ნინო ჩხეიძე ქუდებს კერავს

ნინო ჩხეიძე ქუდებს კერავსმომღერალ ნინო ჩხეიძეს გამოყენებითი ხელოვნების ნიჭი და მარიფათიც აღმოაჩნდა. მან ახალი საქმე წამოიწყო, ქუდებს აფორმებს და ყიდის. ამ საქმეში მას ბიზნესმენი ქმარი, გიორგი კორახაშვილი, ეხმარება. ამ ყველაფერზე მან ჟურნალ “სარკეს” უამბო.
– ნინო, ქუდების გაფორმების იდეას ბიძგი რამ მისცა?
– ქუდები ძალიან მიყვარს. ყოველთვის ბევრ შლაპას ვყიდულობდი, მაგრამ სულ იმის პრობლემა მქონდა, განსხვავებული ყოფილიყო. ამიტომაც მისი გაფორმება თვითონ დავიწყე.
ერთი ქუდი მარგალიტებით გავაფორმე, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ამის შემდეგ ვიფიქრე, რომ საცდელი ხაზი გამეკეთებინა. “ხაზი” ცოტა თამამი განაცხადია, მაგრამ ასე, პირველ ჯერზე, 25 ქუდი გავაკეთე.
– ქუდებს რითი აფორმებთ?
– ყველა სხვადასხვანაირია, ზოგი თვლებითაა გაფორმებული, ზოგი – ბისერით, ზოგიც – ბუმბულით. თუმცა ჩემი ფავორიტი მაინც მარგალიტებით გაფორმებული ქუდია. ყველაზე დიდი მოწონება სწორედ ასეთმა მოდელმა დაიმსახურა. ვცდილობ, მოდელი არ გავიმეორო. უკვე 4-5 ქუდი გავყიდე კიდეც და ამ ხუმრობა-ხუმრობაში ბიზნესი დავატრიალე.
– ქუდებსაც თავად კერავთ?
– ჯერჯერობით ქარხნიდან ვიწერ. ამაში ჩემი მეუღლე, გიორგი კორახაშვილი, მეხმარება. მინდა, ჩემი ყალიბი გავაკეთო. დეტალებში უკვე გავერკვიე და მომავალ სეზონზე საკუთარი ყალიბი მექნება, ანუ მიხვდებით, რომ ადამიანს ჩემი ქუდი ახურავს. ახლაც ვცდილობ, ისე გავაფორმო, რომ რაღაც შტრიხი ჩემი იყოს.

– ხელმისაწვდომია თქვენი გაფორმებული ქუდი თუ ძვირი ღირს, როგორც ხელნაკეთი?
– ვერ გეტყვით, რომ მოგებაზე ვმუშაობ. თითქმის თვითღირებულების ფასში ვყიდი, რომ ისევ ახალ-ახალი ქუდები გავაკეთო.

– ამ ხელსაქმით სერიოზული მიზნები გაქვთ დასახული თუ უბრალოდ თქვენი სიამოვნებისთვის აკეთებთ?
– თავიდან მხოლოდ ის მინდოდა, ჩემი ნამუშევარი ენახათ ადამიანებს, ანუ ამბიციური ჩანაფიქრი არ მქონია. ახლა ჩემი სურვილია, ეს ყველაფერი უფრო დავხვეწო. საერთოდ, საქმეს რომ დაიწყებ, მერე ხვდები, რამდენი სამუშაოა, რამდენი რაღაცის სწავლა, დახვეწა გჭირდება.
ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ვერ გეტყვით, რომ ხვალ გრანდიოზულ ბრენდს შევქმნი, მაგრამ ამ დაწყებულ საქმეს ეტაპობრივად ვაქცევ ჩამოყალიბებულ ბრენდად.
ამ ბრენდს ნიო დავარქვი. ახლობლები ნიოს მეძახიან. შეიძლება ვიღაცას ნინო ჩხეიძე არ მოსწონს ან ვიღაცას ჩემი სიმღერა, მაგრამ ქუდი მოეწონოს. ამიტომაც დავარქვი ნიო და არა – ნინო ჩხეიძე.
– როგორც ვიცი, თქვენს ტანსაცმელსაც აფორმებთ საკუთარი ხელით, რაღაც დეტალებს ამატებთ. ტანსაცმლის დიზაინზე მუშაობასაც ხომ არ შეუდგებით მალე?
– სამომავლოდ ძალიან მინდა, ტანსაცმლის ხაზიც მქონდეს, მაგრამ არა – ყოველდღიური სამოსის. ტანსაცმლის ხაზი საკმაოდ საპასუხისმგებლოა, ბევრ დროს მოითხოვს, არც იმდენი ფინანსური საშუალება მაქვს, რომ სამუშაოდ ადამიანები ავიყვანო, თანაც ჩემი სიმღერითაც ვარ დაკავებული.
საერთოდ ვთვლი, თუ რამეს აკეთებ, იმაში აუცილებლად შენ უნდა იყო ჩართული. “ინსტაგრამზე” მაქვს გვერდი, სადაც ჩემი დიზაინით შეკერილი კაბების ფოტოები დევს. ძალიან ბევრს მოსწონს, ამიტომაც გავბედე, რომ ასე, სააშკარაოზე გამომეტანა ჩემი ნამუშევრები.

– როდის აღმოაჩინეთ თქვენში ეს ნიჭი?
– რაღაცების შექმნის იდეა სცენაზე დადგომის შემდეგ გამიჩნდა. ხატვა არ მეხერხება, მაგრამ შეხამება კარგად შემიძლია. თუ სამოსის ხაზს შევქმნი, პროფესიონალ ადამიანებს ავიყვან და ჩემს იდეებს მივაწვდი. იმისთვის, რომ დიზაინერი იყო, შესაბამისი განათლება უნდა გქონდეს.
– თქვენს ბიზნესმენ ქმარს ეს ახალი წამოწყება მოსწონს?
– ძალიან მოსწონს, ამ ახალი იდეით აღფრთოვანებულია, მგულშემატკივრობს და მეხმარება. როგორც ვთქვი, ქუდებს გიორგი მიწერს. ეს პროცედურები – გამოწერა, ბუღალტერია და ა.შ., მე არ ვიცი, გიორგი ამაში მეხმარება.
– თქვენს მუსიკალურ შემოქმედებაში რა სიახლეები გაქვთ?
– ახალ-ახალ სიმღერებს ვწერ, მაქვს პრემიერები და ა.შ. ბევრი გასვლითი კონცერტი მქონდა. 22 მაისს კი სოჭში ჩემი სოლო კონცერტი იგეგმება.
ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”