ლელა წურწუმია: “მამულიჩას გარდა, სხვა ადამიანთან ვერ ვიცხოვრებდი”

ლელა წურწუმია: "მამულიჩას გარდა, სხვა ადამიანთან ვერ ვიცხოვრებდი"მომღერალი ლელა წურწუმია პერიოდულად ახალ გამოწვევებში ცდის საკუთარ თავს. ბოლო დროს დიზაინის სფეროშიც გამოჩნდა და მოდის კვირეულზე ხელნაკეთი სამკაულების კოლექციით წარდგა, ახლა კი მუსიკალურ პროექტ “იქს ფაქტორშია”.
ამ სიახლესა და თავისი ცხოვრების მიმდინარე ეტაპზე მომღერალი “სარკესთან” საუბრობს.
– ქალბატონო ლელა, კონკურსანტების შეფასების დროს ყველაზე მეტს რაზე ფიქრობთ, რას აქცევთ ყურადღებას?
– ყველანაირად ვცდილობ, კონკურსანტს ჩემი შეფასებით გული არ ვატკინო. ბავშვები ძალიან სენსიტიურები არიან, განსაკუთრებით კი – გარდატეხის ასაკში. ვცდილობ, ჩემი აზრი ისე მივაწოდო, რომ განაწყენებულები არ წავიდნენ.
– თქვენ 15 წლის ქალიშვილ მარიკოსთანაც ისეთივე ლმობიერი ხართ, როგორიც კონკურსანტებთან?
– შვილთან ყოველთვის მეგობრული და თბილი ურთიერთობა მქონდა. შეიძლება პატარა შენიშვნა მივცე, მაგრამ მარიკოს არასდროს ვეჩხუბები.
– რა ინტერესები აქვს თქვენს შვილს?
– ძალიან კარგად ხატავს. მოსწონს მუსიკა და ცეკვა. მოძრავია და სულ დახტის! სუხიშვილების სტუდიაში ცეკვაზე დადის. ჩემი პროფესია არ აინტერესებს. თავიდანვე პროტესტი ჰქონდა, რომ ამ პროფესიამ მშობლები წაართვა.
ძალიან კარგად სწავლობს. მირეკავს ხოლმე და მეუბნება, რომ ათიანი მიიღო. თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა, იმის მიზეზსაც მიყვება. თავისი ხასიათით ძლიერი გოგოა. პრობლემას არასდროს გაურბის. მეც ასე ვიყავი, გენეტიკას ხომ ვერ მოატყუებ.
– მისთვის საკმარისი დრო რომ არ გაქვთ, ამის გამო თქვენთვის უსაყვედურია?
– მარიკოს არასდროს უსაყვედურია მშობლებისთვის, თუმცა შარშან მისი ადრეული ბავშვობის ნახატები ვიპოვეთ. 3-4 წლის ასაკში დაუხატავს დედა, მამა და მტირალა ბავშვი. ვკითხე, ბავშვი რატომ ტირის-მეთქი და დედა ენატრებაო, მიპასუხა. ამით ჩემთვის ყველაფერი იყო ნათქვამი.
ეს ამბავი მთელი ცხოვრება მემახსოვრება და ალბათ მოვა დრო, როცა მარიკოს ჩემ მიმართ პრეტენზია ექნება და კარგადაც გავუგებ. მარიკო ჩემზე მეტად ვის უყვარს, მაგრამ პროფესია თავისას მოითხოვს.
– რომელთან უფრო მეგობრობს, თქვენთან თუ მამასთან?
– მამულიჩასთან მეტად მეგობრობს. მარიკოსთვის ჩემი ერთი “არა” ან შეხედვა, საკმარისია, ჩემი დიდი რიდი აქვს. მამა-შვილის ურთიერთობა კი ცალკე ისტორიაა. არანორმალური სიყვარული აკავშირებთ და ძალიან ჰგვანან ერთანეთს.
ჩემს დედამთილს, არაჩვეულებრივ ქალბატონს, ნანას, ალბათ დომინანტი გენი აქვს. მამულიჩაც ძალიან ჰგავს დედას. მარიკო გარეგნულად ჰგავს მამას, ხასიათი კი ჩემი აქვს. რაც მთავარია, ძალიან ბავშვურია.
“იქს ფაქტორის” შესარჩევ ტურზე 15 წლის გოგომ იმღერა. ისეთი ჩამოყალიბებული იყო ვიზუალურადაც და შინაგანადაც, ვთქვი, ჩემი შვილის ასაკის ხარ-მეთქი, მაგრამ ცა და დედამიწასავით სხვაობა დავინახე.
ლელა წურწუმია: "მამულიჩას გარდა, სხვა ადამიანთან ვერ ვიცხოვრებდი"– ყველაზე მოყვარულ დედასა და ქალიშვილს შორისაც არის კამათი, ეს დაუწერელი კანონივითაა. თქვენსა და მარიკოს შორის აზრთა სხვადასხვაობას რა იწვევს?
– კამათი ჩაცმულობასა და იმ ფოტოებზე გვიწევს, რომლებსაც სოციალურ ქსელში ათავსებს. მე “ფეისბუქი” არ მაქვს, მაგრამ ჩემი შვილის ფოტოებს რომ ვნახულობ, ვუხსნი, რომ ბევრად ლამაზია და ცუდ ფოტოებს აქვეყნებს. ამას წინათ ჩემი ჩანთა აიღო და ჩემი პაროდია გააკეთა: “ვაა, მამულიჩ!”. მერე კი ჩემსავით იგივე გაიმეორა, რასაც ფოტოებზე ვეუბნები ხოლმე.
უცხოეთში საყიდლებზე ერთად დავდივართ. სპორტული სტილი უყვარს. დიდად არც იპრანჭება და ამის გამო ხანდახან მგონია, რომ ჩემი შვილი არ არის.
– მის ასაკში პრანჭია იყავით?
– კი, ვიპრანჭებოდი. დედას ვუყურებდი, რომელიც გამუდმებით მაკიაჟითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დადიოდა. მარიკოს ჩემი სტილი ძალიან მოსწონს. თვითონ კი თავისუფალ სტილში გრძნობს თავს კომფორტულად.
– მოდის კვირეულზე თქვენი ხელით შექმნილი სამკაულები წარმოადგინეთ. მუშაობთ ახალ კოლექციაზე?
– ამ ეტაპზე გაჩერებული ვარ, რადგან ჩემს მეგობარს, თორნიკე ჯგერნაიას, რომელთან ერთადაც ვმუშაობ, გადაუდებელი საქმეები აქვს. უნიჭიერესი ხატმწერი და იუველირი გახლავთ. სამკაულს ჩემთვის ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და ამ კუთხით მუშაობას მალე გავაგრძელებ. ბევრჯერ მითქვამს, რომ საკონცერტო კოსტიუმი სამკაულისთვის შემიკერავს. სცენა – ეს ხომ გამადიდებელი შუშაა!
მოდის კვირეულზე რაც კი სამკაულები წარმოვადგინე, მთელი კოლექცია ღამით არის გაკეთებული. ეს ჩემი დროის უქონლობითაც იყო გამოწვეული და იმითიც, რომ ბუ ვარ და ღამით, სიმშვიდეში მუშაობა მირჩევნია.
– ტანსაცმლის ხაზის გამოშვებასაც ხომ არ გეგმავთ?
– არა, რადგან ეს საკმაოდ რთული პროცესი გახლავთ. სხვათა შორის, კახაბერმა (მომღერალი კახაბერ ცისკარიძე. ავტ.) ტანსაცმლის ხაზი და შოკოლადი გამოუშვა. ისეთი ლამაზია, ერთი სული მაქვს, მისი მაისური ჩავიცვა. კახაბერისგან ეს დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის.
– წლების მატება თქვენზე აშკარად დადებითად მოქმედებს. რა არის თქვენი სილამაზის საიდუმლო?
– გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ამისთვის განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ჩემი გენეტიკაც არის. რა თქმა უნდა, კოსმეტოლოგთან სიარული და კარგი, ხარისხიანი საცხიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. შეიძლება ქალმა საჭმელი მოიკლოს, მაგრამ სახის კანს თუ კარგად მოუვლის, შედეგსაც დაინახავს.
დავრწმუნდი და ჩემთვის აქსიომაა ის, რომ განწყობა გარეგნობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პრობლემებს რა დალევს, მაგრამ, როცა ადამიანის ცხოვრებასა და სულში მეტი პოზიტივია, გარეგნობაზე დადებითად აისახება და მალე არ ბერდება.
48 წლის ვარ. ჩემს ასაკს არასდროს ვმალავ, პირიქით, მინდა სხვა ადამიანებსაც მივცე სტიმული იმისა, რომ ამ ასაკშიც შეიძლება კარგად გამოიყურებოდე.
– ბევრი ქალი ასაკის მატებას მტკივნეულად განიცდის. თქვენც ხომ არ განეკუთვნებით მათ კატეგორიას?
– ასაკის მატების გამო არასდროს მინერვიულია. მით უმეტეს, ახალგაზრდულად რომ გამოიყურებოდე, ამისთვის დღეს უამრავი საშუალება არსებობს და გვყავს არაჩვეულებრივი პლასტიკური ქირურგი, გია გვარამია, რომელსაც შეუძლია ზომიერება დაიცვას და ქალის გაახალგაზრდავება ისე შეძლოს, მას არ ეტყობოდეს რაიმე ჩარევა. მე ჯერ არაფერი მაქვს გაკეთებული, თუმცა, როცა დამჭირდება, აუცილებლად გავიკეთებ.
– ქმარი განებივრებთ კომპლიმენტებით?
– მე და მამულიჩას 20 წლიანი თანაცხოვრება გვაკავშირებს. მისგან კომპლიმენტს, დიდ სითბოსა და სიყვარულს ყოველთვის ვიღებ. ეს ადამიანი ჩემი სტიმული და ჩემი ნახევარია! მგონია, რომ ერთად დავიბადეთ. მამულიჩას თავიდან ბოლომდე ვგრძნობ. ის რომ არა, არ ვიცი, სხვა ადამიანთან ვიცხოვრებდი? შეიძლება გაშორებულიც ვყოფილიყავი.
სოფიო ბოჭორიძე, ჟურნალი “სარკე”