კალაძე ქართული მარშის წინააღმდეგ – “ეს არის ცრუ კამპანია”

კალაძე ქართული მარშის წინააღმდეგ - "ეს არის ცრუ კამპანია"– ის განცხადებები, რაც კეთდება, რომ თითქოს მიწა გაიყიდება უცხოელებზე, არის ძალიან დიდი სიცრუე და ტყუილი, – ასე ეხმაურება კახა კალაძე “ქართული მარშის” ბრალდებებს მმართველი გუნდის მიმართ და ამ შინაარსით ბოლოდროინდელ განცხადებას მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს, რომლის უკანაც კონკრეტული ადამიანები დგანან.

– მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია მგონი ყველასთვის ნათელია. ამასთან დაკავშირებით მეც არაერთხელ გამიკეთებია განცხადება. ის რასაც ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, ეს არის მიზანმიმართული ცრუ კამპანია, რომელსაც გარკვეული ადამიანები ახორციელებენ. ის, რომ მიწა არ გაიყიდება უცხოელებზე, ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება და ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ჩაიწერა კონსტიტუციაში, – აცხადებს მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი.

დღეს “ქართული მარშის“ წევრები დაანონსებული აქციების ფარგლებში კალაძის შტაბში შესვლას შეეცადნენ, რა დროსაც მათ სამართალდამცველებთან შეხლა-შემოხლა მოუხდათ. მოძრაობის წევრები ხელისუფლებას ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისებაში სდებენ ბრალს.

კალაძის ოფისთან მომხდარი ინციდენტის დროს, პოლიციამ “ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლადო სადღობელაშვილი დააკავა.

მარშის წევრები უახლოეს მომავალში მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტირებასაც აანონსებენ.

იმედინიუსი