პროკურორი ირინა ჩოჩია – ”ირაკლი ქორიძე მხოლოდ ჯაბა ხულორდავას ჩვენების საფუძველზე არაა დაკავებული”

პროკურორი ირინა ჩოჩია - ”ირაკლი ქორიძე მხოლოდ ჯაბა ხულორდავას ჩვენების საფუძველზე არაა დაკავებული”– მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ქორიძემ დანაშაულს ორგანიზება გაუწია.

ამის შესახებ პროკურორმა ირინა ჩოჩიამ ჟურნალისტებს ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შენახვის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქორიძის სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ჩოჩიამ აღნიშნა, ქორიძის წინააღმდეგ ათეულობით მოწმის ჩვენება არსებობს, რაც საქმის მასალებშიც დევს.

– სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ის გარემოებები, რასაც ეს შუამდგომლობა ემყარებოდა. ბრალდებულ ირაკლი ქორიძეს განესაზღვრა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. ბრალდების მხარე აპელირებდა იმაზე, რომ მხოლოდ ჯაბა ხულორდავას ჩვენების საფუძველზეა დაკავებული ქორიძე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რაც დადასტურებულია კიდეც საქმეში წარმოდგენილი მასალებით. საქმის ამ მასალებს გაეცნო მოსამართლე და მიიღო გადაწყვეტილება, – განაცხადა ჩოჩიამ.
კითხვაზე – რამდენი ადამიანის ჩვენება არსებობს აღნიშნულ საქმეში ქორიძის წინააღმდეგ, პროკურორმა განაცხადა, რომ კონკრეტულ ციფრს ვერ დაასახელებს.
– კონკრეტულ ციფრს ახლა ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ათეული ადამიანის ჩვენება არსებობს. ძალიან კარგად იცით, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება ირაკლი ქორიძის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ეს არის სხვადასხვა წერილობოთი მტკიცებულებები, ეს არის გამოთხოვილი ინფორმაციები, რაც ერთობლიობაში ადასტურებს ქორიძისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებას. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ქორიძემ გაუწია ორგანიზება ამ დანაშაულს. მოწმეების ჩვენებებს ვერ მოვყვები და საქმის არსებით განხილვაში ვერ შევალ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ არის სასამართლოს ის ეტაპი, როდესაც ბრალდების მხარე ამას ახდენს. დაველოდოთ წინასასამართლო სხდომას, – განაცხდა ჩოჩიამ.
ქორიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 21 მაისს გაიმართება.

ინტერპრესნიუსი