ხორავაზე მკვლელობის საქმეში დ.ღ.-ს 2 წელი და 3 თვე მიესაჯა – ”ჩემს შვილს შეაწმინდეს ხელი ბოლომდე”

ხორავაზე მკვლელობის საქმეში დ.ღ.-ს 2 წელი და 3 თვე მიესაჯა - ”ჩემს შვილს შეაწმინდეს ხელი ბოლომდე”ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა – ცრუ ჩვენების საქმეზე ბრალდებულ დ.ღ-ს პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანს  3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა  მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს.

მას ასევე პატიმრობაში გატარებული 6 თვე სასჯელის მოხდად ჩაეთვლება. დ.ღ. საპატიმროში 1 წელს და 9 თვეს გაატარებს.

მოსამართლის გადაწყვეტილება არასრულწლოვანის ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა გააპროტესტეს. დარბაზში ასევე ისმოდა გინებაც.

“რატომ, რისი გულისთვის უშვებთ ციხეში?”, – მიმართეს მოსამართლეს დ.ღ.-ს ახლობლებმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას დაკავებულის მამის უკმაყოფილება მოჰყვა.

„ეს არის სამართალი? ეს რა გააკეთეს. მაქსიმუმ ველოდებოდით პირობითს, იმიტომ, რომ არასრულწლოვანი იყო მაშინ. ყველას პირობითი აქვს. ყველა ერთმანეთს დაუპირისპირეს. სამაგალითოდ დასაჯეს ამ მთავრობამ, პროკურატურამ, შეაწმინდეს ხელი ბოლომდე.

ჩემი ადვოკატი გაასაჯაროებს ჩანაწერებს, სარალიძის ჩანაწერსაც გავასაჯაროებთ. პროკურორებმა რომ იცრუეს სასამართლოზე, იმასაც გავასაჯაროებთ. გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები. გამოვიდა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, გამოვიდნენ კომისიის წევრები, ჩემი შვილი რომ დაიჭირეს, ყველამ თქვა, რომ ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი, ახლა გეკითხებით, სად არის წინგადადგმული ნაბიჯი. ვინ დაიჭირეს, რა გააკეთეს“, – აღნიშნა კახა ღლონტმა.

დ.ღ. 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში დააკავეს. მოგვიანებით ის 5000 ლარიანი გირაოს საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. არასრულწლოვანს ექვსთვიანი საპატიმრო ვადა 19 იანვარს ეწურებოდა.