სოსო ცინცაძე: „თუ არასამთავრობოები კომისიას დატოვებენ, ეს კონსტიტუციაზე დიდი დარტყმა იქნება“

სოსო ცინცაძე: „თუ არასამთავრობოები კომისიას დატოვებენ, ეს კონსტიტუციაზე დიდი დარტყმა იქნება“პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ოპოზიციის მიერ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დატოვების შედეგების შესახებ საუბრობს.

_ მე გახლდით თავის დროზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი და ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად უარს ამბობს მონაწილეობაზე.

ეს ძალიან ცუდი იქნება თვითონ კონსტიტუციისთვის, მისი ლეგიტიმაციისთვის, თანაც არც პრეზიდენტი და არც მისი ადმინისტრაცია კონსტიტუციის ახალი რედაქციის შექმნაში არ მონაწილეობენ, თუმცა აქ შეიძლება პოლიტიკური მანევრი განახორციელოს ხელისუფლებამ და თქვას, რომ ოპოზიციას განსხვავებული შეხედულებები აქვს და მან ამიტომ თქვა უარი, ერთი სიტყვით, პოლიტიკურ ორთაბრძოლაში გადაიყვანოს და ამით ჩააწყნაროს ოპოზიციის პროტესტი, მაგრამ ასეთი მარტივი ნამდვილად არ იქნება, თუ არასამთავრობო სექტორი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას დატოვებს. ეს უკვე ძალიან ცუდი იქნება და აქ უკვე პოლიტიკური სვლები აღარ უშველით, – აცხადებს სოსო ცინცაძე.

მისი აზრით, ეს უკვე იქნება კონსტიტუციისთვის სერიოზული დარტყმა. წარმოიდგინეთ, კონსტიტუციონალისტი, პროფესორი, რომელსაც მხოლოდ თავისი პროფესიონალიზმი აინტერესებს, რომ როგორმე კარგი, ჯანსაღი კონსტიტუციური ნორმა შესთავაზოს სახელმწიფოს და ის ვერ ხედავს თავის ადგილს კომისიაში.

ეს უკვე ძალიან მეტისმეტი იქნება. სწორედ ამას უნდა გაუფრთხილდეს ახლა ხელისუფლება.

„ახალი თაობის“ კითხვაზე რა შეიძლება, ამან გამოიწვიოს? – ექსპერტი გვპასუხობს:

_ რადგან კონსტიტუცია დაწერა მხოლოდ სახელისუფლებო პარტიამ, ამიტომ ხელისუფლებას მოუწევს ბეწვის ხიდზე გავლა. კონსტიტუციას ლეგიტიმაცია სჭირდება. კი, აქვს ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში და კენჭსაც უყრის და მიიღებს, მაგრამ სახალხო ლეგიტიმაცია, იმის განცდა, რომ კონსტიტუცია ყველასია, არ არის ისე, უბრალოდ მოგონილი ამბავი.