_ ჩემთვის სამზარეულოში ტრიალი დროის ფუჭად კარგვაა. როცა კვირაში ერთხელ საკუთარი სიამოვნებისთვის მოინდომებ ან მეგობრისთვის, ეს კარგია, მაგრამ ყოველდღე რომ საჭმლის კეთება მიწევდეს, მაგრად დამეზარებოდა, _ ამბობს ჟურნალ ”სარკესთან” ტელეწამყვანი ეკა ამირეჯიბი.
მისი სტიქია სამზარეულოში ფუსფუსი ნამდვილად არ არის, მაგრამ რასაც აკეთებს, გემრიელი გამოსდის.
”სარკეს” მან ფრანგული სალათის რეცეპტი გაუმხილა, რომელიც პირველად თბილისის ერთ-ერთ კაფეში გასინჯა და შემდეგ სახლშიც სცადა მომზადება.
_ ავიღოთ 2 კონა სალათის ფოთოლი, ერთი თავი ხახვი წვრილად დავჭრათ, მოხარშული ქათმის ხორცი _ კუბიკებად. ეს ყველაფერი შევურიოთ, დავამატოთ 100-100 გრამი წვრილად დაჭრილი ქლიავის და გარგარის ჩირი. შეგიძლიათ თხილიც დააყაროთ.
1 სუფრის კოვზი ძმარი მოასხით, ოღონდ იმდენი, რომ მისი გემო შემაწუხებელი არ იყოს. ძალიან პიკანტური სალათი გამოდის.
შეგიძლიათ 1 კონა ქინძი დააჭრათ, მაგრამ თუ დაგეზარებათ, ჩირი ისეთ გემოს აძლევს, მწვანილის მოთხოვნილება დიდად აღარ გექნებათ, _ უთხრა ”სარკეს” ტელეწამყვანმა.
ეკა ამირეჯიბის სახლში ხშირად კეთდება ბრინჯი ნინო სუხიშვილის რეცეპტით:
_ ავიღოთ 2 მოზრდილი ჭიქა ბრინჯი და მოვხარშოთ. 1 ქილა სოკო მოვშუშოთ 3 თავ ხახვთან, წვრილად ჩახეხილ 2 სტაფილოსთან, 1 კონა ტარხუნასთან ერთად. გემოვნებით ვუზამთ მარილს და პილპილს. მერე ეს ყველაფერი გადავურიოთ ბრინჯში.
არომატისთვის ვუშვებით სოკოს ბულიონის 1 კუბიკს. განსაკუთრებულ შემთხვევებში ეს კერძი ჩვენს სუფრაზე ყოველთვის არის.
ჟურნალი ”სარკე”, ლანა კიკნაძე