საქართველოში კაცების უმრავლესობას ჰგონია, რომ თუ ქალი განათხოვარია, ის ყველაფერზე წავა და მათ მახეში ადვილად გაებმება. იერიშს მიიტანენ ხოლმე ისედაც ტრავმირებულ ქალებზე და უარეს დღეში აგდებენ, ვიდრე არიან.
ასეთებთან ალბათ სწორედ იმიტომ აქტიურობენ, რომ მერე ადვილად გაიხურონ კარი და უთხრან, დიდი ამბავი, თუ მიგატოვე, პირველი კაცი ხომ არ ვიყავი შენთვის, რა პრობლემა გაქვსო.
26 წლის გავთხოვდი, 28 წლის ასაკში კი მარტო დავრჩი. ალბათ ხვდებით, უკიდურესად რომ არ გამჭირვებოდა ქმართან ერთად ცხოვრება, ასე უცებ ოჯახს არ დავანგრევდი. მათ სახლში ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელი იყო. ჩემი იქიდან წამოსვლა არავისთვის ყოფილა გასაკვირი, პირიქით, მითხრეს, იმან გაგვაოგნა, მათ ოჯახში როგორ შეხვედიო.
დღემდე ძალიან დათრგუნული ვარ. საკუთარ თავს ვადანაშაულებ, რომ ასეთი რამ დამემართა. ისედაც ასეთ მდგომარეობაში ვარ და აღვირახსნილმა მამაკაცებმა სანერვიულო დამიმატეს.
სამსახურში და უბანში ისეთებმა გამოიჩინეს ჩემ მიმართ ყურადღება, მანამდე რომ არც მამჩნევდნენ. მივხვდი, ჩემგან რაც უნდოდათ. ალბათ ფიქრობდნენ, ქმრისგან დამცირებული, მათ მივეწეპებოდი, მაგრამ უცებ ჩამოვიშორე ყველა, მხოლოდ ერთს ვერ შევაგნებინე ვერაფერი.
ის კაცი ასაკით ჩემზე უფროსია და თანაც ცოლშვილიანი. თავხედურად მეუბნება, რომ ჩემი საყვარლობა უნდა. განა იმას ამბობს, რომ ვუყვარვარ, არა, მეუბნება, რომ ვუნდივარ და უნდა, დამეუფლოს. მასზე გული მერევა, ამის პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ მაინც ვერაფერი შევაგნებინე.
ვერიდები, რომ სკანდალი მოვუწყო, ჩემს სახელს ვუფრთხილდები. შეიძლება ჭორიკანა ხალხმა აქეთ დამადანაშაულოს, რომ მე გამოვიწვიე. მამაჩემმა რომ ეს გაიგოს, შეიძლება სახლიდან აღარ გამიშვას და მუშაობაც ამიკრძალოს. მოკლედ, ბევრი რამის გამო ვარ ჩუმად და თავზე არ ვამხობ ყველაფერს. ისიც ამით სარგებლობს და ძალიან მავიწროვებს.
დავემუქრე, ყველაფერს შენს ცოლს ვეტყვი-მეთქი და სიცილად არ ეყო. თქვა, შენც ახლა გული არ გაუხეთქო, ეგეთი რაღაცები სულ არ აინტერესებს, მას თავისი საქმე აქვსო.
აღარ ვიცი, ეს აბეზარი, აღვირახსნილი კაცი როგორ ჩამოვიშორო. ზოგჯერ მინდა, რაღაც გავუქანო თავში, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ხალხის ალაპარაკება არ მინდა.
“სარკის” მკითხველი