პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ცნობით, მათი წევრები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი დააკავეს. თუმცა მათი დაკავების მიზეზი უცნობია
“რამდენიმე წუთის წინ, ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია, ბორკილებდადებული გამოიყვანეს მოდულის შენობის წინ მდებარე განყოფილებიდან, ჩასხეს მანქანაში და წაიყვანეს უცნობი მიმართულებით. ინფორმაცია, თუ სად მიყავთ, არ გვაქვს”- ნათქვამია „გირჩის“ Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა.
„პოლიციის ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, მ.ს. ნარკოტიკებს უკანონოდ ასაღებდა. სამართალდამცველებმა იგი, შესაბამისი საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე შეაჩერეს. პოლიციელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ წევრებმა, რომელთა ოფისიც შემთხვევის ადგილის მეზობლად აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა აღნიშნულ მოქალაქეებს არაერთხელ მოუწოდეს წესრიგის დაცვისკენ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. მ.ს. სამართალდამცველებმა პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით. „გირჩის“ წევრები დაედევნენ პოლიციელებს, აგრძელებდნენ მათთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლას და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის გამოც 1982 წელს დაბადებული ი.ხ. და 1972 წელს დაბადებული ვ.მ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
იმედინიუსი

