ზურაბ ჭიაბერაშვილი – “მცირე და საშუალო ბიზნესი ხელში გვაკვდება”

ზურაბ ჭიაბერაშვილი - "მცირე და საშუალო ბიზნესი ხელში გვაკვდება"მსოფლიო ბანკი ფარდობითი სიღარიბის დათვლის პრინციპს ცვლის. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი ზოიძეს და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებს დიმიტრი ხუნდაძეს და ლევან კობერიძეს შეხვდნენ. აკაკი ზოიძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება მხოლოდ ტექნიკური იქნება, რამაც შესაძლოა საქართველოს სტატისტიკურ მონაცემებში ღარიბ ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი გაზარდოს, თუმცა ზოგად სტატისტიკაში მსოფლიოს სხვა ქვეყნების მონაცემების გათვალისწინებით ზრდა მაინც არ იქნება შესამჩნევი, რადგან ცვლილებები მხოლოდ საქართველოს არ შეეხება,
აღნიშნულ თემაზე გადაცემაში ’’საქმის კურსი“ საპარლამენტო უმცირესობის წევრი ’’ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი საუბრობს.
– ბატონო ზურაბ, აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით უმცირესობა თუ ჩააყენა საქმის კურსში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა?
– ჯერჯერობით მსოფლიო ბანკთან ჩვენ შეხვედრა არ გვქონია, თუმცა ბუნებრივია შევხვდებით და გავეცნობით აღნიშნულ მეთოდოლოგიურ ცვლილებას. თავისთავად ის ცვლილება რაც დაანონსებულია, ბუნებრივად გამოიწვევს იმას, რომ საქართველოში უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდება ახალი დადგენილი ზღვრის ქვეშ, რომელსაც მსოფლიო ბანკი ადგენს.
– ეს ტექნიკური ცვლილება იქნება, რაც საქართველოში სიღარიბის გაზრდას გამოიწვევს?
– ჩვენთვის ახლა მთავsრი სულ სხვა რაღაც არის. მთავარია ახალი მაჩვენებლები, რაც გამოქვეყნდება, შედარებადი იყოს წინა წლებთან მიმართებაში, რათა დავინახოთ, ქვეყანაში სიღარიბე იზრდება თუ მცირდება. აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ 2016 წელს 2015 წელთან შედარებით ქვეყანაში ფარდობითი და აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა. არ დავეთანხმები კომიტეტის თავმჯდომარეს, რომ ეს სტატისტიკური ცდომილების ფარგლებშია. იმას, რომ 2016 წელს წინა წელთან შედარებით ქვეყანაში სიღარიბე გაიზარდა, ლოგიკური ახსნა აქვს. ლარის კურსი ასე პირდაპირ შეიძლება მოქალაქის ჯიბეს არ ურტყამდეს, ურტყამს უფრო იმას, ვისაც კრედიტები აქვს და მათ მნიშვნელოვნად ეხებათ. ასეთი კი ნახევარი მილიონი ადამიანია. ლარის კურსი ბიძგი გახდა შემდგომი ფასების ზრდის. ფასების ზრდა კი პრაქტიკულად ყველა ოჯახის ჯიბეს ეხება, რადგან ხარჯი ყველას ეზრდება და რაც უფრო ღარიბია ადამიანი, მით უფრო დაუცველია ასეთი ეკონომიკური რყევების მიმართ. სამწუხარო ის არის, რომ ამას თავისი პოლიტიკური სარჩელი აქვს, რადგან ეს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა, რომელსაც მთავრობა ატარებს.
– უფრო საყურადღებო ხომ არ არის თავად ტრენდი, რომელიც 2010 წლიდან მოყოლებული სულ კლებადი იყო და ტრენდი რომ დაირღვა, ეს ხომ არ არის უფრო მნიშვნელოვანი?
– ბოლო კვლევაში, რაც მსოფლიო ბანკმა სიღარიბეზე გამოაქვეყნა, ძალიან საინტერესო დასკვნა გააკეთა, რომ ბოლო წლებში სიღარიბის კლების ტემპი შემცირდა. სწორედ ამაშია მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რომ ეს ტემპი, რომელიც შედარებით კიდევ უფრო სწრაფი უნდა ყოფილიყო და სიღარიბის ზღვარი კიდევ უფრო ქვემოთ უნდა ჩამოსულიყო, კიდევ უფრო დამუხრუჭდა და 2016 წელს მიმართულებაც კი შეიცვალა. თითქოს პარადოქსია. მსოფლიო ბანკი ზუსტად იმას ამბობს, რომ ტემპი სიღარიბის კლებისა მაგალითად, 2006 წლიდან 2010 წლამდე აღარ არის ისეთი, რაც 2010-დან მოყოლებულია. აქ უნდა ვეძებოთ გასაღები.
2010 წლიდან უკვე ეკონომიკური განვითარების ფაქტორი შემოვიდა სიღარიბის კლებაში, რასაც უფრო მეტი გავლენა აქვს, მაგრამ პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ჩვენი ეკონომიკური განვითარება შეფერხდა. ჩვენ ახლა დაბალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ასე პროგრესი ვერ გვექნება. ამ დაბალი ეკონომიკური ზრდის გამო, მაგალითად, ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტი ვალების ხარჯზე იზრდება და არა ეკონომიკური ზრდის ხარჯზე.
– თუმცა, 2017 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაგეგმილზე მაღალია ჯერჯერობით.
– თუმცა დამეთანხმეთ, რომ 4.5%-იც რომ დარჩეს წლის ბოლომდე, ასეთ ქვეყნად დავრჩებით ათწლეულების განმავლობაში და ვერ დავეწევით ევროკავშირის დღეს ყველაზე დაბალი მაჩვენებლების მქონე ქვეყანას, მაგალითად, ბულგარეთს. აქ არის მთელი პრობლემა, რომ  4% ან 5%, რაც შეიძლება ძალიან მაგარი იყო გაჯერებული და განვითარებული ეკონომიკისთვის, მაგალითად, გერმანიისთვის ან შეერთებული შტატებისთვის, ჩვენთვის აბსოლუტურად არასაკმარისია და აქ უნდა ვეძებოთ მთავარი გასაღები და ორი გამოსავალი არსებობს – აუცილებელია გადასახადების შემცირება და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბიძგის მიცემა.
თუ ჩვენ 2016 წლის მონაცემებს თუ ავიღებთ 2015 წელთან შედარებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წილი დასაქმებაში შემცირებულია და მთლიან გამოშვებაშიც შემცირებულია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ხელში გვაკვდება. ამ დროს იმისათვის, რომ საშუალო ფენაში გადმოვიდნენ ღარიბები, იმისთვის რომ უფრო დაცულები იყვნენ და პატარა ეკონომიკური რყევაც კი არ იწვევდეს მათ გადავარდნას სიღარიბეში, აქ მცირე და საშუალო ბიზნესის როლი ძალიან მაღალია, მათ შორის დასაქმებაში, ეკონომიკურ ზრდაში. სამწუხაროდ, დღეს ’’ქართული ოცნების“ არასწორი პოლიტიკის გამო მცირე და საშუალო ბიზნესი კვდება.