გია ხუხაშვილი – „ხელისუფლება მელიასგან სერიოზულ ლიდერს ქმნის“

გია ხუხაშვილი - „ხელისუფლება მელიასგან სერიოზულ ლიდერს ქმნის“1 ივლისს “ქართულმა ოცნებამ” პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად გამართა საკანონმდებლო პაკეტის პრეზენტაცია. ოპოზიციური პარტიების უმეტესობა პრეზენტაციაზე არ მივიდა, მაგრამ რამდენიმე მაინც მივიდა, რამაც სხვა ოპოზიციონერების კრიტიკა გამოიწვია.

რატომ არ იყო ოპოზიცია ერთიანი, რა შანსი აქვს გადასარჩენად “ქართულ ოცნებას” და რა თქვეს ხელისუფლებამ და სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე? – ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საუბრობს.

_ რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა გააკრიტიკეს სხვა ოპოზიციური პარტიები იმის გამო, რომ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით დაესწრნენ ”ქართული ოცნების” პრეზენტაციას. უნდა მისულიყვნენ თუ ოპოზიციას საერთო სტრატეგია უნდა ჰქონოდა?

_ ოპოზიციის ერთიანობაზე ლაპარაკი ერთი დიდი ზღაპარია, რომელიც 30 წელია გრძელდება. სინამდვილეში მე არ ვთვლი ასე კატეგორიულად, რომ არ უნდა მისულიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში არის ლეგიტიმური მოთხოვნები, მაგრამ არის საკითხები, რაც ამ მოთხოვნებზე მაღლა დგას.

გახარიას გადადგომაზე არ დგას ამ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების გეგმა. პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა ასეთ საკითხებს მიეკუთვნება. აქედან გამომდინარე ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადავაყოლოთ.

ჩვენ ხომ მტრები არ ვართ. იქაც უნდა მიხვიდე, გააპროტესტო და მოთხოვნები უნდა გააჟღერო. მე ეს მგონია სწორია და არა ის, რომ ამით ისევ ხელისუფლებას მივცეთ შანსი, რომ დათმობა ისევ გაანულოს და ყველაფერი წყალში გადაიყაროს. ამიტომ, მე ასეთი კატეგორიული არ ვიქნები.

თუ ვინმეს უნდა, ასეთი დემარშით ილაპარაკოს, ეს მისი გადასაწყვეტია. მაგრამ, ის რომ ამის გამო სხვები გაკიცხონ, არა მგონია, რომ დღევანდელ მოცემულობაში მათ ამის უფლება ჰქონდეთ.

_ ”ევროპული საქართველო ”ამბობს, რომ ეცდება, როგორმე დაითანხმოს „ოცნება“ იმაზე, რომ ბლოკების შექმნა შესაძლებელი იყოს. შესაძლებელია, „ოცნებამ“ ესეც დათმოს?

_ ამ მოთხოვნას არ ვეთანხმები. იმიტომ, რომ მოდით საკითხი ასე დავსვათ, რას გვაძლევს ეს ბლოკები?! თუ პარტიას არ აქვს პოტენციალი, რომ ნულოვანი ბარიერიც კი გადალახოს, ასეთი პარტია რატომ უნდა სჭირდებოდეს მეტ-ნაკლებად სერიოზულ პოლიტიკურ ძალას?! ეს მხოლოდ ანაგვიანებს პოლიტიკურ ველს. რაღაც მანიპულაციების და ტექნოლოგიების მოსაწყობად გამოიყენება და ქმნის ფსევდოერთიანობის ილუზიას და მეტს არაფერს.

ბევრად უფრო მნიშვნელოვანია პოსტსაარჩევნო კოალიციების ფორმირება. პარტიები უნდა ერთიანდებოდნენ არა წინასაარჩევნოდ გაუგებარი პრინციპებით, სადაც არც იდეოლოგიური ერთობაა, მსოფლმხედველობა და ა.შ. გაუგებარი ერთიანობით ვიღაცის წინააღმდეგ, არამედ პოსტსაარჩევნო პერიოდში უნდა ეძებდნენ იმ ოქროს კვეთას, რომლითაც ისინი გაერთიანდებიან და მოახდენენ უმრავლესობის თუ უმცირესობის ფორმირებას.

ეს არის ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი.

კი ბატონო, შეიძლება ამასაც ჰქონდეს მინუსები, მაგრამ ერთკაციანი პარტიების თემა უნდა დავამთავროთ. ცოტათი მაინც უნდა გავფილტროთ საკმაოდ დაბინძურებული ველი, რომელიც გვაქვს.

_ „ოცნებას“ შეექმნა კრიზისი, შემდეგ თითქოს რაღაცები დათმო, მაგრამ შემდეგ ისევ ერთიანი მესიჯ-ბოქსით დაიწყო გახარიას დაცვა.

_ მაგაზე გამოვაქვეყნე ვრცელი განცხადება, სადაც ვთქვი, რომ გახარიამ უნდა გააცნობიეროს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა დოზით არის პასუხისმგებელი ამ პროცესებზე, აქვს შანსი, თავისი გადადგომით გზა გაუხსნას საერთო სახალხო დიალოგს, გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი განვითარების ფორმულის შემუშავების მიზნით. მან უნდა იცოდეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს განსაკუთრებული აღტყინებით უკიჟინებენ, რომ „არ გადადგეს“, ასეთივე აღტყინებით „ჩადებენ მიწაში”, როგორც კი რაღაც შეიცვლება.

მათ ეს არაერთხელ გაუკეთებიათ.

_ ქუცნაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ზელენსკის შეადარა მშვილდაძე და აქციას პრაქტიკულად მართული უწოდა. რამდენად გამართლებული იყო მისი აქცენტები და ხომ არ უნდა აეღო ტაიმ-აუტი მცირე დროით მაინც?

_ ქუცნაშვილი არ არის საინტერესო და არც არასდროს ყოფილა საინტერესო. მე უკვე დავიწყებული მყავდა და ახლა შარი-შური ატეხა. ქუცნაშვილი არ არის ქართული პოლიტიკის ფაქტორი. ის რას ილაპარაკებს, მაგას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა.

_ მაშინ ”ქართული ოცნება” რატომ ვერ ამბობს მასზე საბოლოოდ უარს?

_ არ ვიცი. რაც უნდათ, ის ქნან, ეს მათი გადასაწყვეტია. 91 ქუცნაშვილი ეყოლებათ თუ 92, მე ამაში დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ.

_ ”ქართულ ოცნებას” მაინც ექნება რაღაც შანსი 2020 წელს?

_ არა, მე ასე ვფიქრობ, მას არანაირი შანსი არ ექნება უმრავლესობაში მოსასვლელად.

_ უმრავლესობაში მოსვლის მხრივ კი არ გეკითხებით, არამედ იმას, რომ იქნება პარლამენტში არცთუ უმნიშვნელო მანდატებით წარმოდგენილი.

_ ამის შანსი, რა თქმა უნდა, ექნება. ელექტორატს თავი რომ გავანებოთ, რესურსები ხომ აქვს და, ბუნებრივია, რაღაც შანსი ექნება.

_ მაგრამ უკვე 2024 წლისთვის რა შანსი ექნება? ხომ არ ფიქრობთ, რომ დაშლისთვის განწირულია?

_ ასე შორს ნუ წავალთ. ჯერ ”ქართულ ოცნებას” 2020 წელი აქვს გადასატანი. დღეს ”ქართული ოცნება” არის პარტია, რომელსაც როგორც კი ბიძინა ივანიშვილი მოშორდება, ან როგორც კი სახელისუფლებო ძალაუფლებას საფრთხე შეექმნება, მეორე დღესვე დაიშლება. ეს არ არის მყარი პარტია, რომელსაც აქვს კლასიკური იდეოლოგიური მყარი ფუნდამენტი, რაც მას მისცემს იმის რესურსს, რომ ოპოზიციაშიც იარსებოს.

ოპოზიციაში ”ქართული ოცნება” სასაცილოა. ეს არის კლასიკური სახელისუფლებო პარტია, რომელიც მაშინვე იშლება, როგორც კი ხელისუფლებიდან წასვლა მოუწევს.

_ ანუ ნაციონალური მოძრაობის გზით მის სვლას არ ელოდებით?

_ არა, ნამდვილად არ ველოდები. ნაციონალური მოძრაობა ცუდი იყო თუ კარგი, მას ჰქონდა მწყობრი იდეოლოგია და დღესაც აქვს, რაც ”ქართულ ოცნებას” არ გააჩნია.

_ თუმცა ისიც ხომ ფაქტია, რომ გარკვეულწილად მაინც ნაციონალების მაკონსოლიდირებელი სააკაშვილიც არის?

_ კი ბატონო.

_ სააპელაციო სასამართლომ მელიას სამაჯურის ტარების ვალდებულება დააკისრა. ეს რას ნიშნავს, როცა ასეთ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო პოლიტიკოსის მიმართ?

_ ისევ და ისევ „მტრის“ წისქვილზე ასხამენ წყალს. იმიტომ, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან კონფლიქტში შედის.

ერთი მხრივ, დეპუტატმა უნდა შეასრულოს თავისი კანონიერი ვალდებულება _ იაროს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესში. სასამართლო კი მას სახლიდან გამოსვლას უკრძალავს, რაც სრული აბსურდია.

აქედან გამომდინარე, მელია ამ სანქციას დაარღვევს და ბოლოს და ბოლოს შესაძლოა ეს საქმე ძალიან რეზონანსული საერთაშორისო საქმე გახდეს.

ფაქტობრივად, ხელისუფლება და სასამართლო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მელიასაგან შექმნან სერიოზული ლიდერი. არა უბრალოდ ნიკა მელია, რომელიც მეორე ლიგის პოლიტიკოსია, არამედ შექმნან ნამდვილი ლიდერი. ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

_ ანუ ხელისუფლებამ თავად აქცია მელია გმირად?

_ რა თქმა უნდა.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა