“ქმარი უპატრონოს მეძახის და ეს ძალიან მაბრაზებს”

"ქმარი უპატრონოს მეძახის და ეს ძალიან მაბრაზებს"ყველა ადამიანს სიამოვნებს, როცა ოჯახის წევრებით თავს იწონებს და ეამაყება, რომ ასეთი ნათესავები ჰყავს. ლელასაც ძალიან ეამაყება თავისი ოჯახი და ნათესავები, თუმცა საპირისპიროს უმტკიცებს ქმარი და ეუბნება, ვინ გითხრა, რომ საერთოდ ვინმე გაგაჩნია, შენ უპატრონო ხარო.

ლელა:

– ძალიან დავიღალე, ამდენის მოთმენა აღარ შემიძლია. ხანდახან ვფიქრობ, ხელი მოვკიდო ჩემს შვილს და სადმე გადავიკარგო. უკვე არც ჩემიანების დანახვა მინდა და არც ჩემი ქმრის ნათესავების. ყოველთვის ერთი და იმავეს მოსმენა ნებისმიერი ადამიანისთვის მოსაბეზრებელია.

– ვინ რას გეუბნებათ?

– როგორც კი ოდნავ წავკინკლავდებით, ჩემი ქმარი მაშინვე მომიტრიალდება და მეუბნება, შენ საერთოდ ხმას როგორ იღებ, უპატრონო ხარო.

– მართლა უპატრონო ხართ?

– არა, როგორ გეკადრებათ, მამაც მყავს, ძმებიც და დაც.

– დედა?

– დედა არ მყავს. 1 წლის ვიყავი, რომ გარდაიცვალა. დედაჩემს თრომბი ჰქონია, არ იცოდნენ და მოულოდნელად გულზე დაარტყა. ყველაზე პატარა მე ვარ დედმამიშვილებში, ჩემი და-ძმები ჩემზე უფროსები არიან. მამაჩემი მხოლოდ 37 წლის იყო, როცა დაქვრივდა, მაშინ თურმე ნათესავებს ეუბნებოდა, ჩემი ცხოვრება დამთავრდა, არავინ და აღარაფერი მაინტერესებსო. მიდიოდა თურმე სახლიდან და კვირაობით იკარგებოდა.

– თქვენ ვინ გივლიდათ?

– ბებიაჩემი და მამიდაჩემი გვივლიდნენ. მამიდაჩემი უკვე გათხოვილი იყო და თავისი ოჯახი ჰქონდა, მაგრამ ჩვენი ამბავი რომ გაიგო, თავის შვილებიანად ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად. მოკლედ, ჩვენს ოჯახში დიდი ჟრიამული იყო. მამაჩვენს 4 შვილი დავრჩით, სამიც მამიდაჩემს ჰყავდა.

– მამათქვენი სად მიდიოდა?

– დედაჩემის საფლავზე. ფაქტობრივად იქ ცხოვრობდა. დედაჩემის სიკვდილი მისთვის დიდი დარტყმა იყო. ძალიან გაუჭირდა იმასთან შეგუება, რომ ამ ცხოვრებაში მარტო დარჩა და საყვარელი ადამიანი გვერდით აღარ ჰყავდა. ბებიამ და მამიდამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ობლობა არ გვეგრძნო. დროთა განმავლობაში მამაჩემიც დაუბრუნდა რეალობას და ცხოვრების რიტმს აჰყვა. მუშაობაც დაიწყო, შავებიც გაიხადა, წვერიც გაიპარსა, მეგობრებიც გაიხსენა, შვილებიც მოაგონდა და უფრო კარგად გააცნობიერა, რომ საყვარელმა ადამიანმა მას ყველაზე ძვირფასი – შვილები – დაუტოვა.

– მამა მეორედ აღარ დაქორწინდა?

– კი, დაქორწინდა, მაგრამ საკმაოდ გვიან. დედაჩემის გარდაცვალებიდან 7 თუ 8 წელი იყო გასული, როცა მამამ სხვა ცოლი მოიყვანა. ნანა დეიდა, დღესაც ასე ვეძახით ჩვენ მას, არაჩვეულებრივი ქალია. თვითონაც განათხოვარია, მაგრამ, სამწუხაროდ, უშვილოა. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ სხვისი შვილების დედობა უნდა ეტვირთა, სხვისი 4 შვილის მოვლა კი ნამდვილად არ არის ადვილი. ერთხელ არ მახსოვს, ნანა დეიდას ჩვენთვის ან დაეყვიროს, ან ვეცემეთ. მეზობლებიც კი გიჟდებოდნენ, ასეთი დედინაცვალი ჩვენს ცხოვრებაში არ გვინახავსო. ამაზე ნანა დეიდა ბრაზდებოდა და სულ საყვედურობდა მეზობლებს, არ ვარ ამ ბავშვების დედინაცვალი და ასე ნუ მომმართავთო. წლების შემდეგ მამიდაჩვენიც დაუბრუნდა თავის ოჯახს და ჩვენ ნანა დეიდას იმედზეღა დავრჩით. ბებია უკვე მოხუცი იყო და ჩვენი მოვლა კი არა, საკუთარი თავის მიხედვაც აღარ შეეძლო. მამა დღე და ღამე მუშაობდა, რომ 4 ბავშვისთვის არაფერი მოეკლო.

– ბავშვები ახალი ადამიანის ოჯახში შემოსვლას ადვილად შეეგუეთ?

– მე პატარა ვიყავი, ბევრი არაფერი მესმოდა. ჩემი და-ძმები შედარებით დიდები იყვნენ, ამიტომ თავიდან მაინცდამაინც არ მოეწონათ მამას არჩევანი, მაგრამ როცა დარწმუნდნენ, რომ ნანა დეიდა კარგი ადამიანი იყო, პრობლემაც არ ყოფილა. ჩემმა ძმებმა თავიდან პროტესტის ნიშნად სახლიდან წასვლა გადაწყვიტეს და მამიდაჩემთან რამდენიმე თვე ცხოვრობდნენ. სახლშიც მოდიოდნენ, მაგრამ ცოტა ხნით, თან, ჩვენ, გოგოებს გვეკითხებოდნენ, როგორი ქალია, ხომ არაფერს გიშავებთო, ვითომ ჩვენი დაცვა უნდოდათ. ძალიან სასაცილო ბიჭები იყვნენ. ნანას ახლა ოთხივე უდიდეს პატივს ვცემთ, მისთვის დედა არასდროს დაგვიძახია და არც მას უთქვამს, ასე რომ მიგვემართა. ის ჩვენთვის ნანა დეიდა იყო და მორჩა. ახლაც ასეა – ნანა დეიდას რომ ვიტყვით, მან იცის, რომ მას მივმართავთ, თუმცა, ამ სიტყვებში იმხელა სითბოა, ყველაფერს გადაწონის. ნანა საოცარი ქალია, დედაჩვენის საფლავზეც კი ერთად დავდიოდით. ახლაც ასეა. როცა ჩემი მშობლების ოჯახში აღდგომის დღესასწაულზე მივდივარ, ყოველთვის ერთად ავდივართ დედაჩემის საფლავზე, ამის გამო, ამ ქალს ორმაგ პატივს ვცემ. ზოგიერთი რომ ყოფილიყო, გაგიჟდებოდა და გადაირეოდა, ვიღაცის საფლავზე არაფრით ივლიდა, მაგრამ ნანა დეიდა ჩვენ, პირველ რიგში, საკუთარი დედის პატივისცემას გვასწავლის და როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანი არ გიყვარდეს?

– თუ ასეთი ოჯახი გაქვთ, რატომ ამბობს თქვენი ქმარი, უპატრონო ხარო?

– მე და ჩემი ქმარი კარგა ხანს ვხვდებოდით ერთმანეთს. უფრო ადრე დავქორწინდებოდით, მაგრამ ლაშას ჯერ დეიდაშვილი მოუკვდა, მერე ბიძა და ბოლოს, მამაც გარდაეცვალა. მათმა დაღუპვამ ჩვენი დაქორწინება გაწელა. ქორწილი და დიდი სუფრა არ გვქონია, ლაშას მამის გარდაცვალების შემდეგ ამის არც ინტერესი ჰქონდა და არც ხალისი. არც მე გამიგიჟებია თავი, გინდა თუ არა თეთრი კაბა ჩამაცვი და ლიმუზინით მომაკითხე-მეთქი. ერთ მშვენიერ დღეს სახლში გამოვაცხადე, მე და ლაშამ ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ და ცოლად მივყვები-მეთქი. წავედით იმ საღამოს რესტორანში და მერე ცოლად გავყევი. ჩემმა მშობლებმა იცოდნენ, ლაშა რომ მიყვარდა და მასთან ურთიერთობა არც არასდროს დაუშლიათ. მამაჩემიც და ნანა დეიდაც დარწმუნებულები იყვნენ, რომ ზედმეტს არასდროს არაფერს გავაკეთებდი. ლაშაც არ იყო ის ტიპაჟი, რომ ჩემთვის რამე ეკადრებინა, მაგრამ რაც დავოჯახდით, სხვადასხვა პრობლემებმა იჩინა თავი.

ჩემი ქმარი პროფესიით მეზღვაურია. როცა ცოლად გავყევი, მალევე ჩემმა მულმა დაგვირეკა და ლაშას უთხრა, ფოთში კარგ სამსახურს გთავაზობენ და იქნებ ჩამოხვიდეო. ლაშა არც კი დაფიქრებულა. 1000 ლარი დღეს ქუჩაში არ ყრია, ამიტომ დათანხმდა. მე კი ცოტა გამიჭირდა ამ სიშორეზე ჩემი ოჯახისგან წასვლა, მაგრამ რას ვიზამდი, სადაც ჩემი ქმარი იქნებოდა, მეც იქ უნდა ვყოფილიყავი.

– და პრობლემებიც ამის მერე დაიწყო?

– კი. ლაშას რომ გავყევი, სადღაც ერთ თვეში უკვე ფოთში მოგვიწია წასვლა. სანამ აქ ვიყავით, მამაჩემი, ჩემი და-ძმები და ნანა დეიდა ლამის ყოველდღე მოდიოდნენ ჩვენთან, ხან ნამცხვრებს მოგვართმევდნენ, ხან ხილს და ხანაც ტორტს. ლაშას ჩემიანების ყურადღება, რა თქმა უნდა, სიამოვნებდა და ეს ჩემთვისაც საამაყო იყო, მაგრამ რაც ფოთში წავედით, ჩემიანები იქ ჩამოსვლას ვეღარ ახერხებენ და სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი პრობლემაც. ყოველი შეკამათებისას, ლაშა მაიძულებს, გავჩუმდე, შენ საერთოდ ხმას როგორ იღებ, უპატრონო ხარო, მეუბნება. ამის მოსმენა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. რატომ ვარ უპატრონო? მამა არ მყავს, და, ძმა თუ ნანა დეიდა? მაგრამ იმათმაც რა ქნან, ვერ ჩამოდიან და ამის გამო ხომ არ დავკარგავ? დარეკვით მირეკავენ, მოგვიკითხავენ ხოლმე, მაგრამ ფოთი საბურთალო ხომ არ არის, რომ ჩაჯდე “მარშრუტკაში” და უცებ მიხვიდე?! ლაშას ამის გაგება ძალიან უჭირს.

– ლელა, შვილები გყავთ?

– კი, პატარა ანდრია მყავს, რომელიც ახლა უკვე 2 თვისაა. ანდრია დროზე ადრე დაიბადა, შვიდთვიანია. ლაშა ამაზეც აღრენილია, ბავშვი 2 თვის გახდა და ერთხელაც არ ინახულეს, ნუთუ არ აინტერესებთ, მათი შვილიშვილი როგორიაო. ამაზე ხანდახან მეც კი ვფიქრობ, ნუთუ მართლა არ აინტერესებთ, ჩემი შვილი როგორია? “ოდნაკლასნიკებში” კი მიდევს მისი ფოტოები და ნახულობენ, მაგრამ განა ეს საკმარისია?

– რატომ არ მოდიან შენიანები, რას გეუბნებიან?

– მამაჩემი 2 კვირის წინ ცუდად გამხდარა, სასწრაფო გამოუძახიათ და უამრავი წამალი დაუნიშნავთ. რა ტრაგედიაც მაგ კაცმა ნახა, კიდევ კარგად არის თავის ჭკუაზე. მეუბნება, როგორც კი გამოვკეთდები, ჩამოვალო, მაგრამ ლაშა მაინც თავისას მიერეკება და ხანდახან ძალიან მაბრაზებს.

– თქვენი და-ძმა?

– ასე ცალ-ცალკე ხომ არ ივლიან, ბარემ თუ ჩამოსვლაა, ყველა ერთად ჩამოვა. ჩემი ქმარი მეგრელია და იქ თავისებური წესები აქვთ. დიდ სირცხვილად ითვლება, როცა გოგოს გაათხოვებ და მერე სიძის ოჯახში არ მიხვალ. როცა თბილისში ვიყავით, ჩემები თან გვყვებოდნენ, მაგრამ ახლა ფოთში ჩამოსვლა უჭირთ, თან მამაჩემსაც ეკონომიკურად არ აქვს კარგი სიტუაცია. რომ ჩამოვა, ბავშვს რაღაც ხომ უნდა ჩამოუტანოს? თუ ხელცარიელი ჩამოვიდა, მერე იმაზე დაიწყებენ ლაპარაკს, ჩამოვიდა ამხელა კაცი და ბავშვს ერთი ცალი პამპერსი არ მოუტანაო. მამაჩემისაც კარგად მესმის, მაგრამ მე რა დავაშავე? ოდნავ რომ წავკამათდებით მე და ლაშა, უკვე ვიცი, რომ ჩვენი საუბარი ჩემი უპატრონობის თემის განხილვით დასრულდება, ამიტომაც ისევ გაჩუმებას ვამჯობინებ ხოლმე, მაგრამ ამ გაჩუმებითაც ძალიან დავიღალე.

– ლაშას თქვენი გაგება ასე უჭირს?

– ლაშას ჩემი გაგება არ უჭირს. მგონია, რომ ამას იქ ვიღაცები უსისინებენ, შენს ცოლს რატომ არავინ აკითხავს, ნუთუ უპატრონოაო. ჩვენ ჩემს მულთან ვცხოვრობთ. ჩემს მულს ქმარი გარდაცვლილი ჰყავს და ამ სახლში კიდევ ჩემი მულის ორი მაზლი ცხოვრობს. მოკლედ, ჩემი ამბავი სერიალივით არის. ჩემი მულის მაზლები რომ დასხდებიან ლაშასთან ერთად საქეიფოდ, ეტყობა, მერე ეუბნებიან, ასეთი უპატრონო გოგო სად იპოვეო და ჩემი ქმარიც “იგრუზება”. მათ არაფერს ეუბნება, სათქმელს გულში ინახავს და მერე მთელ ჯავრს ჩემზე იყრის.

– მამათქვენმა იცის, რომ ასეთ დღეში ხართ?

– კი, იცის. რამდენჯერმე ძალიან რომ გავბრაზდი, შუაღამისას დავურეკე და ვთხოვე, ჩამოდი და აქედან წამიყვანე-მეთქი. ჩემი უფროსი ძმა გადაყოლილია ჩემზე, რამდენჯერმე ლაშასაც დაურეკა და ეჩხუბა, ნუ ამწარებ ჩემს დას, თორემ ჩამოვალ და გვერდებს დაგალეწავო. ამანაც ასე უპასუხა, არაფერია სერიოზული, ვიკამათეთ უბრალოდ, ლელა აბუქებსო. ისიც ვერ ჩამოდის, იმიტომ, რომ ჩემი რძალი დღე-დღეზე ბავშვს ელოდება. ჩემს დას პატარა ბავშვები ჰყავს ერთმანეთზე მიყოლებული – ერთის, სამისა და ექვსი წლისები. როგორ წამოიყვანოს ამხელა გზაზე? როცა ანდრია გაგვიჩნდა, მამაჩემმა 300 ლარი გამოგვიგზავნა, ბავშვს ეტლი უყიდეთ და თუ რამე მოგრჩათ, რაც სჭირდება, ისიც შეუძინეთო.

– ლელა, იქნებ ცალკე გეცხოვრათ?

– ამაზეც ბევრი ვიფიქრე, გავსულიყავით ცალკე მე და ჩემი ქმარი და ყველა პრობლემა თვითონვე მოგვეგვარებინა, მაგრამ არ გვაქვს იმდენი საშუალება, რომ ცალკე ვიცხოვროთ და ქირა ვიხადოთ.

– მაშინ თბილისში დაბრუნდით.

– თბილისშიც ვერ დავბრუნდებით, რადგან ლაშას სამუშაო ფოთში აქვს. აღარ ვიცი, რა ვქნა. ჩემი ქმრის გამოხდომებმა ძალიან დამღალა. ვიცი, რომ ცოლ-ქმარი ყოველთვის იკამათებს და სადაც კამათი არ არის, იქ, ალბათ, არც სიყვარულია, მაგრამ ძალიან მინდა მშვიდად ცხოვრება, რომ ჩემ ზურგს უკან მთელი ფოთი არ ჭორაობდეს, ეს გოგო უპატრონოაო.

– რა იცით, რომ ასე ამბობენ?

– ადრე ჩურჩულებდნენ ერთმანეთში, ახლა უკვე ხმამაღლა ლაპარაკობენ, რომ უპატრონო ვარ. ყველა გაოცებული კითხულობს, გათხოვდა, არავინ ჩამოაკითხა, ბავშვი ეყოლა, არავინ ჩამოაკითხა, ალბათ, ეს გოგო უპატრონოაო. ვერ დავდგები და ყველას ვერ დავუწყებ ახსნას, რატომ არ შეუძლიათ ჩემებს ჩამოსვლა და ჩვენი მონახულება. ხანდახან იმდენად ვბრაზდები ხოლმე, მინდა, რომ ჩემს შვილთან ერთად სადმე გავიქცე. ასე მგონია, მაშინ ყველა დაისვენებს და ჩემს ტანჯვასაც ბოლო მოეღება.