ყველაზე სიმპათიური ჟურნალისტი სანდრო კაჭახიძე მოდელ მარიამ მაისურაძეზე ქორწინდება – “მარიამთან შეტევაზე გადავედი და გავიმარჯვე კიდეც”

ყველაზე სიმპათიური ჟურნალისტი სანდრო კაჭახიძე მოდელ მარიამ მაისურაძეზე ქორწინდება – “მარიამთან შეტევაზე გადავედი და გავიმარჯვე კიდეც”26 წლის ტელეწამყვანი, სანდრო კაჭახიძე, ერთ-ერთი ინტერნეტგამოკითხვის მიხედვით, ყველაზე სიმპათიურ მამაკაც ჟურნალისტებს შორის მოხვდა. ის უკვე 4 წელია ტელეკომპანია “მაესტროს” ახალი ამბების წამყვანია და უწყვეტი პირდაპირი ეთერის ფორმატში მაყურებლებს ქვეყანასა და მსოფლიოში განვითარებულ ახალ ამბებს უყვება.

დატვირთული ჟურნალისტური საქმიანობის მიღმა სანდრომ პირადისთვისაც მოიცალა და მალე დაოჯახებას აპირებს. მისი რჩეული პროფესიით ასევე ჟურნალისტია და ამასთანავე ფოტომოდელი ნახლავთ – მარიამ მაისურაძე.

– სანდრო, პირველ რიგში, თქვენს სამუშაო რეჟიმზე მინდა, გკითხოთ. დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში პირდაპირ ეთერში უწყვეტად მუშაობთ. ძალიან რთული და შრომატევადი საქმე იქნება.

– რაც უნდა ვთქვა ჩემი პროფესიის სირთულეებზე, ფუჭი იქნება, რადგან ადამიანი, რომელსაც არასდროს უმუშავია ტელევიზიაში და კონკრეტულად ახალი ამბების რედაქციაში, ვერასდროს მიხვდება, ჟურნალისტებს რეალურად რასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, ჩემი პროფესია შრომატევადია, მოითხოვს, მუდამ ჩართული იყო ყველაფერში, იცოდე დროის ფასი, ასევე მოვლენათა განვითარების ქრონოლოგია, საჭიროა სიზუსტე, სისხარტე. ეს ყველაფერი კი ბევრ დროს მოითხოვს.

– ჟურნალისტობა თქვენი ბავშვობის ოცნება იყო?

– კი, ბავშვობიდანვე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ ჟურნალისტი, კონკრეტულად ახალი ამბების წამყვანი ვიქნებოდი. მაშინაც კი, როდესაც წარმოდგენაც არ მქონდა, რა იყო ტელევიზია, ვიცოდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს მაყურებელს ტელევიზორიდან ახალ ამბებს მოვუყვებოდი.

– რამ განაპირობა ასეთი ინტერესი და შემდეგ უკვე არჩევანი?

– ალბათ ბაბუამ, რომელიც, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 24 საათის განმავლობაში ახალ ამბებს უყურებდა. თუ ჩვენს სახლში ტელევიზორი ირთვებოდა, ისმოდა მხოლოდ ახალი ამბები და დღემდე ასეა.

– ეკრანზე ყოველთვის მობილიზებულს და, როგორც საინფორმაციოს წამყვანს შეეფერება, მკაცრს გხედავთ. როგორი ხართ კადრმიღმა, რეალურ ცხოვრებაში?

– საინფორმაციო გამოშვებას თავისი სტანდარტები აქვს, ითხოვს აკადემიურობას, გარკვეულ ჩარჩოებს აწესებს და წამყვანსაც თუ რეპორტიორსაც ამ ჩარჩოებში აქცევს. ამიტომ შეიძლება იფიქროს მაყურებელმა, რომ სანდრო კაჭახიძე მკაცრია, მაგრამ ასე არ არის. კადრმიღმა და ხანდახან კადრშიც ყველანი ძალიან მხიარულები ვართ.

– როგორც ვიცი, შეყვარებული გყავთ. მუდმივად პირდაპირ ეთერში ხართ და როგორ და სად მოასწარით შეყვარება?

– ამ შემთხვევაში ფორტუნა ჩვენს მხარეს იყო. როცა მე და მარიამმა ერთმანეთი გავიცანით, ერთ შენობაში ვმუშაობდით – ის ტელეკომპანია “იმედში”, მე – “მაესტროში”. ხშირად გვიწევდა დერეფნებში ერთმანეთის დანახვა და, ბუნებრივია, ჩემი ყურადღება მიიქცია. მალე შეტევაზეც გადავედი და რამდენიმე ხნის მერე გავიმარჯვე კიდეც.

– დაოჯახებასაც ხომ არ აპირებთ უახლოეს მომავალში?

– კონკრეტული თარიღი დანიშნული არ გვაქვს, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ეს ჩვენი გეგმებიდან ძალიან შორსაა. ერთად ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს, ვნახოთ, რა იქნება, ყველაფერი წინ არის.

– როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

– თავისუფალი დროის ფუფუნება არც ერთს გვაქვს. მარიამმა ჟურნალისტიკიდან ფინანსურ მარკეტინგში გადაინაცვლა და ახლა ჩემზე მეტადაა დაკავებული. სამუშაო დღეებში ერთმანეთისთვის ძალიან ცოტა დრო გვრჩება, მაგრამ თითქმის ყოველდღე ვახერხებ მის ნახვას, თუნდაც ერთი საათით მაინც.

რაც შეეხება შაბათ-კვირას, ამ არაჩვეულებრივ დღეებს ერთად ვატარებთ, რა თქმა უნდა, მეგობრებიც ჩვენ გვერდით არიან. დავდივართ ყველგან, სადამდეც მანქანა და ადამიანი მიდის.

– ცოტა ხნის წინ ყველაზე სიმპათიურ ტელეწამყვან მამაკაცებს შორის დაგასახელეს. როგორ ფიქრობთ, წამყვანისთვის ინტელექტი უფრო მნიშვნელოვანია თუ ვიზუალური მხარე?

– ვიზუალური მხარე ჩემთვის მეორეხარისხოვანია. ვფიქრობ, რომ მაყურებელს ინტელექტუალი ადამიანის მოსმენა მეტად სიამოვნებს. რა თქმა უნდა, კარგია, თუ ამას კარგი ვიზუალიც ერთვის.

– დაბოლოს, რას ურჩევდით დამწყებ ჟურნალისტებს?

– ჟურნალისტობა არამარტო ის არის, რაც ტელევიზორში ჩანს, ამის უკან ძალიან დიდი შრომაა, რომელსაც ბევრი ენერგია და მყარი ფსიქიკა სჭირდება. ასე რომ, დამწყებო ჟურნლისტებო, თუ აირჩევთ ამ სფეროს, დაისახეთ მიზნები და მათ მისაღწევად ძალ-ღონე არ დაიშუროთ.

ირაკლი ვაჩიბერაძე, ჟურნალი სარკე