გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში მომხდარ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა. საგზაო ინციდენტის შედეგად ასევე მძიმედ დაშავდნენ დაღუპულის მშობლები და 2 წლის და.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც სატრანსპორტო საშუალება მოცურდა, ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი გზიდან გადავარდა. 7 წლის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ოჯახის სამი წევრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანა.
კლინიკის მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის ცნობით, სამივე დაშავებულს მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება. 2 წლის გოგონას მენჯის ძვლის მოტეხილობა აქვს და არ გამოირიცხება, რომ მოგვიანებით ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო.
ადგილობრივი გამოცემის, „მთავარი ამბები კახეთიდან“ ინფორმაციით, შვილის გარდაცვალების შესახებ შეტყობის შემდეგ, მამამ კლინიკა საკუთარი მოთხოვნით დატოვა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

