“აბა შენს ცოლის ძმას ხომ არ დავნიშნავდი, ვერ გავიგე?! დავნიშნე, დიახ!” – ვიდეო

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ააიპ „ქობულეთის სანდასუფთავებაში“ 15-მდე ადამიანი, სავარაუდოდ, ფიქტიურად არის დასაქმებული და ხელფასს იღებს.

„ტვ 25“-ის ინფორმაციით, ბიუჯეტის თანხების უკანონოდ ხარჯვა და ნეპოტიზმი დასტურდება ოფიციალური დოკუმენტებით, რომელიც ტელეკომპანიას ამავე ააიპ-ის თანამშრომელმა მიაწოდა.
ტელეკომპანიის ცნობით, ირაკლი რომანაძემ „ქობულეთის სანდასუფთავებაში“ მუშაობა ძმის – მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, მინდია რომანაძის დახმარებით, დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. მას ყოველთვიურად ხელზე 400 ლარი ერიცხება, თუმცა რისთვის, არ იცის. „ტვ 25“-თან მან დაადასტურა, რომ ბოლო სამი თვეა სამსახურში არ ყოფილა, რის მიზეზადაც შვებულება დაასახელა. სამსახურში რომანაძის არყოფნის შესახებ არაფერი იცოდა „ქობულეთის სანდასუფთავების“ დირექტორმა, სულიკო ბლადაძემ.

„ქობულეთის სანდასუფთავებაში“ მუშაობს სულიკო ბლადაძის ძმა, ნუგზარ ბლადაძეც, რომელიც ყოველთვიურად ხელფასის სახით 750 ლარს იღებს. „ტვ 25“-ის ჟურნალისტს ბლადაძეების ოჯახის დამხმარემ უთხრა, რომ ნუგზარ ბლადაძე არ მუშაობს და ყოველდღე სახლშია.

„არავის ხარჯზე არ დამისაქმებია ჩემი ძმა, ვინმე არ გამიშვია და არ მომიყვანია ჩემი ძმა, ამას ვერავინ იტყვის. ჩემი ძმა ყოველთვის დადის სამსახურში, „დაჟე“ შვებულებას მთხოვს და ვერ ვუშვებ, რადგან ახლა ზაფხულის სეზონი მეწყება.

ჩემი ძმა აქ მძღოლად მუშაობს და იმუშავებს. ვის ჰკითხეთ, ჩემს ოჯახში რომ მიხვედით? რა იცის მან, მუშაობს თუ არა ჩემი ძმა. მე გეუბნებით, მუშაობს“, – განაცხადა სულიკო ბლადაძემ.

„ტვ 25“-ის ინფორმაციით, „ქობულეთის სანდასუფთავების“ კიდევ ერთი ფიქტიური თანამშრომელია სულხან ჯაფარიძე, რომლის ანაზღაურება 500 ლარს შეადგენს. სულიკო ბლადაძის განმარტებით, ჯაფარიძე ერთთვიან შვებულებაში ჰყავს გაშვებული და სამსახურში ამიტომ არ დადის.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, სულიკო ბლადაძეს „ქობულეთის სანდასუფთავებაში“ საკუთარი ცოლის ძმაც ჰყავს დასაქმებული.

„რას ჰქვია ნეპოტიზმი? ვინმეს ხარჯზე დავასაქმე? აბა შენს ცოლის ძმას ხომ არ დავნიშნავდი, ვერ გავიგე?! დავნიშნე, დიახ! მოვედი აქ, შევხედე ადგილები ცარიელი იყო, მოვიყვანე ცოლის ძმა და დავნიშნე. რა არის ამაში ცუდი?“, – უთხრა სულიკო ბლადაძემ „ტვ 25“-ის ჟურნალისტს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი, მირიან ქათამაძე ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას უარყოფს. მისი თქმით, თუკი ასეთი დადასტურდება, „ქობულეთის სანდასუფთავების“ უფროსთან შრომით ურთიერთობას გაწყვეტენ. „მაგრამ, ჩვენი ინფორმაციით, ასეთი რამ ნამდვილად არ დასტურდება“, – განაცხადა ქობულეთის მერმა.

რეგინფო

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019