რევაზ არველაძე მთავრობის წინააღმდეგ – ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება არ შეიძლება!

რევაზ არველაძე მთავრობის წინააღმდეგ - ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება არ შეიძლება!პარლამენტში მთავრობის სტრუქტურული რეფორმის შესახებ კანონის განხილვა მიმდინარეობს. კანონის განხილვამდე კულუარულად ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ უმრავლესობაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვნება არ იყო და ამას აუცილებლად მოყვებოდა დაპირისპირება.

ერთ-ერთი პირველი, ვინც მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდა, უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძეა, რომელიც აცხადებს, რომ სტრუქტურული რეფორმის შედეგად ენერგეტიკაში მუშაობის ხარისხი გაუარესდება.

რევაზ არველაძე “ახალი თაობის” კითხვებს პასუხობს

.– ბატონო რევაზ, კომიტეტის სხდომაზე თქვენ უარყოფითი შეფასება დააფიქსირეთ სტრუქტურული რეფორმის მიმართ. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს სიტუაციას გააუარესებს. გყავთ თანამოაზრეები უმრავლესობაში?

– მე არ ვიცი, რამდენი უჭერს მხარს და რამდენი არა ამ კანონპროექტს. პირადად მე მიმაჩნია, რომ ენერგეტიკის სამინისტრო თავისი მნიშვნელობით, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში, შეიძლება ჩაითვალოს ნომერ პირველ სამინისტროდ, იმიტომ, რომ ყველაფერი ამაზეა აწყობილი. ერთადერთი მიმართულებაა, ერთადერთი სფეროა, რომლის პარალიზება სრულ პარალიზებას უკეთებს ყველაფერს! მთელ ქვეყანას!

– ამიტომ ფიქრობთ, რომ ცალკე უნდა იყოს ეს სამინისტრო?

– გამომდინარე აქედან და იქიდანაც, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა დარჩენილი ენერგეტიკაში, ნურავინ იფიქრებს, რომ სისტემა აწყობილი და საკითხი მოგვარებულია. ის მოსაგვარებელია და ამ პრობლემების მოგვარებას სწორედ დონე სჭირდება.

– ეკონომიკის სამინისტრო ამას თავს ვერ გაართმევს?

– ენერგეტიკის მინისტრი ხშირად იღებს მონაწილეობას ამა თუ იმ ღონისძიებაში, ის მუშაობს ენერგეტიკაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, ბუნებრივია, როდესაც არსებობს ცალკე სამინისტრო და კონკრეტული მინისტრი, მისი მონაწილეობა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე, ვთქვათ, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკის დეპარტამენტის უფროსის. ამ უწყების ეფექტიანობა აუცილებლად გაუარესდება.

– იქნებ გაართვას თავი ეკონომიკის სამინისტრომ და კარგად მართოს ენერგეტიკის სექტორი?

– ამაში ეჭვი მეპარება. კანონში ჩამოყალიბებულია, თუ რას უნდა აკეთებდეს ენერგეტიკის სამინისტრო. ეს არის ენერგეტიკის პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელება, ეს არის მასზე დაფუძნებული სტრატეგიის დამუშავება. პროგრამების, პროექტების დამუშავება. ეს არის საგანგებო სიტუაციებისთვის ქვეყნის სტრატეგიის დამუშავება, ეს არის მეცნიერებისა და განათლებისთვის ხელშეწყობა. კანონში ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი.

– რატომ მიიღო მთავრობამ ეს გადაწყვეტილება, ჩათვალეს, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ვერ ასრულებდა თავის ფუნქციებს?

– თუ მთავრობა ფიქრობს, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს, მაშინ სამინისტრო კი არ უნდა გაუქმდეს, ან შეუერთდეს სხვას, უნდა შეიცვალოს ის კადრები, რომლებიც მართავენ სამინისტროს. თუ მთავრობა ფიქრობს, რომ კანონებში არ არის ასახული ის, რასაც უნდა აკეთებდეს ენერგეტიკის სამინისტრო, მაშინ კანონი შეცვალონ და შესაბამისი შესწორებები შეიტანონ.

სამინისტროს გაუქმებაში არ არის გამოსავალი. გადავხედოთ ბოლო პერიოდის მოვლენებს, საქართველომ მოაწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, საქართველო გაერთიანდა ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში. იქ არის ძალიან ბევრი დირექტივა, რომელიც საქართველომ უნდა მიიღოს და შეასრულოს.

– გაერთიანების შემთხვევაში ვერ შესრულება?

– ეს პროცესი გაწერილი იყო 2021 წლამდე, მას სამინისტრო პატრონობდა და ისევ სამინისტრო უნდა პატრონობდეს.

– შეცდომა იყო ხელისუფლების მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება?

– არ იყო სწორი გადაწყვეტილება. ნაადრევი იყო, თუმცა არც მომავალში უნდა გაუქმდეს ენერგეტიკის სამინისტრო, მაგრამ თუ მაინც შერწყმას ფიქრობდნენ სხვა სამინისტროსთან, ეს მოგვიანებით მაინც უნდა მომხდარიყო. თუნდაც 4 წლის შემდეგ.

– ამ 4 წელში რა შეიცვლებოდა?

– ის ვალდებულებები, რომლებზეც მე ვისაუბრე, ამ პერიოდში შესრულებული იქნებოდა. თუნდაც ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის მიერ წარმოდგენილი დირექტივები, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, 2021 წლამდე შესრულდებოდა. ნუ იფიქრებთ, რომ პრობლემები არ არის ენერგეტიკაში. კი, ბევრ მემორანდუმზეა ხელი მოწერილი, მაგრამ ისიც უნდა იცოდეთ, რომ ბევრი მათგანი გაჩერებულია და არც არაფერი კეთდება ამ მიმართულებით. თუნდაც ხუდონჰესის პრობლემები ავიღოთ, ის ამოვარდნილია იმ მოლოდინებიდან, რომლებიც მასზე მყარდებოდა. პრობლემა სხვა მხრივაც ბევრია.

– ბატონო რევაზ, გყავთ უმრავლესობაში თანამოაზრეები?

– არ ვიცი, ეს კენჭისყრის დროს გამოჩნდება. კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე დეპუტატმა დამიჭირა მხარი. ერთადერთი რომან გოცირიძე იყო, რომელიც არ ეთანხმებოდა ჩემს მოსაზრებებს. უფუნქციო სამინისტრო იყო და უნდა გაუქმებულიყოო. კატეგორიულად არ ვეთანხმები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ სამინისტრო დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს ან ვერ ასრულებს, ეს არ არის იმის საბაბი, რომ სამინისტრო გაუქმდეს!

– ბოლო პერიოდის განმავლობაში კახი კალაძე იყო ენერგეტიკის მინისტრი, ვიდრე საარჩევნო კამპანიაში ჩაებმებოდა. რამდენად კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას? მან ხომ არ აქცია ეს სამინისტრო უფუნქციოდ?

– კატეგორიულად არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას. ერთი დეპუტატი თუ თვლის, რომ სამინისტრო უფუნქციოა, ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ რეალურად ასეა. კახი კალაძემ, რომელსაც ამ მიმართულებით არანაირი ცოდნა და გამოცდილება არ ჰქონდა, ყველაფერი თავიდან დაიწყო და ძალიან სწრაფად აითვისა ის აუცილებელი ნაწილი, რაც მინისტრს მოეთხოვება. კახი კალაძეს ვერ მოსთხოვ, რომ ელექტროტექნიკაზე გარდამავალი პროცესები ისწავლოს. რაც მინისტრს მოეთხოვება, ის ზედმიწევნით კარგად შეისწავლა და კარგადაც გაართვა თავი. მერე ელოშვილი დაინიშნა და წინასწარ არ ვიცით, ის რას იზამდა, ივარგებდა თუ არ ივარგებდა.

– ითქვა ისიც, რომ ელოშვილი იყო კალაძის კადრი და კალაძემ მისი მმართველობის ქვეშ დაიტოვა ენერგეტიკის სამინისტრო და მისი გაუქმების ერთ- ერთი მიზეზი ესეც იყო, რომ კალაძისთვის გავლენები შეესუსტებინათო. უმრავლესობის წევრი ბრძანდებით და რა ინფორმაციებს ფლობთ ამის შესახებ?

– თუ ეს ასე იყო, ამისთვის არის მთავრობა. მთავრობა ხომ კალაძეზე მაღლა დგას, მაშინ შეეცვალათ ელოშვილი, სამინისტროს რატომ აუქმებდნენ?! თუ ასე იყო, ელოშვილიც შეეცვალათ და მთლიანად მისი კადრები. საბედნიეროდ, საქართველო არ არის ისეთი დაღუპული ქვეყანა, რომ ენერგეტიკული კადრები არ ჰყავდეს.

– ბატონო რევაზ, ტარიფების შესახებ უნდა გკითხოთ. საუბარია, რომ ამ ზამთარს ელექტროენერგიის ტარიფი აუცილებლად მოიმატებს. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

– ინფორმაცია არ სჭირდება ამ ამბავს, დღეს ერთადერთი ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეიძლება ტარიფმა მოიმატოს, იქნება ლარის კურსი. თუ კურსი რამდენი თვის განმავლობაში სტაბილურად დაფიქსირდება 2.75 თეთრის დონეზე, მაშინ ტარიფი აუცილებლად მოიმატებს. ენერგეტიკული ორგანიზაციები ამ საკითხს აუცილებლად დააყენებენ. სწორედ ეს იქნება ერთადერთი ობიექტური მიზეზი ტარიფის მატების. დღეს სხვა რაიმე ობიექტური მიზეზი არ არსებობს!

– თუ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა სპეციალისტების რჩევები და მაინც გააუქმა ენერგეტიკის სამინისტრო, ამ შემთხვევაში სიტუაციის გაუარესებას უნდა ველოდოთ?

– მე ვფიქრობ, რომ უნდა ველოდოთ. ამ სამინისტროს ეფექტიანობა მკვეთრად დაიწევს.