მამუკა ონაშვილი 50 წლის ასაკში ცოლსა და შვილებზე ოცნებობს

მამუკა ონაშვილი 50 წლის ასაკში ცოლსა და შვილებზე ოცნებობსმომღერალ მამუკა ონაშვილის ხსენებაზე ბევრს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: “სად დაიკარგა მამუკა ონაშვილი?”. თუ სად არის ის და რას საქმიანობს, ამის შესახებ ის ჟურნალ “სარკეს” უყვება.

— ბატონო მამუკა, რას საქმიანობთ თბილისში?

– გამოვდივარ სხვადასხვა კორპორატიულ საღამოებზე, ქორწილებში, დაბადების დღეებზე, მიმყავს ღონისძიებები, როგორც ქართულად, ასევე რუსულად. კვირაში 4 დღე ხინკლის რესტორნების ქსელში ვმუშაობ. თუმცა ეს ისეთი დატვირთვა არ არის, როგორიც ადრე მქონდა.

— რა პერიოდში?

– 10 წლის წინ. თვეში 45 კონცერტი გამოდიოდა, დღეში 2-3-ს ვატარებდი. ახლა მომღერალმა 2-3 კონცერტი თუ ჩაატარა თვეში, მადლობა უნდა უთხრას ღმერთს და მაყურებელს.

— თქვენი შემოსავლის მთავარი წყარო სიმღერაა?

– დიახ, მხოლოდ სიმღერა.

— არასდროს გიცდიათ ბიზნესის წამოწყება?

– სანამ სიმღერას დავიწყებდი, ბიზნესი მქონდა, მერე თავი დავანებე და წამოვედი ხელოვნებაში, შოუბიზნესში, მაგრამ ისე მოხდა, რომ შოუ დარჩა, ბიზნესი გაქრა. დღესდღეობით საკუთარი თავის პატრონი ისევ მე ვარ.

— აახლებთ რეპერტუარს?

– ვაპირებ, რეპერტუარიც შევცვალო და ჩემი იმიჯიც. ავიყვანო ჯგუფი და მათთან ერთად ვიმუშაო. ეს იდეა ჩასახულია, ახლა მხოლოდ განხორციელება უნდა.

— იმიჯის შეცვლაში წონის დაკლებას გულისხმობთ?

– რა თქმა უნდა. წლები მემატება, სიბერისკენ მივდივარ, თანაც ისეთ სფეროში ვარ, მინდა, ფორმაში ვიყო. სანამ გყავს მსმენელი, ასე ვთქვათ, მოთხოვნადი ხარ, მათ ახალი სიმღერები უნდა შესთავაზო, პლუს კარგადაც უნდა გამოვიყურებოდე, რაც მე ამდენიმე წლის განმავლობაში ვერ გავაკეთე, დავიკარგე. ახლა შემიძლია ხმამაღლა ვთქვა და დიდი ასოებით დაწეროთ, რომ მამუკა ონაშვილი არ დაკარგულა! ჩემს სათქმელს კიდევ ვიტყვი.

— რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში სასაცილო და თან სკანდალური სტატუსი გამოაქვეყნეთ, ცოლს ვეძებო. მერე კი კითხვებს აღარ უპასუხეთ. რას ნიშნავდა თქვენი ეს სიტყვები?

– ეს იყო ჩემი და ჩემი მეგობრების ძალიან დიდი ხუმრობა სიმთვრალეში. ამ სტატუსს ისეთი ამბები მოჰყვა, რომ შეიძლებოდა რაღაცაც კი მომხდარიყო.

— ანუ ამ სტატუსს შეიძლება ქორწინება მოჰყოლოდა?

– შეიძლება… მართლა ვიხალისეთ, ვისხედით და ვიცინოდით.

— რეალურად არ აპირებთ დაქორწინებას?

– იმ ასაკში აღარ ვარ, რომ ძებნა დავიწყო. თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შემიყვარდება, კი, ბატონო, დიდი სიამოვნებით.

— როგორი ქალისკენ გაგიწევთ გული?

– დედა, დედა, როგორი შეკითხვა დამისვით?! არ გეტყვით.

— რატომ?

– იმიტომ! საინტერესო უნდა იყოს. 20 წლის ასაკში სულ სხვანაირად ვფიქრობდი, 30 წლის – სხვანაირად, 40 წლის – სულ სხვაგვარად. ახლა 50 წლის ვარ და ამ ასაკში უკვე ბევრ რაღაცაზე დავფიქრდი, იმაზეც კი, ახლა რა იქნება.

— რაზე ოცნებობდით და რა ვერ აგისრულდათ?

– ჩემთვის ყველაზე მთავარი ოჯახია.

— ცოლს, შვილებს გულისხმობთ?

– აუცილებლად. კაცისთვის ოჯახი აუცილებელია. დედა სხვა არის, მამა – სხვა, დები – სხვა, შენი პირადი ოჯახი კი არის სულ სხვა, მაგრამ ასე მოხდა… არ ვიცი, სად გავარდა წლები. ახლა ვფიქრობ, რამდენი წელი გამიფრინდა “მოდი, ხვალ”-ის ძახილში.

— არც ახლა არის გვიან.

– რა თქმა უნდა, არ არის გვიან. სიყვარულს ასაკი არ აქვს.

ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”