკალიანის შემცვლელებიც სახელდებიან, მაგალითად, ამერიკაში ჩვენი ელჩი ბაქრაძე, თუმცა ის არ არის თანახმა, რომ ჩამოვიდეს. ასევე სახელდება ზურაბ აბაშიძე.
– სამწუხაროდ, ზალკალიანი სუსტი პროფესიონალია. გაცილებით უარეს დღეში იყვნენ ალექსანდრე ჩიკვაიძე, ირაკლი მენაღარიშვილი, ელჩებს ხელფასს ვერ აძლევდნენ, საელჩოებს იჯარის ვალი გვქონდა, მაგრამ მაინც რაღაცას ახერხებდნენ თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმის ხარჯზე.
საგარეო საქმეთა მინისტრი თუ არ არის მაღალი დონის დიპლომატი, თავისი საქმის პროფესიონალი, ჩვენნაირ ქვეყანას კი არა, მერწმუნეთ, ამერიკის შეერთებულ შტატებს გაუჭირდება დანარჩენ სამყაროსთან ურთიერთობა. დიპლომატია ის დარგია, სადაც შეცდომა უბრალოდ არ არსებობს, არათუ მისი პატიება.
კიდევ ერთი, ჩვენ აღმოსავლელი ხალხი ვართ, სადაც ერთგულება, სოლიდარობა და არა მლიქვნელობა, ძვირად ფასობს. ზალკალიანმა თავის პარტიას უღალატა. თან ის განცხადებაც ხომ გახსოვთ, მივდივარ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ საგარეო კურსი შეცვალაო, მაგრამ ორ თვეში მინისტრი რომ გახდა, გაირკვა, რომ მთავრობას არც კურსი შეუცვლია და არც არაფერი.
ერთი სიტყვით, ხეების მიღმა ტყეც უნდა დავინახოთ. მე მაინც ამ ცვლილებებს არჩევნებს ვუკავშირებ. ეს არის ელემენტარული ტაქტიკური მანევრი და სხვა არაფერი.
მე სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ უკეთეს მინისტრებს მოიყვანენ, მაგრამ ეს ცვლილება სჭირდება “ქართულ ოცნებას” და ამიტომ აკეთებს ამას.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019