ლალი მოროშკინა: “ამდენი თაყვანისმცემელი არც ერთ ასაკში მყოლია, როგორც ახლა მყავს”

ლალი მოროშკინა: "ამდენი თაყვანისმცემელი არც ერთ ასაკში მყოლია, როგორც ახლა მყავს"ტელეშოუს წამყვანი ლალი მოროშკინა მაყურებელს სექტემბრამდე დაემშვიდობა, მაგრამ დასვენებაზე უარი თქვა. მიზეზი ახალი ამპლუაა – ლალი ერთ-ერთ ქართულ სერიალში მსოფლიოში გავლენიან ქალის როლზე მიიწვიეს და გადაღებები აქვს. ამის შესახებ ის ჟურნალ “სარკესთან” საუბრობს.

— ლალი, რა კატეგორიის მაყურებელი მიიზიდეთ?

– რეიტინგში პირველები ვიყავით და ღამით გადაცემის გამეორებასაც ბევრი ნახვა ჰქონდა. დიასპორა ძალიან აქტიურად გვიგზავნიდა წერილებს ამერიკიდან, ევროპიდან, რუსეთიდან. ვიქეცით ტრენდად.

დიასახლისი ნახულობდა ჩემი ჩაცმის სტილს, მერე განიხილავდნენ, რა მეცვა, როგორ მეცვა. ვიღაცისთვის კი საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ მარტივ ენაზე იგებდა დღის პოლიტიკურ ამბებს.

— მაყურებლისგან ხშირ შემთხვევაში კომპლიმენტებს იღებდით თუ ლანძღვას?

– ბევრ კომპლიმენტს ვიღებდი, თუმცა იყვნენ ისეთები, ვისაც არ მოვწონდი. უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ნაციონალურ მოძრაობას. არ ვმალავ, ეს რეჟიმია, რომელიც უნდა გასამართლდეს. უარყოფითი განწყობა იყო ცალკეული შურიანი ქალბატონებისგან. ამბობდნენ, რა უბედურებაა, ქვეყანას ასე უჭირს და ლალის ჯერჯერობით ეთერში ერთი და იგივე ტანსაცმელი არ სცმიაო.

მე არც ბიუჯეტურ ორგანიზაციაში ვმუშაობ, არც სახელმწიფო სამსახურში. მთელი ჩემი სანათესაო საზღვარგარეთ ცხოვრობს და სამოსს ისინი მიგზავნიან.

ჩემი ორი და, ნინო და სოფო, შვეიცარიაში ძალიან მაღალ პოზიციებზე მუშაობენ. დანარჩენი სანათესაო საფრანგეთში ცხოვრობს და ისინიც თამაშში არიან ჩართული. შემაღონეს, კვირა არ გავა, რაღაც ახალი რომ არ გამომიგზავნონ.

ზაფხულში ჩემი სახლი ემსგავსება პაბს, სადაც მთელი ჩემი უცხოელი ნათესავები ჩამოდიან.

— ზღვა, მზე, გარუჯვა, ფლირტი… არ გენატრებათ?

– არ მიყვარს გარუჯვა. ფლირტი ნებისმიერ სეზონზე კარგია… წელს არსად მივდივარ დასასვენებლად. აგვისტოში გადაღებები მეწყება, ახალ სერიალში მიღებენ. ვთამაშობ მსოფლიოში გავლენიან ქალს. საინტერესო პერსონაჟია, ამიტომ გავწირე ჩემი შვებულება. სერიალის ჩვენება 9 სექტემბერს დაიწყება.

ჩემი ახალი პერსონაჟივით ჯერ არ შემიძლია მსოფლიო პოლიტიკა განვაგო, მაგრამ რეგულარულად ვმონაწილეობ რუსეთში პოლიტიკურ ტოქ შოუში (შოუ რუსეთის “პირველ არხზე” გადის. ავტ), სადაც წარმოვადგენ კავკასიის ექსპერტს.

ვინც ნახა შოუ, უკმაყოფილო არავინ დარჩენილა, გარდა ერთი ჯგუფისა, რომელსაც ნაცმოძრაობა ჰქვია. რუსეთში საზოგადოებამ არ იცოდა, რომ ცალმხრივი სავიზო რეჟიმი გვაქვს, რომ ქართველებს მარტივად არ შეუძლიათ რუსეთში ჩასვლა.

— და თქვენ ხართ ამ ყველაფრის რუპორი?

– ასეა. პირველი ეთერის მერე გულის წამალი დავლიე. ეს იყო ივნისის დასაწყისში. ჩვენ შევთანხმდით – მე, როგორც პოლიტოლოგი და ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მათი ხშირი სტუმარი ვიქნები.

— თქვენი ცხოვრების პირად ნაწილში რა სიახლეებია?

– არაფერი. ვუვლი პატარა შვილიშვილს. ისეთი დატვირთული საზოგადოებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ, რომ უნდა აირჩიო, რა გინდა. არავინ მითხრას, რომ შეიძლება, ორივე ერთად მოახერხო. მე ეს არ გამომდის.

დედამიწის ზურგზე არც ერთ კაცს მოეწონება ქალი, რომელიც ჯერ პირდაპირ ეთერში ზის, მერე მთელი დღე საქმეზე ფიქრობს, მერე სერიალის გადაღებაზე გარბის, საღამოს ლექციებს კითხულობს, შუალედში მოსკოვში დაფრინავს და ზამთარ-ზაფხულ პარიზსა და შვეიცარიაშია. არ არსებობენ ასეთი კაცები. თუ ასეთი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ეს საქციელი მომიწონა, შეიძლება ფლირტი მქონდეს.

— ქორწინება, სერიოზული ურთიერთობა – ამაზე აღარ ფიქრობთ?

– არა, არ ვიცნობ კაცს, რომელიც გაუძლებს და მოიწონებს ჩემი ცხოვრების წესს. დედამიწის ზურგზე ვერ წარმომიდგენია მამრი, ვინც იტყვის, შენ იცხოვრე ასე და მე მაინც შენი ერთგული ვიქნებიო.

— მამაკაცების მხრიდან ინიციატივები არის?

– ვაღიარებ, ამდენი თაყვანისმცემელი არც ერთ ასაკში მყოლია, როგორც ახლა მყავს. არ ვარ მზად იმისთვის, რომ მორიგი ურთიერთობების გაწყვეტამდე მივიდე. თავიდან მოსწონთ, მერე ამბობენ: “იქ არ წახვიდე, აქ არ წახვიდე… რად გინდა ყოველ დღე ეთერში ჯდომა… რად გინდა ლექციების კითხვა” და სხვა. აღარ მინდა ამდენი დაშორება.

— ამ დაშორებებს სინანული მოჰყვება ხოლმე?

– ძალიან დიდი. არ შემიძლია ერთდღიანი, ერთკვირიანი, მარტივი ფლირტი. მოტრფიალე ვარ სიღრმისეული ურთიერთობის, თავისი დრამატული ხაზით. არ ვარ მზად იმისთვის, რომ ჩემს ოჯახში შევიყვანო მამაკაცი. არ არის აუცილებელი, ხელი მოვაწერო და ჯვარი დავიწერო. სხვათა შორის, ჯვარი არასდროს დამიწერია.

— ჯვრისწერა რატომ არ გქონდათ?

– ჯვარი უნდა დაიწერო იმ ადამიანთან, ვისთანაც ზუსტად იცი, რომ გინდა, შენთან ერთად იყოს ზეციურ სასუფეველში. ასეთი ადამიანი არ შემხვედრია.

— ოჯახის დანგრევას შვილებს როგორ უხსნიდით?

– არასდროს გავშორებულვარ არაცივილურად. თუ ვშორდებოდი, შვილების თანხლებით. აეროპორტში ღამის რეისზე რომ მარტო მივდივარ, შვილები ამაზე ძალიან დარდობენ და მათთვის კარგი იქნება, პატრონი რომ მყავდეს, მაგრამ ამაზე ჩემი აზრი მაქვს. ოღონდაც ვინმე იყოს და გპატრონობდეს – ცხოვრებისადმი ასეთ მიდგომას მარტოობა სჯობს. სიმართლე გითხრათ, ძალიან შევეჩვიე მარტოობას.

ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”