ანონიმური საჩივარი ია კერზაიას საქმეში – ბაჩანა შენგელია განცხადებას აქვეყნებს

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში ანონიმურ განცხადება-საჩივრის ნაწილს აქვეყნებს, რომლის საფუძველზეც გენინსპექცია ზუგდიდის მე-6-ე საჯარო სკოლაში შევიდა.

“ვაქვეყნებ იმ ანონიმური (რომელიც ამავდროულად არის გაყალბებული) განცხადება-საჩივრის ნაწილს, რომელიც არაერთი ადამიანის დანაშაულებრივი განზრახვის რეალიზებას დაედო ,,საფუძვლად”. როგორც ხედავთ მეოცე საუკუნის 30-იანი წლების ,,საუკეთესო პრაქტიკით” არის შესრულებული (ფორმა დაცულია).

აქედან დაიწყო სისხლის სამართლის დანაშაულების მთელი ჯაჭვი, რომელიც დიდი ალბათობით დღესაც გრძელდება. პირობას გაძლევთ, რომ ყველა ის პირი დაისჯება, რომელსაც მცირედი წვლილი მაინც მიუძღვის ამ საქმეში და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. იას სიცოცხლის გზა კი მომავალში აუცილებლად გადაარჩენს არაერთ ადამიანს და მათ ჯანმრთელობას ხელყოფისგან. ამ საქმის ობიექტური გამოძიება ნიშნავს, რომ მომავალში არავის არ გაუჩნდება ცდუნება ჩაიდინოს მსგავსი ტიპის დანაშაული და სკოლა გამოიყენოს პოლიტიკური თამაშების ადგილად.

გამოიძიე ღირსების საქმე!”, – წერს შენგელია.