ზურაბ ჭიაბერაშვილი: ,,ფასები იზრდება, მოქალაქეები ღარიბდებიან, გაძვირდა ჯანდაცვა” 

ზურაბ ჭიაბერაშვილი: ,,ფასები იზრდება, მოქალაქეები ღარიბდებიან, გაძვირდა ჯანდაცვა” – ეკონომიკა დგას, ფასები იზრდება, ხალხი ღარიბდება, – ასეთია “ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასება საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებთან დაკავშირებით.საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში სიღარიბე გაიზარდა, ფასების წლიურმა ზრდამ მაისში 6,6% შეადგინა.

ფასების საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულზე, შაქარსა და სხვა ტკბილეულზე, რძეზე, ყველსა და კვერცხზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, ზეთსა და ცხიმზე – პრაქტიკულად ყველაფერზე, რასაც სასურსათო მაღაზიაში ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ.

განსაკუთრებით დიდია ფასების ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში – 17,5%, რაც “ქართული ოცნების” მიერ საწვავზე – ბენზინზე, დიზელზე, გაზზე აქციზის მატების პირდაპირი შედეგია და რაც ჯაჭვურად გადაეცა ზემოთჩამოთვლილ საკვებ პროდუქტებსაც.

გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვა, ყველაზე მნიშვნელოვნად ისევ და ისევ მედიკამენტები.

“ამ ფონზე მილიონამდე ადამიანისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჯანდაცვის პაკეტების გაუარესება უარყოფითად აისახება ჩვენი საზოგადოების როგორც ჯანმრთელობის, ისე სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა მცირდება: ოჯახების შემოსავალი არ იმატებს, ხარჯი კი იზრდება. გაზის ტარიფის მოსალოდნელი გაზრდა კიდევ უფრო გაუძვირებს ცხოვრებას მოქალაქეებს.

იმის ნაცვლად, რომ დაეწია გადასახადები და ამით შვება მიეცა ხალხისთვისაც და ბიზნესისთვისაც, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, მთავრობამ, “ქართულმა ოცნებამ” გადასახადები აწია ბენზინზე, დიზელსა და გაზზე, რასაც საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ ჯიბეზე გრძნობს.

პროდუქტი და მედიკამენტი ისედაც ძვირდებოდა ლარის დევალვაციის ფონზე და აქციზის გაზრდამ ბენზინზე, დიზელსა და გაზზე ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა” – განაცხადა ჭიაბერაშვილმა და გამოსავლის გზებზე ისაუბრა, რომელიც ძირითადად გადასახადების შემცირებასა და სამთავრობო ხარჯების შეკვეცას ეყრდნობა.

– გამოსავალია “ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული. პროგრამა 2 ძირითად პრინციპს – გადასახადების შემცირებასა და სამთავრობო ხარჯების შეკვეცას ეყრდნობა, რაზეც მთავრობა, “ქართული ოცნება“ ჯიუტად ამბობს უარს.

არადა კატასტროფულად დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში (აპრილში 2.1%) ეს მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი საშუალებაა.

მთავრობას ამ ნაბიჯების გადადგმას აუცილებლად ვაიძულებთ, მაგრამ მანამდე, სამწუხაროდ, ასიათასობით მოქალაქის ჯიბეს, შემოსავალსა და კეთილდღეობას მიადგება ზარალი, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.