ნინო ლომჯარია – ”მაია ოთინაშვილი რუსულ სამხედრო ბაზაზე ცემეს”

ნინო ლომჯარია - ”მაია ოთინაშვილი რუსულ სამხედრო ბაზაზე ცემეს”საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ოკუპანტების მიერ 37 წლის მაია ოთინაშვილის გატაცების ფაქტს ეხმიანება.

სპეციალური განცხადება ომბუდსმენის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ლომჯარია წერს, მას ცხინვალიდან ახალი ინფორმაცია აქვს.

“საოკუპაციო ხაზზე დაკავებულ მაია ოთინაშვილთან დაკავშირებით, ჩვენთვის ახალი გარემოებები გახდა ცნობილი. ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული ნაცემია. მათი განცხადებით, ცემა მოხდა ქარძმანში განლაგებულ რუსულ ბაზაზე. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულს ჰყავს ადვოკატი, მასაც არ მიეცა მაია ოთინაშვილის მონახულების საშუალება. ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული არ მოუნახულებია არც ერთ დამოუკიდებელ დამკვირვებელს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მათ ეჭვს,”- წერს ლომჯარია.

ცხელი ხაზით მიღებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს დე ფაქტო პროკურატურამ არა 2-თვიანი, არამედ 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღსანიშნავია, რომ მაია ოთინაშვილი ხურვალეთიდან უკვე მე-5 დაკავებული ქალია.

“სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, უმკაცრესად დააყენონ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლისა და თავისუფლების, თავისუფალი გადაადგილების უფლების დარღვევის ფაქტები; ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს – მოლაპარაკების დღის წესრიგში შეიტანონ დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის გაცვლის უფრო ეფექტიანი მექანიზმის შექმნა ან არსებული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზის მუშაობის გაფართოება და დახვეწა. ეს შეიძლება მოიცავდეს დაკავებულის პირდაპირ სატელეფონო კავშირს ოჯახთან, კონკრეტული პირებისათვის პატიმართა/დაკავებულთა მდგომარეობის, დაკავების პირობების შემოწმების მანდატის მინიჭებას, და ა.შ. ამის გარდა, უაღრესად მნიშვნელოვანია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს რესეთის ფედერაციისა და დე ფაქტო ხელისუფლებებმა მისცენ შეუფერხებელი და შეუზღუდავი დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე დახურულ დაწესებულებებში,”- წერია განცხადებაში.

იმედინიუსი