ერთიანი ეროვნული გამოცდების შინაარსში ცვლილებები შედის – როგორ მოუწევთ აბიტურიენტებს ტესტების ჩაბარება

ერთიანი ეროვნული გამოცდების შინაარსში ცვლილებები შედის - როგორ მოუწევთ აბიტურიენტებს ტესტების ჩაბარება2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში შინაარსობრივი ცვლილებები შედის. მცირედით იცვლება როგორც ზოგად უნარების, ასევე მათემატიკისა და ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტები. თემაზე, თუ რა იცვლება და და როგორ უნდა მოემზადონ აბიტურიენტები გამოცდებისთვის, „მაესტროს“ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ესაუბრა. 

რა ცვლილებები ელით აბიტურიენტებს მომავალი საგამოცდო წლისთვის?

შინაარსობრივი კუთხით გარკვეული ცვლილებები, სიახლე შეგვაქვს აბიტურიენტებისთვის და ეს ეხება ორ ძირითად გამოცდას – ზოგად უნარებსა და ქართულ ენასა და ლიტერატურას. ზოგადი უნარების ტესტის ფორმატი იცვლება და ცვლილება ეხება მხოლოდ და მხოლოდ ვერბალურ ნაწილს და არა მათემატიკურ ნაწილს. თქვენ იცით, რომ ვერბალურ ნაწილში ცალკე ბლოკად იყო წარმოდგენილი ანალოგების ბლოკი. ის წაკითხულის გააზრების ბლოკთან ერთად გაერთიანდება. ანუ, ტექსტების რაოდენობა არ იცვლება. აბიტურიენტებს წაკითხულის გააზრების ნაწილში ორ ტექსტს მისცემენ. მათ, ბუნებრივია, უნდა უპასუხონ კითხვებს, რომელიც დაკავშირებულია ტექსტის გააზრებასთან და ამ ტექსტს უკვე შემდეგ მოჰყვება ანალოგების ტიპის 4-5 დავალება, ოღონდ ეს ანალოგები დაკავშირებული იქნება ტექსტთან. ასე, რომ თუ აბიტურიენტმა კონკრეტულ შემთხვევაში არ იცის რომელიმე სიტყვის მნიშვნელობა, მას ტექსტი დაეხმარება და შეუძლია სიტყვის მნიშვნელობა კონტექსტში გაიაზროს, რასაც ვერ მოახერხებდა მაშინ, როდესაც ანალოგების ბლოკი ცალკე იყო წარმოდგენილი.

რაც შეეხება ქართულ ენასა და ლიტერატურას, მასში მცირედი ცვლილება შევა. არგუმენტირებული ესეს ხვედრითი წილი გაიზრდება. არგუმენტირებული ესეს შეფასება მაქსიმალური 20 ქულის ნაცვლად, იქნება 24 და ამ ცვლილების მიზეზი ის გახლავთ, რომ აქცენტი უფრო მეტად აბიტურიენტის კრიტიკული აზროვნების შეფასებაზე გაკეთდება.

მათემატიკის ნაწილში რა იცვლება? როგორც ჩანს, უფრო მარტივდება.

მე არ ვიტყოდი, რომ მარტივდება. მთლიანად ტესტში შედარებით გაიზრდება მარტივი დავალებების ხვედრითი წილი. ბუნებრივია, წარმოდგენილი იქნება, როგორც მარტივი და საშუალო სირთულის, ასევე რთული დავალებებიც, თუმცა ვიმეორებ, რომ ოდნავ გაიზრდება მარტივი დავალებების ხვედრითი წილი.

რის გამო მიიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება? ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ცვლილებებით უფრო მეტად ანალიტიკური აზროვნების შემოწმებაზე კეთდება აქცენტი?

სწორედ ამას გავუსვი ხაზი. რაც შეეხება ზოგად უნარებში ცვლილებებს, ამასთან დაკავშირებული რამდენიმე მიზეზი არსებობს. გულწრფელად გეტყვით, თუ წლების განმავლობაში ზოგადი უნარების გამოცდაზე აბიტურიენტების ნაშრომებს გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ წაკითხულის გააზრების ნაწილს მეტ-ნაკლებად თავს არიდებენ, რაც, რბილად რომ ვთქვათ, კარგი არ არის. მე თუ მკითხავთ, ვერბალურ ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს ბლოკია. რაც შეეხება ანალოგების ბლოკს, აბიტურიენტების მხრიდან, განსაკუთრებით რეპეტიტორების მხრიდან არის არც თუ კარგი პრაქტიკა, როდესაც აბიტურიენტები ან თავისი ნებით, ან რეპეტიტორების დაძალებით ლექსიკონიდან სიტყვებს იზეპირებენ, სწავლობენ რაც შეიძლება მეტ სიტყვას და სიტყვებს შორის კონკრეტულ მიმართებებს, რაც საბოლოო ჯამში მათ ხელს უშლის გამოცდის მსვლელობისას საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოავლენაში. ჩვენი მიზანი არ არის, შევამოწმოთ აბიტურიენტმა რაც შეიძლება მეტი სიტყვის მნიშვნელობა იცის თუ არა, თუ მან კონკრეტული სიტყვის მნიშვნელობა არ იცის, რადგან ანალოგების დავალება დაკავშირებული იქნება ტექსტთან. ანუ, სიტყვა იქნება ტექსტიდან აღებული. ბუნებრივია თუ აბიტურიენტმა სიტყვის მნიშვნელობა არ იცის, მას ამ სიტყვის მნიშვნელობის გასააზრებლად ტექსტში კონტექსტი დაეხმარება. აქედან გამომდინარე, ამ სიახლეს ორმხრივი დატვირთვა აქვს. ერთის მხრივ, ვფიქრობ, რომ აბიტურიენტებისთვისაც გაცილებით მისაღები იქნება ასეთი ფორმატი და რაც მთავარია, ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას გავაკეთოთ აქცენტი იმ ნაწილზე, რომელსაც ჩვენ მნიშვნელოვად მივიჩნევთ და ბუნებრივია, ეს შესაძლებლობას მოგვცემს კიდევ უფრო ეფექტიანად შევამოწმოთ და შევაფასოთ ჩვენი აბიტურიენტების უნარები.

ცვლილებების მიხედვით, მაგალითად, წაკითხულის გააზრების ნაწილს დაერთვება 10 დავალება, ნაცვლად 6-ისა. იზრდება დავალებათა მოცულობა და ამის გამო ხომ არ იზრდება საგამოცდო დრო? აბიტურიენტები მოცემულ დროში ჩატევას შეძლებენ?

არა, რაოდენობა არ იცვლება. აქ ორი ბლოკის ინტეგრირება ხდება, ანალოგების ბლოკი წაკითხულის გააზრების ბლოკში გაერთიანდება და აქიდან გამომდინარე, რაოდენობა არ იზრდება. ლოგიკის ნაწილს თუ არ გავითვალისწინებთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ რაოდენობა მცირდება კიდეც, მაგრამ ლოგიკის ნაწილს რამდენიმე დავალება დაემატება და ძალიან ლაკონiური და მარტივი დავალებების ხარჯზე გაიზრდება ამ ნაწილში დავალებების რაოდენობა. საერთო ჯამში, დავალებების რაოდენობა არ იცვლება და დრო იმდენივეა გამოყოფილი, რაც აქამდე იყო. აბიტურიენტებს ვერბალური ნაწილისთვის 1 საათი და 35 წუთი ეძლევათ და მათემატიკური ნაწილისთვის – 1 საათი და 35 წუთი.

გასაგებია, რომ ეს ცვლილებები აბიტურიენტებში კრიტიკული აზროვნების გააქტიურებას ემსახურება, თუმცა სკოლაში
სწავლისას პედაგოგები მოსწავლეებთან ამ სააზროვნო უნარებზე გასვლას ახერხებენ?

ჩვენ ცოტა პრობლემურ თემას შევეხეთ და რა თქმა უნდა, ამ კითხვაზე პასუხის მარტივად გაცემა შეუძლებელია. ბუნებრივია, სასკოლო განათლების საფეხურზე ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს, ბუნებრივია, ჯერ კიდევ დიდი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი სკოლა. ბევრი ფაქტორი უნდა უწყობდეს ხელს ამ მნიშვნელოვანი უნარების ჩამოყალიბებას ჩვენს მოსწავლეებში. ყველაფერი კარგად რომ არ გვაქვს, ჩვენც მშვენივრად ვიცით. ძალიან სერიოზული მუშაობაა ჩასატარებელი იმისთვის, რომ სკოლამ თავისი ძირითადი ფუნქცია სათანადოდ შეასრულოს. თუმცა წაკითხულის გააზრების უნარი, კრიტიკული აზროვნების უნარი თუ ახალგაზრდას სათანადო დონეზე გააზრებული არ აქვს, ის ვერანაირად ვერ გაართმევს თავს უმაღლეს სასწავლებელში აკადემიურ ცხოვრებას და ვერ იქნება წარმატებული სტუდენტი. ასე, რომ ეს ის საბაზისო უნარებია, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს შეფასებული იმაში დასარწმუნებლად, რომ ახალგაზრდას უნივერსიტეტში სწავლისას არანაირი პრობლემები აღარ ექნება. როდესაც გამოცდისთვის რამეს ვითხოვთ, ეს იწვევს იმას, რომ უკვე სკოლებშიც, ასევე სამწუხაროდ რეპეტიტორების შემთხვევაშიც, აქცენტი კეთდება იმაზე, რასაც საგამოცდოდ ვთხოვთ აბიტურიენტებს.

მაგისტრანტობის მსურველთათვისაც ხომ არ იცვლება გამოცდებში რამე?

არა, მაგისტრანტობის მსურველებისთვის არაფერი იცვლება, ისევ ის 4 ნაწილია და რამდენიმე ტიპი გვაქვს, რაც დამოკიდებულია ბუნებრივ მიმართულებაზე და ეს ახალგაზრდებისთვის კარგადაა ცნობილი.

იმედინიუსი