სექსუალური ძალადობის მსხვერპლი _ „ცოლად გაყოლაზე ყველა მამაკაცს უარს ვეუბნები, რადგან ქალწული არ ვარ“

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი _ „ცოლად გაყოლაზე ყველა მამაკაცს უარს ვეუბნები, რადგან ქალწული არ ვარ“19 წლის ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში დიდი უბედურება მოხდა, _ წერს 27 წლის ქალი ჟურნალ ”სარკისთვის” გაგზავნილ წერილში, _ მეზობლის ბიჭმა, რომელიც ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო, გამაუპატიურა. სახლში იმ დროს მოვიდა, როცა მარტო ვიყავი.
ჩემს მშობლებთან და უფროს ძმასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ამიტომაც სახლში თამამად შემოვუშვი. ცუდი არც მიფიქრია. თანაც რაღაც ახალი მუსიკა მქონდა აკვიატებული და ის სიმღერა ბოლო ხმაზე მქონდა აწეული, მეც ვყვებოდი სიმღერას და უბედნიერესი ვიყავი.
უცებ კი ის მხეცი დამეტაკა. ვერც მივხვდი, რა ხდებოდა, ეს ისე უცაბედად მოხდა. მას შემდეგ დღე არ გავა ისე, არ გავაანალიზო ყველაფერი და სინანული არ ვიგრძნო, რატომ ეს არ გავაკეთე, რატომ ასე არ მოვიქეცი-მეთქი. ამ გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, შემეძლო მოგერიება. იქვე სამზარეულო იყო, მომეკრიბა ძალა, შევვარდნილიყავი, ამეღო დანა და იმ ღორისთვის…
თუმცა ამ ყველაფერზე ფიქრი დღეს ძალიან ფუჭია, რადგან ვერავინ ვერაფერს შეცვლის. რაც მოხდა, მოხდა. ეს მძიმე ჯვარი ჩემი საზიდია და ეს ტკივილი ჩემი სატარებელია.
იმ ბიჭს მაშინ ცოლიც ჰყავდა და შვილიც. ამიტომ არც მიფიქრია, რომ ჩემს ცოლად მოყვანაზე იფიქრებდა. წასვლისას დამაშინა, თუ რამეს იტყვი, ალბათ მამაშენი და შენი ძმა შემომაკვდებიანო. ის მოძალადე ყველაფერზე წამსვლელი მეგონა, ამიტომაც გავჩუმდი.
ჩემი დეპრესია მშობლებმა სტუდენტობას დააბრალეს. მეც გაღიზიანებული ვამბობდი, რომ ლექტორები ბევრ სამეცადინოს გვაძლევდნენ, მე კი მასალის მომზადებას ვერ ავუდიოდი და ა.შ.
ბოლოს ბებომ მიშველა. არ ვიცი, ქალური ინტუიცია იყო თუ სხვა რამ, მაგრამ მშობლებს უთხრა, ჩემთან გადმოვიდეს, უნივერსიტეტთან უფრო ახლოს იქნება, თანაც მე უფრო შევუწყობ ხელს, ჩვენ ორნი ვიქნებით მარტო, მეცადინეობაში ხელს არავინ შეუშლისო. ჩემს დედ-მამას ჭკუაში დაუჯდათ და გამიშვეს.
ბებო ზედმეტ კითხვებს არ მისვამდა. ისე უჩუმრად მიწყობდა ხელს, რომ გამაღიზიანებელი არ ყოფილიყო. ჩემს ჯგუფელებს დაუახლოვდა, ღვეზელებს, ტორტებს გვიცხობდა, თავის დაყენებულ ლიქიორებს გვასმევდა. მერე თავისი ახალგაზრდობიდან სასაცილო ისტორიებს იხსენებდა და ასე თანდათან მდგომარეობიდან გამოვედი.
მშობლების სახლში იშვიათად მივდიოდი. მერე იმ მოძალადემ ჭკუას მოუხმო, სახლი გაყიდა და სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. თავიდან შევეჩვიე იმ გარემოს, სადაც მთელი 19 წელი ბედნიერად ვცხოვრობდი.
უამრავი თაყვანისმცემელი მყავს. ზოგი მეც მომწონს, მაგრამ მათთან ახლო კონტაქტს ვერიდები. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ყველა ბიჭში მოძალადეს ვხედავ და მეორეც, ქალწული არ ვარ და მათთან ურთიერთობას რა აზრი აქვს?
რამდენიმემ ცოლად გაყოლაც კი მთხოვა, მაგრამ უარი ვუთხარი სწორედ ამ მიზეზით. აბა, მითხარით, საქართველოში ასეთი ცოლი ვის უნდა? რომ გაიგებენ, ქალიშვილი არ ვარ, ხომ გამომაგდებენ სახლიდან? სიმართლეს კი ვერავის ვეტყვი, რადგან ასე არავის ვენდობი.
მირჩევნია, ასე მარტო ვიყო და მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ვიცხოვრო, ვიდრე ოჯახი შევქმნა. გულს იმით ვიმშვიდებ, რომ ის მოძალადე ძალიან უბედურია. ის სახლიც დაკარგა, სადაც საცხოვრებლად გადავიდა და ორი ძალიან ძვირფასი ადამიანიც გამოეცალა ხელიდან. იმ ადამიანებს არაფერს ვერჩი, ისინი რა შუაში იყვნენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც იფიქრებდა, რომ ჩემმა ცოდვამ უწია.
სარკე“