ანტისაოკუპაციო მოძრაობის რამდენიმე წევრი კლინიკაში გადაიყვანეს – “ღორის გრიპის” შემთხვევა ატოცში

ანტისაოკუპაციო მოძრაობის რამდენიმე წევრი კლინიკაში გადაიყვანეს - "ღორის გრიპის" შემთხვევა ატოცშიH1N1 შტამის ვირუსის გავრცელების მასშტაბები და ფორმები კი უკვე საგანგაშო მასშტაბებს აღწევს. ე.წ. ღორის გრიპის გართულებული ფორმა დაუდგინდათ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს. ამის შესახებ “რუსთავი2” წერს.

ატოციდან, სადაც მოძრაობის წევრები საოკუპაციო ზოლს აკვირდებიან, 3 პირი კლინიკებში გადაიყვანეს. მათგან ერთი თბილისში, ერთ-ერთ ჰოსპიტალში მოათავსეს. მას ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1 ვირუსი აქვს. რაც შეეხება დანარჩენ ორს, ისინი ქარელის კლინიკაში მოათავსეს.

„ერთ-ერთს უკვე ზუსტად დაუდგინდა H1N1-ის ვირუსი, დანარჩენ ორსაც ანალოგიური სიმპტომატიკა აღენიშნება და მათი გადმოყვანა დავგეგმეთ თბილისში ქარელიდან. ეპიდემიასთან შეიძლება გვქონდეს საქმე თუმცა ჩვენი პატრულირება არ გაჩერდება,“-განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ”ძალა ერთობაშია” დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ.

პაციენტები ამ დროისთვის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. მათ მწვავე ბრონქიტის დიაგნოზი აქვთ.

„თვითონ აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთ მეგობარს რომელიც ამჟამად თბილისში აგრძელებს მკურნალობას, დაუდგინდა გრიპის ვირუსის დიაგნოზი ამიტომ შემდეგი მკურნალობის მიზნით თვითონაც რეფერალი განხორციელდება თბილისში,“-განაცხადა ირმა ყიფიანმა.

H1N1 ტიპის ვირუსის შემთხვევები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიზარდა. სპეციალისტების განცხადებით, მიზეზი სეზონური გრიპია. გაზრდილია სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამოძახებაც. კონკრეტულად გრიპის ვირუსთან დაკავშირებით დღე-ღამეში დაახლოებით, 400 ზარი ფიქსირდება, ხოლო გამოძახებების რაოდენობა 2 ათასამდე ადის.

სავარაუდოდ სწორედ ეს ვირუსი გახდა აჭარაში ქალბატონის გარდაცვალების მიზეზი. სპეციალისტები ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

mediamall.ge