– მჯერა, რომ ადამიანები სხვებს რასაც უსურვებენ, მერე თვითონ გადახდებათ თავს. საკუთარ ტყავზე იწვნევენ, რას ნიშნავს, როცა ვიღაცას ცილს სწამებ, სიცოცხლეს უმწარებ, მომავალს უნგრევ, – უყვება ჟურნალ “სარკეს” ერთ-ერთი მკითხველი, – მეც მაქვს იმედი, რომ სამართლიანობა ოდესმე აუცილებლად იზეიმებს და ყველას თავისი მიეზღვება.
ალბათ იფიქრებთ, 18 წლის გოგო ასე რამ გაამწარაო. გამწარებული კი არა, უფრო მეტიც ვარ. მეზობლებმა ისეთი ცილი დამწამეს, არც კი ვიცი, ცხოვრება როგორ უნდა გავაგრძელო. ხმა დამიყარეს, რომ მამისტოლა კაცთან რომანი მაქვს.
ზუსტად ვიცი, ასეთი სიბინძურე ვის თავშიც მოიხარშა.
ჩემს მეზობლად ერთი ოჯახი ცხოვრობს. მათი შვილი ჩემზე რამდენიმე წლის უფროსია. ის ბიჭი ცოტა სხვანაირია, აი, ძალიან ნაზები და გაპრანჭულები რომ არიან, ისეთი. სულ სხვებზე ჭორაობს. თავად მეგობარი არ ჰყავს, ამიტომ ქალებში ჩაჯდება ხოლმე დედაკაცივით და მთელი ქვეყნის ჭორებს განიხილავს.
მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობს და სულ იცის, ვინ შედის და გადის, ვინ არიან კლიენტები, რომელი მეზობელი რამდენ ფულს ხარჯავს, რას ჭამენ და რას სვამენ და ა.შ.
შევსწრებივარ, როგორ განხილავდნენ, ჩვენი ერთი მეზობელი ძვირადღირებულ სიგირეტს რატომ ყიდულობდა, როცა მცირე ხელფასი ჰქონდა. რა მათი საქმე იყო, მაგრამ, მათი ჭკუით, ყველაფერი ეკითხებათ.
—
ერთ დღეს ამ ბიჭის მაღაზიაში შევედი. გვერდით მეგობრის მამა მახლდა. იმ დღეს ჩემი დაქალი საავადმყოფოში დააწვინეს. მამამისმა მაღაზიაში მე შემიყვანა, რაც უნდა, შენ აურჩიეო. მოკლედ, ყველაფერი ავიღე, რაც მეგობარს სჭირდებოდა, სალაროსთან კი, რა თქმა უნდა, იმ კაცმა გადაიხადა. მამაჩემივით ისიც ახალგაზრდაა, ოღონდ უფრო თანამედროვე ტიპი და ძალიან თბილი ადამიანი. ჩემმა მეზობელმა კი მთელი ისტორია ააგო, რომ ამ კაცის საყვარელი ვიყავი.
ისე დაემთხვა, რომ რამდენჯერმე სახლშიც მომიყვანა და ჭორიც აგორდა და აგორდა. იმას კი ვერ მიხვდნენ, მართლა რამე რომ მქონოდა ვინმესთან, ჩემს სახლთან არ მოვიყვანდი და არც იმ ჭორიკანა ბიჭის მაღაზიაში შევიყვანდი. თუმცა ეს მათაც მშვენივრად იცოდნენ, მაგრამ ერჩივნათ, ეჭორავათ და კიდევ ერთი ადამიანის ცხოვრება დაენგრიათ.
მე როცა გავიგე, ჩემზე რა ხმებიც დადიოდა, უკვე გვიანი იყო. მთელ სამეზობლოში მოდებული იყო ეს ამბავი. რა თქმა უნდა, სკანდალი მოვაწყვე და ამან ჩემი მდგომარეობა კიდევ მეტად დაამძიმა.
მამამ მითხრა, ამის საბაბი რატომ მიეცი, დამნაშავე შენ ხარო. დედამაც ეს პოზიცია დაიჭირა. ანუ ისევ მე გამოვედი მტყუანი. არადა რა ჩემი ბრალია, თუ ხალხი ასეთი გაბოროტებულია?!
ახლა აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ყველას ვუთხარი, რომ ეს ბინძური ჭორი იყო, სამეზობლოში ყველას სათითაოდ ავუხსენი, რა და როგორ იყო. კი, მითხრეს, არც დაგვიჯერებია, შენ კარგი გოგო ხარო, მაგრამ იქნებ გულში სხვა რამეს ფიქრობენ? არაფერი ყოფილა და ასეთი ხმები რატომ უნდა დაეყარათ?!
ამ ყველაფერზე რომ ვფიქრობ, მდგომარეობიდან ისე გამოვდივარ, მზად ვარ, ის ბიჭი გავწიწკნო. ისეთი სახით დადის, თითქოს თვითონ კი არა, მე ვიყო დამნაშავე. წესიერად ბოდიშიც არ მომიხადა. თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ცოდვა მას აუცილებლად მიეწევა.
ჟურნალი “სარკე”