ჟურნალ ”ლიბერალის” რედაქტორი ზურაბ ვარდიაშვილი ცემეს – თავდამსხმელებს ის სხვა ზურაბ ვარდიაშვილში აერიათ

ჟურნალ ”ლიბერალის” რედაქტორი ზურაბ ვარდიაშვილი ცემეს - თავდამსხმელებს ის სხვა ზურაბ ვარდიაშვილში აერიათჟურნალ “ლიბერალის” რედაქტორს ზურაბ ვარდიაშვილს შაბათს, 15 სექტემბერს, თავს დაესხნენ და სცემეს. ვარდიაშვილის თქმით, მას 5-7 კაციანი ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს.

ზურაბ ვარდიაშვილის თქმით, თავდამსხმელები მისი კუთვნილი მანქანით დაინტერესდნენ, რომელსაც ყიდის და მის სანახავად მიდიოდნენ. მათ შეხვედრა თბილისში, ვარკეთილში მდებარე ავტოსახელოსნოსთან დაუთქვა.

“როგორც ჩანს, ეს იყო ადგილსამყოფელის დადგენის მიზეზი. დათქმული დროიდან ნახევარი საათის შემდეგ შეხვედრის ადგილზე მაღალი სისწრაფით მომავალი ორი ჯიპი – ML და X5 გაჩერდა. იქიდან 5-6 ან 7 პირი გადმოვიდა და სიტყვის უთქმელად დამესხნენ თავს. ისინი მირტყამდნენ ძლიერად, თავსა და სახეში, ხმის ამოუღებლად, მხოლოდ ერთ ფრაზას მოვკარი ყური – „მოვიპაროთ ეს ჩემისა“, და ჩემი მანქანისკენ წათრევა სცადეს, თუმცა ამ დროს მეზობელი ავტოსამრეცხაოდან ხალხი გამოიქცა, და გონს რომ მოვედი, თავდამსხმელები უკვე გაქცეულები იყვნენ” – ამბობს ვარდიაშვილი.

პოლიციასა და სასწრაფოში თვითმხილველებმა დარეკეს. როგორც ვარდიაშვილი ამბობს, პოლიციაში მას ეკითხებოდნენ, ვინმეს ბიზნესს ხო არ შეხებია „ლიბერალი”, რაზეც ჟურნალის რედაქტორმა უთხრა, რომ გამოცემა ბევრ თემას აშუქებს, რის გამოც კონკრეტული მოტივის დადგენა უჭირს.

ზურაბ ვარდიაშვილის თქმით, ის გამოძიებამ მეორე დღესაც დაიბარა და უთხრა, რომ წინა დღეს მან იცრუა. კერძოდ, გამომძიებლებმა ვარდიაშვილს უთხრეს, რომ 14 სექტემბერს ისტ-პოინტში მდებარე მაღაზია „კარფურში“ იჩხუბა და ვიღაც პირებს სცემა. გამომძიებლის თქმით, ამ ინციდენტს მოჰყვა მასზე თავდასხმა. თუმცა ვარდიაშვილი ამბობს, რომ 14 სექტემბერს კარფურში არ ყოფილა, დედამისი კი თბილისში საერთოდ არ ცხოვრობს.

მოგვიანებით გამომძიებლებმა ზურაბ ვარდიაშვილს უთხრეს, რომ ის მართალია და თავდამსხმელებს შეცდომა მოუვიდათ, „კარფურში“ მართლაც მოხდა ჩხუბი, სადაც პირმა, ვინც თქვა, რომ ზურაბ ვარდიაშვილია, იჩხუბა, ხოლო თავდამსხმელებს შეეშალათ და იმ პირის ნაცვლად გაუსწორდნენ”, – წერს “ლიბერალი”.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმდებები და დანიშბულია ექსპერტიზები. ამასთან, შსს-ში ამბობენ, რომ მიმდინარეობს ყველა იმ ადამიანის დაკითხვა, მათ შორის იდენტიფიცირებული პირების, რომლებიც ამ თავდასხმას შეესწრნენ ან მასში მონაწილეობდნენ.

იმედინიუსი