ნუკი კოშკელიშვილს რთული ორსულობა აქვს – “აბსოლუტურ წოლით რეჟიმში ვარ… ბავშვის სქესს საქართველოში გავიგებთ”

ნუკი კოშკელიშვილს რთული ორსულობა აქვს – “აბსოლუტურ წოლით რეჟიმში ვარ… ბავშვის სქესს საქართველოში გავიგებთ”ქართული შოუბიზნესის პოპულარული სახე, 27 წლის ნუკი კოშკელიშვილი და მისი ამერიკელი ქმარი, 39 წლის ბენი ხაიმი, ამ წელიწადში მშობლები გახდებიან. ამის შესახებ საზოგადოებამ “ფეისბუქის” საშუალებით გაიგო, ვრცლად კი ნუკი “სარკესთან” საუბრობს. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდებს.

– რა რეაქცია გქონდათ თქვენ და ბენის, როცა ეს სიახლე შეიტყვეთ?

– ეს ჩვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა. ზაფხულში გადავწყვიტეთ, რომ შვილი გვყოლოდა. უკვე ორი წელია ერთად ვართ და ბავშვიც გვინდოდა. თუ გამოვიდა, გამოვიდა, თუ არა და, არსად გვეჩქარება-თქო, ვამბობდით.

მოლოდინი კი გვქონდა, მაგრამ მაინც არ ველოდით, რომ ასე სწრაფად დავფეხმძიმდებოდი, ამიტომ ძალიან გაგვიხარდა. მაშინვე იმაზე დავიწყე ფიქრი, სახლში ნივთები და ავეჯი როგორ გადაგვეადგილებინა, უფრო დიდ ბინაში ხომ არ გადავსულიყავით და ა.შ. უფრო საყოფაცხოვრებო თემებზე დავიწყეთ ფიქრი, ვიდრე იმაზე, რომ მშობლები ვხდებით.

– ამაზე ფიქრისთვის კიდევ გაქვთ დრო.

– ჯერ კიდევ არ მაქვს გააზრებული, რომ ასეთი რაღაც ხდება. ალბათ, პირველად რომ ხდები დედა, დიდი დრო გჭირდება იმის გასაცნობიერებლად, რომ შენ დაგყავს ცოცხალი ადამიანი. ჯერ ეს ეტაპი არ მაქვს. როცა ვიგრძნობ, რომ მოძრაობს მუცელში, მერე უფრო გავიაზრებ ამ ყველაფერს.

მგონი, არც ბენის აქვს ბოლომდე გააზრებული, მიუხედავად იმისა, რომ ამბობს, რა ბედნიერი ვარ, როგორ მინდა, მალე შევხვდეო. სულ იმაზე ვფიქრობ, ნეტავ, ცუდი დედა არ ვიყო-მეთქი. სულელური რაღაცები მადარდებს, მაგალითად: ბავშვი ქართულად ილაპარაკებს? სპორტული იქნება? და ა.შ.

– სქესი იცით?

– ჯერ არ ვიცი. ჩვენ განსაკუთრებული ხერხით გვინდა სქესი გავიგოთ და ეს საქართველოში უნდა მოხდეს. ჯერჯერობით ამერიკაში ვართ, მალე ვაპირებთ ჩამოსვლას.

რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ გოგო მეყოლებოდა, მაგრამ ახლა მეც და ბენსაც ცალსახად გვგონია, რომ ბიჭია.

– როგორი ორსულობა გაქვთ?

– თუ შეიძლება, რომ ორსულს რაიმე უარყოფითი სიმპტომი ჰქონდეს, მე მაქვს. ჩვეულებრივი ენციკლოპედია ვარ, თუ როგორ შეიძლება ორსულობა მძიმე იყოს. პირველი დღიდან დაწყებული მაქვს მუცლის ტკივილი, ტოქსიკოზი და ა.შ. არადა დედაჩემს ძალიან მარტივი ორსულობა ჰქონდა. მე – ნურას უკაცრავად! რა სიმპტომებიც არსებობს, ყველაფერი მაქვს!

– როგორ გივლით ქმარი?

– ძალიან ყურადღებიანია, მაქსიმალურად გვერდში მიდგას და მეხმარება. რამე ხომ არ მოგინდა, უცებ გაგიკეთებ, გავიქცევი-გამოვიქცევიო, მეუბნება. ალბათ მისთვისაც ძალიან რთულია ყველაფრის გააზრება, რადგან ჯერ მუცელი არ მაქვს. ადრე, როცა სამსახურში ვურეკავდი და დაკავებული იყო, ტელეფონზე არ მპასუხობდა, ახლა სულ მპასუხობს, მე კიდევ სისულელეებზე ვურეკავ.

ექიმმა ტელეფონში რაღაც პროგრამა გადმომიწერა და მითხრა, ამის მიხედვით მარტივად მიხვდები, სიმპტომები საგანგაშოა თუ არა, დამირეკო თუ არაო. ყოველ კვირას მომდის შეტყობინება, ამ კვირაში თქვენ ამას და ამას იგრძნობთო. ამ შეტყობინების მოსვლა და იმ სიმპტომების დაწყება ერთია ხოლმე.

– წოლითი რეჟიმი ხომ არ გაქვთ?

– არა, მაგრამ ჩემი ნებით ვარ აბსოლუტურ წოლით რეჟიმში.

– საქართველოში ხომ არ აპირებთ მშობიარობას?

– არა, უბრალოდ ისე ჩამოვდივარ საქართველოში, ექიმმა ახლა დამრთო დიდ მანძილზე მგზავრობის ნება. ალბათ ერთი თვე დავრჩები და მერე უკვე უნდა დავბრუნდე, რადგან ფრენა აღარ შეიძლება. ბენიც ჩამოდის, მაგრამ ერთი თვე ვერ დარჩება.

– მშობიარობას ბენიც ხომ არ დაესწრება?

– ამბობს, დავესწრებიო. მე კი ჯერ მოფიქრებული არ მაქვს, დაესწროს თუ არა.

ეკა ლემონჯავა, ინტერვიუ სრულად იხილეთ “სარკის” მიმდინარე ნომერში