მინისტრი ქობულია კარგად ვერ ერკვეოდა მიმდინარე პროცესების ნიუანსებში

ფოთის პორტის მფლობელი ამერიკული კომპანია APM Terminal-ის მიერ, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით, გუშინ გავრცელებულ განცხადებას დიდი  გამოხმაურება მოჰყვა.

განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2 მაისის #77-04 ბრძანების თანახმად, დამტკიცდა ქალაქ ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. აშენდება 1640 გრძივი მეტრი სიგრძის ახალი დამცავი მოლი და 700 გრძივი მეტრი სიგრძის ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი.

ეს, იმ ვითარებაში, როცა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, უბრალოდ რომ ვთქვათ, დამატებით ახალ კითხვებს აჩენს. არ დააყოვნა „ანაკლიის კონსორციუმის“ რეაქციამაც. თუ მთავრობის მხრიდან ამას არ მოჰყვა რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება, – აღნიშნულია მათ განცხადებაში.

ინტრიგა გაჩნდა. ნაციონალებმა ეკონომიკის ახალი მინისტრი პარლამენტში დაიბარეს, ყოფილმა ოცნებისტებმა კი, მეტი ხმაურისთვის, პრემიერისა და მინისტრის  გადადგომაც კი მოითხოვეს. თუ გავითვალისწინებთ, გადაწყვეტილებების მიღებისას მთავრობის ტრადიციულ გაუბედაობას,  ანაკლიის აჟიტირებული თემისგან ახალი სკანდალის აგორება გარდაუვალი ჩანდა. მაგრამ,  ეკონომიკის ახალი მინისტრმა, რომელმაც თავი პანკისში გაუაზრებელი ნაბიჯებით გაგვაცნო, ამჯერად ოპონენტებს სიურპრიზი შესთავაზა და საკითხი მანამ გადაწყვიტა, სანამ თემა გაცხელდებოდა. მან გააუქმა სამინისტროს მიერ ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი და თანამდებობიდან გადააყენა მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა.

საპარლამენტო ოპოზიცია აშკარად უკმაყოფილო  დარჩა, თემის განხილვაც უპატარძლო ქორწილს დაემსგავსა, მაგრამ  საინტერესოა, რეალურად რასთან გვაქვს საქმე და რამ გამოიწვია ეს გაუგებრობა.

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გამოსვლიდან აშკარად გამოჩნდა, რომ ის ამ თემას საერთოდ არ იცნობს. შესაბამისად, საკითხი, ყველა შემთხვევაში, მისი წინამორბედის დროს და დასტურითაა მომზადებული. მართალია, სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ  ფოთის პორტის მფლობელი ამერიკული კომპანიისთვის APM Terminal-ისთვის ე.წ. მიწათსარგებლობის ტექნიკური პირობები 2 მაისის ბრძანებით დაამტკიცა,   რითიც მას შესაძლებლობა გაუხსნა, მომავალში  სანებართვო პროცესი დაეწყო. მაგრამ, ცხადია, რომ ამას წინ უძღოდა მრავალთვიანი მოსამზადებელი ეტაპი და ყოფილი მინისტრის თანხმობა. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულ თემას ქობულიასთან მისი მეგობარი და ცნობილი  ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ლობირებდა.

მინისტრი ქობულია ნამდვილად უცხო სხეული იყო მინისტრთა კაბინეტში და ამ თემამაც დაადასტურა, რომ კარგად ვერ ერკვეოდა მიმდინარე პროცესების ნიუანსებში. ეკონომიკური კატეგორიებით მართლაც გაუგებარია, რატომ უნდა აუკრძალო პორტის მშენებლობა ერთ კონსორციუმს მეორეს სასარგებლოდ. მით უფრო, როცა ეს უკანასკნელი დამატებით ხარჯებს არ ითხოვს მთავრობისგან. თუმცა, არსებული კონიუნქტურა და პოლიტიკური პროცესი  ანაკლიისადმი მიკერძოებასა და პრიორიტეტულობას განაპირობებს, რაც ვერ გათვალა მინისტრმა ქობულიამ.

ასეთია ქობულიას დატოვებული ერთი კეისის ისტორია. თუ გავითვალიწინებთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტში რუსების ჩართვა და საქართველოს იგნორირება, ასევე, ქობულიას კეისებიდანაა, მისი მემკვიდრეობდან კიდევ რამდენი ასეთი ნაღმის  განმუხტვა მოუწევს მთავრობას, ამას დრო გვიჩვენებს.

m2b.ge

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019