ერთადერთი ქალიშვილის დედა ვარ, შვილი მარტომ გავზარდე და ხომ წარმოგიდგენიათ, მასზე ფიქრებში რამდენი ღამე მექნება დათენებული, – უყვება ჟურნალ “სარკეს” შუა ასაკის ქალი, – წარმოსახვებში ვხედავდი მის მომავალ ქმარს, ოჯახს, სადაც ბინას დაიდებდა. ყველაფერი ლამაზ ფერებში წარმომედგინა. სინამდვილე კი მუქი და ძალიან მძიმე აღმოჩნდა.
ჩემი ქალიშვილის მამამთილი ის მამაკაცი გახდა, რომელიც ერთ დროს ძალიან მიყვარდა. ჩვენ ერთ სკოლაში ვსწავლობდით, მაგრამ ჩემზე უფროსი იყო. რაიონში ვცხოვრობდით. სტუდენტი რომ გახდა, სკოლაში პედაგოგების სანახავად მოდიოდა. სწორედ მაშინ შემამჩნია და მანამდე არ დამანება თავი, სანამ არ შემიყვარდა. ეს იყო ჩემი პირველი სიყვარული, მაგრამ ძალიან ძლიერი, სათუთი. მეგონა, მთელი ცხოვრება გაგრძელდებოდა ეს ბედნიერება, მაგრამ შევცდი.
მისი მშობლები თბილისში გადავიდნენ საცხოვრებლად და სხვა წრეში აღმოჩნდნენ. დედამისს რაიონში გაზრდილი ღარიბი ოჯახის შვილი რძლად აღარ მოსდიოდა თვალში. ვერც გაამტყუნებდი, ყველანაირად კარგი შვილი ჰყავდა – შეხედულებით, განათლებით და, რა გასაკვირია, რომ მისთვის საუკეთესო გოგოს ეძებდა?
ამას ახლა ვფიქრობ, თორემ პატარა, მეოცნებე გოგოსთვის შეყვარებულის დაკარგვა ტრაგედია იყო. მას სხვა შერთეს ცოლად, ის, ვინც დედამისს მოსწონდა.
3 წლის შემდეგ მეც გავთხოვდი, მაგრამ სიყვარულით – არა. მომავალმა მეუღლემ და მისმა დამ მოტყუებით წამიყვანეს, ვითომ სხვაგან მივყავდი და ნათესავის სახლში ამომაყოფინეს თავი, ფაქტობრივად მომიტაცეს.
შეიძლებოდა ბედს შევგუებოდი და ძველი სიყვარულიც დამევიწყებინა, ქმარი კარგად რომ მომექცეოდა. მასთან ყოფნა დღითიდღე უარესი ხდებოდა, ცოლ-შვილი, ოჯახი არ აინტერესებდა, სხვა ქალებს დასდევდა, ჩემთვის კი მხოლოდ გინება და ფიზიკური შეურაცხყოფა ემეტებოდა. ბოლოს იძულებული გავხდი, 6 წლის ქალიშვილთან ერთად მისი სახლიდან წამოვსულიყავი.
მას შემდეგ რა არ გადავიტანეთ მე და ჩემმა შვილმა, მაგრამ დედაშვილობის ძალა მეხმარებოდა, რომ ყველაფერს გავმკლავებოდი. ბოლოს უცხოეთში წავედი სამუშაოდ, ჩემს გოგონას იმიტომ მოვწყდი, რომ მისთვის კარგი მომავალი შემექმნა.
ალბათ ჯობდა, უცხოეთის გზას არ დავდგომოდი, რადგან რაღაცები გამომეპარა. ერთ დღესაც ჩემმა ქალიშვილმა სიურპრიზი მომიწყო და “სკაიპით” ვიღაც ბიჭი გამაცნო, დედა, გავთხოვდი, ჩემი ქმარიაო. ასე ნაწვალები დედა იმის ღირსადაც არ ჩააგდო, რომ საქმრო წინასწარ ეჩვენებინა ან ეთქვა, რასაც აპირებდა. თქმა ვერ გაგიბედე, შემეშინდაო, თავი ამით იმართლა, თუმცა თვითონაც კარგად იცის, როგორ უმადურადაც მომექცა.
ყველაზე საშინელება ის არის, რომ იმ კაცთან დამანათესავა, რომელიც ერთ დროს მიყვარდა. რამდენჯერ მიფიქრია, მისი ცოლი რომ ვყოფილიყავი, რა და როგორ იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში… ახლა კი არ ვიცი, იმ ადამიანს ასე როგორ უნდა ვუყურო. შვილიშვილებიც გვეყოლება, ბევრი საერთო გვექნება, მაგრამ შევძლებ კი მასთან ურთიერთობას?
ისიც ართულებს ყველაფერს, რომ ვიცი, რაღაცნაირად შემოგვხედავენ, რადგან ჩვენი ამბავი გაიხსენეს. დედამისი ცოცხალია, კარგად იცის, რაც დამიშავა და არა მგონია, ჩემი შვილი გაახაროს. მათთვისაც სიურპრიზი იყო ვაჟის არჩევანი, თორემ ჩემს გოგოს სახლში არაფრით შეუშვებდნენ. იმის მეშინია, რომ ჩემი შვილის დედამთილმა ჩემზე არ იეჭვიანოს და ერთადერთი შვილი არ გამიმწაროს.
აღარ ვიცი, ამ განცდებს როგორ მოვერიო. უცხოეთში შვილის ნახვის და ზრუნვის ოცნება მასულდგმულებდა, ახლა ესეც აღარ მაქვს. ყველაფერმა აზრი დაკარგა და არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო…
ჟურნალი “სარკე”